logo
ENG



საძაგლიშვილი: არ გვაქვს შესაძლებლობა პერსონალური კომუნიკაციის, რაც საუბრის ჩაწერას ნიშნავს

31 დეკ 202120:33
3 წუთის საკითხავი
 
საძაგლიშვილი: არ გვაქვს შესაძლებლობა პერსონალური კომუნიკაციის, რაც საუბრის ჩაწერას ნიშნავს
ვახო ქარელი/ფორმულა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ კონსილიუმის წევრებს მიხეილ სააკაშვილის ნახვის და მის ჯანმრთელობაზე მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა მიეცემათ.

"პასუხისმგებელი არის რუსთავის მე-12 დაწესებულების დირექტორი, ზურაბ მოდებაძე, იმაში, რომ ჩვენ არ გვეძლევა კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობა კომუნიკაციის. კერძოდ ჩვენს შორის არის ბარიერი და პერსონალური კომუნიკაცია არ გვაქვს. ეს ბუნებრივია ნიშნავს იმას, რომ ყველა ის სიტყვა, რაც ნათქვამი იქნება, იქნება ჩაწერილი და შეიძლება იყოს გაჟღერილი, რაც აქამდე არა ერთხელ ყოფილა სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან", - განაცხადა საძაგლიშვილმა, მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა. 

მანამდე სააკაშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს, ამ დრომდე არ აძლევენ პაციენტის მონახულების უფლებას.

***

შეგახსენებთ, რომ 30 დეკემბერს, გვიან ღამით, მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. 

29 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილი ომბუდსმენის წარმომადგენელმა მოინახულა. გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ საბა ბრაჭველმა თქვა, რომ 27 დეკემბერს სააკაშვილის ახალ დიაგნოზი დაუსვეს. მან დიაგნოზი არ გაახმაურა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატს სურს, რომ მისი კონსილიუმის წევრებმაც შეაფასონ პაციენტის მდგომარეობა და დადონ დასკვნა პაციენტის საჭიროებების შესახებ.

27 დეკემბერს ღამით ცნობილი გახდა, რომ გორის ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას აპირებდნენ.

პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ სამედიცინო პერსონალმა სააკაშვილის კლინიკიდან გაწერის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა აღელვების ფონზე ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, რის გამოც გადაყვანის ღონისძიება დროებით გადავადდა.

სააკაშვილი ამბობს, რომ მის ციხეში გადაყვანას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ.

19 ნოემბერს 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მისი რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. ​

 


close დახურვა