ბადრი ჯაფარიძის თქმით, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, რადგან მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ და მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობა არ მიესაჯათ დღევანდელ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.
ჯაფარიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება პროკურატურის თაღლითობის გაგრძელებაა, რადგან ფულის გათეთრების დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს.
„ახლა რაც მოსამართლემ გამოაცხადა, მან შეცალა ის მუხლი, ფულის გათეთრების მოახდინა მისი გადაკვალიფიცირება იმ მუხლით, რომელზეც ვრცელდება ხანდაზმულობა და გაგვათავისუფლა ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან. თუმცა ძველი მუხლით მოგვისაჯა 7 წელი, მაგრამ რადგან ხანდაზმულობა ვრცელდება, შესაბამისად გაგვათავისუფლა პასუხისმგებლობისგან.
მაგრამ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, იმიტომ რომ არ ვეთანხმებით. არანაირი დანაშაული არ მომხდარა, არანაირი დანაშაულის ნიშანწყალი არ არსებობს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ
ბადრი ჯაფარიძემ დღევანდელ ბრიფინგზე საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით ბრძოლა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტიტუტის გადასარჩენად წარმატებით დასრულდა.
***
შეგახსენებთ, რომ 3-წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა, დამნაშავედ სცნო და სამივეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, დანაშაულის ხანდაზმულობის გამო მათ არ დააპატიმრებენ.
ამასთან, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს გაუუქმდათ შეფარდებული გირაო, ქონებაზე დადებული ყადაღა და საზღვრის კვეთის აკრძალვა. გადაწყვეტილება 12 იანვარს, 11:00 საათზე გამოცხადდა.
TBC ბანკის დამფუძნებლების და ყოფილი ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2008 წელს გაკეთებული ტრანზაქციის საქმეზე პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი ბრალი წარუდგინა მათ. მათ 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას (ფულის გათეთრებას) ედავება.
ავთანდილ წერეთელს კი პროკურატურა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებაში ადანაშაულებდა.
აღსანიშნავია, რომ ამ საქმეზე სებ-მა TBC ბანკი 2008 წელს დააჯარიმა, რაც ბანკს სასამართლოში ჰქონდა გასაჩივრებული.
ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ, ვინაიდან, მათი განცხადებით, საქმეს დაზარალებული არ ჰყავს. მათი შეფასებით, სისხლისსამართლებრივი დევნის მიზეზი პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული.