logo
ENG



ღუდუშაური პანსიონზე: სერიოზულად განსახილველია ომბუდსმენის მიერ დამზაფრავი თემების შემოტანა

24 დეკ 202112:36
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/24/r8m6yldrskia8m1.png

ნინოწმინდის პანსიონში არსებულ ვითარებაზე ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ქართული ოცნების დეპუტატს, ალუდა ღუდუშაურს კითხვები სახალხო დამცველის მიმართ უჩნდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

"სერიოზულ განხილვასა და განხილვას საჭიროებს ზოგადად სახალხო დამცველის მიერ, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ გამოცხადებული ქრონიკებივით ყოველკვირეულად, რაღაც ასეთი დამზაფრავი თემების შემოტანა თუ შემოგდება. არ ვიცი. მე ვისურვებდი და მთავარი სამიზნე უნდა იყოს არა ის, რომ ინფორმაცია გავავრცელოთ, რამაც შეიძლება ინტერესი დააზიანოს. მე ვისურვებდი, რომ საქმეზე ვიყოთ ორიენტირებულნი და ნებისმიერი ჩვენი ქმედება ან განზრახვა დავაფუძნოთ და სამიზნედ დავისახოთ შედეგის მიღება. მით უფრო ამ ყველაფერს, რაც ნინოწმინდის პანსიონს ეხება, იცით, რომ რამდენიმეწლიანი მონიტორინგის შედეგი იყო ის, რომ სახალხო დამცველს შესაძლებლობა ეძლეოდა, მანამდე დაკვირვების ქვეშ ყოფილიყო პანსიონი და რატომღაც გახდა იმ კონკრეტულ შემთხვევაში. კითხვა მიჩნდება რატომ გახდა მაინც და მაინც იმ კონკრეტულ შემთხვევაში. აქედან გამომდინარე ერთია, ანგარიშს აქვეყნებ და პოზიციას აყალიბებ და მეორეა, რა მიზანს ისახავს ეს", - განაცხადა ღუდუშაურმა.

22 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა. ომბუდსმენი მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ დაწესებულებაში წლების განმავლობაში მიმართავდნენ ბავშვების მიმართ წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან გათანაბრებულ მოქმედებებს. აღზრდის მეთოდებში ინტეგრირებული დასჯის ფორმები დამამცირებელი, ღირსების შემლახავი და მატრავმირებელი იყო არასრულწლოვნებისთვის.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ საგანგაშო და შემაშფოთებელია საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პანსიონის აღმზრდელები ბენეფიციარების მიმართ ძალადობის და წამებასთან გათანაბრებული მოპყრობის არაერთ ფორმას იყენებდნენ. როგორც ვკითხულობთ, ძალადობის სისტემატიურ ხასიათზე მიუთითებს სისხლის სამართლის საქმეების მასალებში არსებული გამოკითხვის მეთოდებიც.


close დახურვა