ქართული ოცნების ლიდერები ოპოზიციის წარმომადგენლებთან საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილეს. შეხვედრის მონაწილეების დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მათ მოსაზრებები გაცვალეს.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის გაგრძელება და მათი დასრულება ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის ოპოზიციის ქმედებაზე.
"ამ ეტაპზე აბსოლუტურად ყველა თემა ღია ამ საკითხთან დაკავშირებით, ასეც შეიძლება, ისეც შეიძლება", - თქვა კობახიძემ.
30 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ამ ეტაპზე საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმირებას გულისხმობს, არ განიხილება.
საკონსტიტუციო კანონის პროექტის ინიცირება, რომელიც მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნების 2%-იანი ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებს, შარლ მიშელის შეთანხმებით არის გათვალისწინებული. ცვლილებები პარლამენტმა I მოსმენით უკვე მიიღო. თუმცა, როგორც კობახიძე ამბობს, ცვლილებების დამტკიცება "სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე იქნება დამოკიდებული".