კლუბ ბასიანის ერთერთი დამფუძნებელი ტატო გეთია ამბობს, რომ ბასიანი აპირებს, როგორც დღევანდელი ისე მომდევნო ღონისძიებების ჩატარებას. ტატო გეთიას თქმით, კლუბმა მას შემდეგ, რაც მიიღო შეთანხმება, რომ 17 დეკემბრიდან გახსნა შეეძლოთ, ხარჯები გაიღო, შესაბამისად მათ სხვა გზა აღარ აქვთ, გარდა იმისა, რომ გააგრძელონ მუშაობა.
"ჩვენ ვაპირებთ, სანამ მოგვეცემა საშუალება და სანამ რაღაც სხვა ხერხებს არ მიმართავს სახელმწიფო და რაღაც ბოროტმოქმედების გზებს არ აირჩევს, ჩვენ ვაპირებთ, რომ იმ პროცესში რაც გავიარეთ ორი წლის მანძილზე და რა შეთანხმებამდეც მივედით და ეს შეთანხმება იყო ის, რომ 17 დეკემბერს კლუბები იხსნება, ჩვენ შესაბამისად გავიღეთ ძალიან დიდი ხარჯები, რომ დაგვეკმაყოფილებინა ჩვენივე შექმნილი რეგულაციები, აქედან გამომდინარე ჩვენ სხვა გზა აღარ დაგვრჩა გარდა იმისა, რომ გავაგრძელოთ მუშაობა, როგორც იყო დაგეგმილი, შესაბამისად, ამ ეტაპზე ჩვენ ვაპირებთ დღევანდელი ღამის ჩატარებასაც და მომდევნო დაგეგმილი ივენთების ჩატარებასაც, თუმცა რა თქმა უნდა, საბოლოო ნაბიჯი არის სახელმწიფოზე, თუ რა მავნებლურ გზებს აირჩევენ ისინი." - ამბობს ბასიანის ერთერთი დამფუძნებელი ტატო გეთია.
BASSIANI-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოსთან კლუბების გახსნის ნაწილში 6 თვის განმავლობაში თანამშრომლობდნენ, თუმცა არც ერთმა უწყებამ მათ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა არ გაითვალისწინა.
მანამდე ორაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ შრომის ინსპექცია BASSIANI-ს ლუქავს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია სხვა კლუბების დალუქვის შესახებ.
საკოორდინაციო საბჭომ კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიიღო. საბჭოს წარმომადგენელმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ მიზეზი ომიკრონის შტამის გავრცელებაა.
17 დეკემბერს შრომის ინსპექციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღამის კლუბებში ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის. მანამდე კი ცნობილი იყო, რომ ღამის კლუბები მუშაობას 17 დეკემბერს განაახლებდნენ.
გუშინ, 23 დეკემბერს თბილისის სცენის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ წვეულებების გაუქმების მიზნით, შესაბამისმა უწყებებმა მეიჯარეებისგან მოითხოვეს, რომ თავად არ დაუშვან კლუბების გახსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენებენ სადამსჯელო ღონისძიებებს".
კლუბები აცხადებენ რომ ეს არის ცალსახად შანტაჟისა და მუქარის, დაშინებისა და რეპრესიის გზა, რომელიც ხელისუფლებამ აირჩია.
22 დეკემბერს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის წარმომადგენელმა, დავით ლეჟავამ ფორმულას ეთერში თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლების განცხადება წაიკითხა და თქვა, რომ კლუბები მუშაობას იმ პროტოკოლის მიხედვით გააგრძელებენ, რომელიც მათ შესაბამის უწყებებთან შეიმუშავეს.
"მიუხედავად დაშინებისა, რომ ჩვენს წინააღმდეგ გამოყენებული იქნება ფინანსური სანქციები და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის უკლებლივ ყველა წარმომადგენელმა მივიღეთ ერთიანი გადაწყვეტილება, თბილისის კლუბები გააგრძელებენ მუშაობას იმ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით, რომელიც შეთანხმებულია შესაბამის უწყებებთან, რომლის შესაქმნელად ბევრი ვიშრომეთ და ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ სფეროს დამატებით უზარმაზარი ფინანსური ხარჯის გაწევა მოგვიწია", - აღნიშნულია განცხადებაში.
რამდენიმე თვეა, საკლუბო ინდუსტრია გახსნასთან დაკავშირებით მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მძიმე ფინანსური პრობლემები აქვთ და გახსნა აუცილებელია.