logo
ENG



UN ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიოს სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების ინიციატივა

27 დეკ 202115:31
3 წუთის საკითხავი
 

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ჟენევის ოფისი სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ღრმად შემაშფოთებელს უწოდებს და ინიციატორებს მისი გაწვევისკენ მოუწოდებს. 

"გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს პარლამენტის ინიციატივაზე, გააუქმოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელსაც აქვს გადამწყვეტი როლი წამების პრევენციისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით. მოვუწოდებთ ინიციტორებს, გაიწვიონ წინადადება და უზრუნველყონ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმების დამოუკიდებლობა". - ნათქვამია განცხადებაში. 

25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის ინიციატივით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება

მას ორი უწყება ჩაანაცვლებს - სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც სამოხელეო დანაშაულებს გამოიძიებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის, ასევე, ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ექნება. 

ლონდა თოლორაიამ, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ხელმძღვანელობს, ამის შესახებ მედიიდან გაიგო. 

მისი შეფასებით, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არის "მისი დასჯა დამოუკიდებლობის გამო". 

არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული ოცნების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ დაგეგმილი "თავდასხმის, ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და ნდობის რღვევის გამო" უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ.


close დახურვა