logo
ENG



ბათუმში საახალწლო კონცერტისთვის ანტივაქსერი ფირცხალავა 14 100 ლარს მიიღებს - "ფლანგვა"

24 დეკ 202114:14
3 წუთის საკითხავი
 
ბათუმში საახალწლო კონცერტისთვის ანტივაქსერი ფირცხალავა 14 100 ლარს მიიღებს - "ფლანგვა"

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 20-დან 31 დეკემბრის ჩათვლით ბათუმის ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 328 035 ლარი დაიხარჯება. მუსიკოსთა შორის ყველაზე მაღალ ჰონორარს - 14 100 ლარს, ირაკლი ფირცხალავა მიიღებს.

სრული თანხიდან 222 760 ლარი საორგანიზაციო სამუშაოებს, ჰონორარებს კი 105 275 ლარი მოხმარდება.

20-დან 26 დეკემბრამდე ევროპის მოედანზე გამართულ უწყვეტ კონცერტებში მონაწილეობას 39 შემსრულებელი მიიღებს. აღსანიშნავია, რომ მათ შორის ყველაზე დიდ ჰონორარს 14 100 ლარს, ქართული წარმომავლობის რუსეთში მოღვაწე მომღერალი, ირაკლი ფირცხალავა მიიღებს. ბათუმის მერიისგან ჰონორარის სახით დათო ევგენიძე - 11 000 ლარს, დანარჩენი 37 შემსრულებელი კი საშუალოდ 3 000 ლარს მიიღებს.

ცნობისთვის, ირაკლი ფირცხალავა რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ის საქართველოში ბოლო პერიოდში გამოჩნდა და არაერთი ანტივაქსერული შინაარსის განცხადება გააკეთა. ფირცხალავა მწვანე პასპორტების მოწინააღმდეგეთა გამართულ აქციაშიც მონაწილეობდა.

კონცერტების გარდა ევროპის მოედანზე ცეცხლოვანი შოუ, ილუზიონისტების, აკრობატებისა და ჯამბაზების წარმოდგენებიც ტარდება. 31 დეკემბერს კი დაგეგმილია გალა კონცერტი და ქალაქის 10 წერტილიდან ფეიერვერკების გაშვება.

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებებს ბათუმის მერიის არასამეწარმეო იურიდიული პირი - ა(ა)იპ ბათუმის კულტურის ცენტრი აორგანიზებს. აღსანიშნავია, რომ ბათუმის კულტურის ცენტრი 2022 წლის მუნიციპალური ბიუჯეტიდან 3 645 300 მილიონ ლარს მიიღებს, საიდანაც  2 393 700 ლარი შრომის ანაზღაურებებისთვისაა გამოყოფილი.


close დახურვა