ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და სხვა თემებთან ერთად, განიხილა ინიციატივა "ეროვნულ თანხმობაზე". მთავარ არხთან ინტერვიუში მარგველაშვილი, ასევე აღნიშნავს, რომ გეგმავს, შეხვდეს მიხეილ სააკაშვილსაც.
"შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. ვისაუბრეთ არაერთ საკითხზე, რის განხილვასაც ეთერში არ ვაპირებ. ბუნებრივია, მათ შორის, იმ მნიშვნელოვან პროცესზე, რომელიც დაიწყო ქალბატონმა სალომემ. ეს არის უაღრესად დროული და ადეკვატური პოზიცია ქალბატონი პრეზიდენტის, რომელიც დღეს მისი თაოსნობით იწყება.
აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილი მაქვს, შევხვდე საქართველოს მესამე პრეზიდენტს. დღეს ოფიციალურად მივმართავ შესაბამის უწყებებს", - თქვა მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს სახელით წარსდგა და თქვა, რომ პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად.
ამის შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წინასაახალწლო მიღებაზე პარტიებს "ეროვნული თანხმობის" მიღწევის მისი ხედვა გააცნო.
სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში არსებული სიტუაციის დახასიათებისას თქვა, რომ საზოგადოება "გადაღლილია", "ძალიან მძიმე მდგომარეობა" კი "გაუსაძლისია" ყველასთვის. მანვე დაამატა, რომ ამას ემატება კოვიდი, სოციალური პირობები, ეკონომიკური პირობები. მისი შეფასებით, ყველაფერი დაყოფილია, მათ შორის, ეკლესიაც.
თავის სიტყვაში მან განაცხადა, რომ შერიგების პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, წინაპირობების გარეშე და "ქართული". პრეზიდენტის აზრით, პარტნიორებს "პროცესის შიგნიდან გაგება არ აქვთ".
შეხვედრას ქართული ოცნებიდან ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და დავით სერგეენკო ესწრებოდნენ.
ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს გამოეხმაურა, რომ ბევრი წლის განმავლობაში პირველად მოისმინა "სიტუაციის ობიექტური და ძალიან ზუსტი დახასიათება". სააკაშვილი ამბობს, რომ მშვიდობიანი პროტესტის პარალელურად, მიესალმება დიალოგის შეთავაზებას.