logo
ENG



ლილუაშვილი სუს-ის ფაილებზე: ტელევიზიებმა შტურმი მოაწყვეს ჩვენი სამსახურის მისამართით

29 დეკ 202123:16
3 წუთის საკითხავი
clock 873
ლილუაშვილი სუს-ის ფაილებზე: ტელევიზიებმა შტურმი მოაწყვეს ჩვენი სამსახურის მისამართით
საქართველოს მთავრობა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი სუს-იდან გავრცელებულ ფაილებზე ამბობს, რომ ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია და ტელევიზიებს სუს-ის მისამართით "შტურმის მოწყობაში" ადანაშაულებს. ამაზე მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"მე არ მინდა წინ გავუსწრო გამოძიებას და ჩემი ვერსიები შევთავაზო, თუმცა ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, რომლის მიზანი ყველამ ვიხილეთ ცოტა ხანში - აჟიტირებული მედია საშუალებები, გადაინაწილეს იქ არსებული შინაარსობრივი მიმართულებები და ამ ტელევიზიებმა პირდაპირი შტურმი მოაწვყეს ჩვენი სამსახურის მისამართით. მიზანი იყო დაპირისპირების ჩამოგდება ჩვენს სამსახურს, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, ჩვენს სამსახუ​რსა და დიპლომატებს შორის, თუმცა, საბედნიეროდ, ეს არ გამოუვიდათ, მიზანს ვერ მიაღწიეს", - თქვა მან.

მისივე მტკიცებით, სუს-ი ფარულ მიყურადებას "კანონიერ საფუძველზე" აწარმოებს.

"სუს-ი აწარმოებს ფარულ მიყურადებას კანონიერ საფუძველზე. გინახავთ სადმე სპეცსამსახური ან სამართალდამცავი უწყება, რომლის ხელშიც არის გამოძიება, რომელიც არ აწარმოებს ფარულ მიყურადებას? თუმცა ეს უნდა ხდებოდეს კანონიერ საფუძველზე და იმ წესების დაცვით, რასაც კანონმდებლობა აწესებს", - ამბობს ის. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა 13 სექტემბერს გაჟონა.

ფაილებში არის პირადი ინფორმაცია სინოდის წევრებზე, პატრიარქის მოსაყდრეზე, მღვდელმთავრებზე, პატრიარქის თანაშემწეებზე, ეპისკოპოსებზე, მონაზვნებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს.

ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებს, ასევე, ელჩებს და საელჩოების თანამშრომლებს. 

ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება. 

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ფაილებში ფიგურირებს. 

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.

სუს-ის ფაილების საქმეზე გამოიკითხნენ მედიის წარომადგენლები, მათ შორის ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე და ჟურნალისტები, ქეთი ნადიბაიძე და მარტა ქურასბედიანი.

ასევე, ტვ პირველის ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია და მთავარი არხის ხელმძღვანელი, ნიკა გვარამია.  პროკურატურა შევიდა On.ge-შიც და მასალები მოითხოვა. 


close დახურვა