ბაგრატის ტაძარში, სახურავიდან, რამდენიმე ადგილას წყალი ჩადის.
ფასადის ქვები სველია, კედლების ფრაგმენტები კი - ტენიანი.
ასევე, ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში დაგუბებული წყალი ტაძრის საძირკველამდე აღწევს.
იგივე პრობლემა იდგა 2017 წელს, რის გამოც, მაშინ, ფანჯრებს შორის დარჩენილი ღია ადგილები ამოლესეს და პრობლემა დროებით მოაგვარეს.
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, იოანეს თქმით, წყლის კვალი კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმაც ნახა.
მისი შეფასებით, ბაგრატის ტაძარში არსებული პრობლემა პროფესიონალი მშენებლების ნაკლებობას ნიშნავს.
"ქალბატონი თეა ბრძანდებოდა და ნახა წყლის კვალი და ჩვენც ვხედავთ. კიდევ კარგი, რომ ფრესკები არ არის. ეს ნიშნავს, რომ ნაკლებობა არის პროფესიონალი მშენებლების.
ძეგლთა დაცვის სააგენტო და კულტურის სამინისტრო მოამზადებს მშენებლებს და რესტავრატორებს, სერტიფიცირებული ხალხი იქნება. მხოლოდ ისინი დაიშვებიან მომავალში. შეცდომები ხდება, მაგრამ მთავარია, ამ შეცდომების გამოსწორება ხდება.
აქ დიდი არაფერია, უბრალოდ მინასთან გარედან, სარკმელთან უნდა ამოილესოს, დახრა უნდა ჰქონდეს სწორი, რომ წვიმის წყალი უკან არ ბრუნდებოდეს. იქ რთული არაფერია. რთულია უფრო გელათი".- თქვა მიტროპოლიტმა.
ბაგრატის ტაძარი Unesco-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში 1994 წელს შეიყვანა, 2017 წელს კი - ამოიღო. მიზეზად 2010 წელს ჩატარებული რეკონსტრუქცია დასახელდა.