logo
ENG



ელისაშვილი: პატიმარი რომ ციხეში გადაიყვანეს, ამაში რა არის განსაკუთრებული და უცნაური?

30 დეკ 202111:14
3 წუთის საკითხავი
clock 1055
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ამაში არაფერია უცნაური.

"პატიმარი რომ ციხეში გადაიყვანეს, ამაში რა არის განსაკუთრებული და უცნაური, ხომ? პატიმარი არის ციხეში. მე თვითონაც ვიყავი აღშფოთებული, როდესაც შიმშილობდა და არ გადაჰყავდათ იქ, სადაც უნდა გადაეყვანათ - საავადმყოფოში. მაგრამ პატიმარს რომ აბრუნებენ ციხეში, ამაში რა არის განსაკუთრებული, არ ვიცი. ჩვეულებრივი ამბავია. ვერანაირი განადგურების მცდელობას ვერ ვხედავ. პატიმარი გადაიყვანეს ციხეში, რომელმაც იმკურნალა და აღარაა მძიმე მდგომარეობაში", - თქვა ელისაშვილმა.

ადვოკატების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი გვიან ღამით გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. ამ დრომდე სახელმწიფო უწყებებს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

როგორც დღის განმავლობაში ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები და თანაპარტიელები ამბობდნენ, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

მიხეილ სააკაშვილი ომბუდსმენის წარმომადგენელმა მოინახულა. გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ საბა ბრაჭველმა თქვა, რომ 27 დეკემბერს სააკაშვილის ახალ დიაგნოზი დაუსვეს. მან დიაგნოზი არ გაახმაურა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატს სურს, რომ მისი კონსილიუმის წევრებმაც შეაფასონ პაციენტის მდგომარეობა და დადონ დასკვნა პაციენტის საჭიროებების შესახებ.

27 დეკემბერს ღამით ცნობილი გახდა, რომ გორის ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას აპირებდნენ.

პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ სამედიცინო პერსონალმა სააკაშვილის კლინიკიდან გაწერის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა აღელვების ფონზე ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, რის გამოც გადაყვანის ღონისძიება დროებით გადავადდა.

სააკაშვილი ამბობს, რომ მის ციხეში გადაყვანას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ.

19 ნოემბერს 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მისი რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. ​


close დახურვა