logo
ENG

კოალიცია: აზარტული თამაშების კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას უარყოფითად ვაფასებთ

14 დეკ 202118:01
3 წუთის საკითხავი
clock 384
2021/12/14/scax1hecmus8dqh.jpg

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის უარყოფითად აფასებს პარლამენტის გადაწყვეტილებას დაჩქარებულად განიხილოს აზარტული თამაშების და მათი რეკლამების შემზღუდავი საკანონმდებლო პაკეტი.

კოალიციის შეფასებით, კანონპროექტში წარმოდგენილი არგუმენტაცია "უკიდურესად პრობლემური და არასაკმარისია", ამასთან, არ ირკვევა საკანონმდებლო პაკეტის სრულფასოვანი განხილვის გარეშე მიღების აუცილებლობა. კანონში შეტანილი ცვლილებები დაჩქარებული წესით მიღების შემთხვევაშიც კი 2022 წლის მარტიდან ამოქმედდება.

"აღნიშნული აძლიერებს ეჭვს, რომ საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით მიღების საჭიროება არ არსებობს და პარლამენტის რეალური მიზანი, სრულყოფილი და პროფესიული განხილვების თავიდან აცილებაა.

საგანგაშოდ მიგვაჩნია ის გარემოებაც, რომ "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების გავლენა მაუწყებლების შემოსავლებზე არ არის სათანადოდ შეფასებული. არსებობს რისკი, რომ კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვნად დააზარალებს მაუწყებლების ფინანსურ დამოუკიდებლობას. ამ საკითხის გამოკვლევა კანონპროექტის სრულფასოვანი განხილვის გარეშე წარმოუდგენელია.

კანონპროექტის მომზადების პროცესში არ არის მიღებული კონსულტაციები სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებებისგან, კანონპროექტს არ ერთვის დარგის ექსპერტების, მათ შორის, კომუნიკაციების კომისიის, სათანადო დასკვნები და შეფასებები", - ნათქვამია განცხადებაში.

რა იკრძალება ახალი რეგულაციებით?

კანონპროექტი, რომელიც ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის გახმოვანების შემდეგ მოამზადა, აზარტული თამაშების შეზღუდვას გულისხმობს. 

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, მიხედვით, 25-წლამდე ადამიანებს ყველა სახის აზარტული თამაშები აკერძალებათ, გარდა წამახალისებელი ლატარიებისა

ყველა საჯარო სამსახურში, მათ შორის, მარეგულირებელ ორგანოებსა და ეროვნულ ბანკში დასაქმებულ ადამიანებს აეკრძალებათ აზარტული თამაშები. ასევე, თამაში ეკრძალებათ სოციალურად დაუცველებს. შეიქმნება აკრძალულ პირთა სია. 

ასევე, იქმნება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სია და შეიქმნება მონაცემთა ბაზა. დამოკიდებულ პირთა სიაში ადამიანებს 5 წლით შეიყვანენ. 

იგეგმება, რომ დამოკიდებულთა და ასაკრძალი პირების სიების შესახებ კანონის მუხლები 2022 წლის მარტიდან ამოქმედდეს, თამაშის აკრძალვა კი ძალაში 2022 წლის 1-ლი იანვრიდან შევა. 

აკრძალვა არ ეხება სპორტულ ფსონებს. 

ასევე, იკრძალება აზარტული თამაშების რეკლამა, თუმცა, არის გამონაკლისების სია, რა შემთხვევვაშიც რეკლამა დაშვებულია, მაგალითად, კანონპროექტში წერია, რომ: 

  • რეკლამა იმ ვებგვერდზე განთავსებით ვრცელდება, რომელზედაც დაშვებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის მოწყობა; 
  • იქ, სადაც მიმდინაროებს სპორტული ღონისძიება, კომპანია კი არის სპონსორი; 
  • რეკლამა განთავსებულია საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილ აეროპორტის ტერიტორიაზე ან/და სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე;

კანონპროექტში წერია, რომ "დაუშვებელია აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის ორგანიზატორის, ლოტოს ორგანიზატორის და ბინგოს ორგანიზატორის შესახებ ინფორმაციის შემცველი ერთზე მეტი აბრის განთავსება და ასეთი აბრა 10 კვადრატულ მეტრს არ უნდა აღემატებოდეს". 

აღნიშნული რეკლამა იმ ვებგვერდზე განთავსებით ვრცელდება, რომელზედაც დაშვებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის მოწყობა;

  • რეკლამა ვრცელდება მხოლოდ აზარტული თამაშობის მოწყობის, ტოტალიზატორის მოწყობის, ლოტოს მოწყობის ან/და ბინგოს მოწყობის ობიექტის შიდა პერიმეტრზე.
  • ტელემაუწყებლობის დროს რეკლამა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ესა თუ ის სათამაშო ბიზნესი არის არხის ან გადაცემის სპონსორი. 

რეკლამის წესების დარღვევის შემთხვევაში ბიზნესი 10 000 ლარით დაჯარიმდება. 

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დღეს, 14 დეკემბერს დაჩქარებული წესით დაიწყო.


close დახურვა