logo
ENG



ზარქუა მარგველაშვილზე: უუფლებო ექსპრეზიდენტის გაკეთებული საქმე რა უნდა იყოს?

21 დეკ 202101:03
3 წუთის საკითხავი
 
ზარქუა მარგველაშვილზე: უუფლებო ექსპრეზიდენტის გაკეთებული საქმე რა უნდა იყოს?
ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა მიხეილ სააკშვილის მონახულებასთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ეხმაურება  და ამბობს, რომ "შეხვდნენ ერთმანეთს და რაზეც უნდა ისაუბრონ".   

ზარქუას თქმით, მარგველაშვილის მხრიდან მას "ქმედითი ნაბიჯი" არ ახსენდება.

"სიმართლე გითხრათ მარგველაშვილის რამე ქმედითი ნაბიჯი არ მახსენდება, იქნებ თქვენ შემახსენოთ. ოთხი წლის განმავლობაში მე დამამახსოვრდა იმით, რომ სულ ექიშპებოდა ჩვენს გუნდის წევრებს ან პრემიერმინისტრს ვინ წავიდოდა ვთქვათ, გაეროს სხდომებზე. იქნებ მე არ მახსოვს, შეგიძლიათ ერთი თემა შემახსენოთ, რომელიც მარგველაშვილმა დაასახელა, გაიტანა და ქვეყანას რაღაც სიკეთე მოუტანა, გახსოვთ? მე არ მახსენდება", - ამბობს ზარქუა პალიტრანიუსის ეთერში.

წამყვანმა მას უთხრა, რომ მარგველაშვილი პრეზიდენტობისას შეზღუდული უფლებებით სარგებლობდა და რისი გაკეთება შეეძლო, რაზეც ზარქუამ ასე უპასუხა:

თქვენ მეუბნებით, რომ პრეზიდენტი იყო და უფლება არ ჰქონდა ნორმალური ინიციატივა წარმოედგინა და გაყოლოდა და ახლა, უუფლებო ექსპრეზიდენტის გაკეთებული საქმე რა უნდა იყოს? შეხვედრა შეხვედრისთვის, ჩემი აზრით. შევუშვათ იქ, შევიდეს სააკაშვილთან, დაელაპარაკებიან, გამოცდილებას ეტყვიან", - ამბობს ზარქუა. 

ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილის მონახულების თხოვნით პენიტენციურ სამსახურს, თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა. იგი წერილში განმარტავს, რომ სურს მიხეილ სააკაშვილთან განიხილოს პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიცირებული "შერიგების პროცესი". 

მანამდე, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და სხვა თემებთან ერთად, განიხილა ინიციატივა "ეროვნულ თანხმობაზე".

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს სახელით წარსდგა და თქვა, რომ პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად.

ამის შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წინასაახალწლო მიღებაზე პარტიებს "ეროვნული თანხმობის" მიღწევის მისი ხედვა გააცნო.


close დახურვა