logo
ENG



ჯოკოვიჩმა საიმიგრაციო დოკუმენტებში შეცდომა და კოვიდრეგულაციების დარღვევა აღიარა

12 იან 202213:37
3 წუთის საკითხავი
clock 584
ჯოკოვიჩმა საიმიგრაციო დოკუმენტებში შეცდომა და კოვიდრეგულაციების დარღვევა აღიარა

ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი აღიარებს, რომ მისი საიმიგრაციო ფორმა შეცდომით იყო შევსებული და დეკემბერში კორონავირუსით განსაზღვრული რეგულაციები დაარღვია. 

ჯოკოვიჩის თქმით, დეკემბერში სპორტული გამოცემა L'equipe-ის ჟურნალისტს ინტერვიუსთვის მას შემდეგ შეხვდა, რაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მან განცხადება ინსტაგრამზე გააკეთა და მიზეზად მის გარშემო გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გაქარწყლება დაასახელა.

„მე დავესწარი კალათბურთის მატჩს ბელგრადში 14 დეკემბერს, რომლის შემდეგაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ დამსწრეთა ნაწილს კორონავირუსი დაუდასტურდა. მიუხედავად იმისა, რომ არ მქონდა ვირუსის სიმპტომები 16 დეკემბერს გავიკეთე ანტიგენის სწრაფი ტესტი, რომელზე პასუხიც უარყოფითი იყო და დამატებითი სიფრთხილის მიზნით, იმავე დღეს გავიკეთე ოფიციალური PCR ტესტი.

შემდეგ დღეს, მე დავესწარი ჩოგბურთის ღონისძიებას ბელგრადში, რათა  ბავშვები დამეჯილდოებინა და ღონისძიებაზე წასვლამდე გავიკეთე ანტიგენის სწრაფი ტესტი. მისი პასუხი უარყოფითი იყო.

მე არ მქონდა ვირუსის სიმპტომები და თავს კარგად ვგრძნობდი, PCR ტესტის დადებითი პასუხის შეტყობინება ამ ღონისძიების დამთავრების შემდეგ მივიღე.

შემდეგ დღეს, 18 დეკემბერს მე ვიყავი ბელგრადში, ჩემი ჩოგბურთის ცენტრში, რათა შემესრულებინა დიდი ხნის დაპირება: მიმეცა ინტერვიუ L'equipe -სთვის და გადამეღო ფოტოები. მე ყველა სხვა გეგმა გავაუქმე გარდა ამ ინტერვიუსი.

მე თავს ვალდებულად ვგრძნობდი, რომ ჩამეტარებინა ინტერვიუ L'equipe-თან, ვინაიდან არ მინდოდა იმედი გამეცრუებინა ჟურნალისტისთვის. თუმცა მე ვიცავდი სოციალურ დისტანციას და მეკეთა პირბადე, იმ მომენტის გარდა, როცა ფოტო გადამიღეს.

მიუხედავად იმისა, რომ ინტერვიუს შემდეგ სახლში წავედი და განსაზღვრული დროით თვითიზოლაცია დავიწყე, ახლა ვიაზრებ, რომ ეს იყო არასწორი გადაწყვეტილება და უნდა გადამევადებინა ეს შეხვედრა“, - განაცხადა ნოვაკ ჯოკოვიჩმა.

ჩოგბურთელმა ასევე აღიარა, რომ მან ავსტრალიაში შესვლამდე მოგზაურობის შესახებ ფორმაში არასწორი ინფორმაცია მიუთითა.

ჯოკოვიჩის თქმით, მისმა წარმომადგენელმა შეცდომა ფორმის იმ ნაწილში დაუშვა, რომელიც მისი მოგზაურობის ისტორიას ეხებოდა. 

მითითებული ინფორმაციის თანახმად, ჯოკოვიჩს ავსტრალიაში შესვლამდე 14 დღით ადრე არ უმოგზაურია. თუმცა უახლესი ანგარიშების მიხედვით ავსტრალიამდე ის ჯერ სერბეთში, შემდეგ კი ესპანეთში იმყოფებოდა.

„ჩემი წარმომადგენელი იხდის გულწრფელ ბოდიშს ადმინისტრაციული შეცდომის გამო - მან არასწორი გრაფა მონიშნა. ეს ადამიანური შეცდომა იყო და ნამდვილად არ ყოფილა მიზანმიმართული.

ჩემმა გუნდმა, ამ საკითხის გასარკვევად დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა ავსტრალიის ხელისუფლებას", - წერს ნოვაკ ჯოკოვიჩი.

მსოფლიოს N1 ჩოგანი იმედოვნებს, რომ მომავალ კვირაში ავსტრალიის გახსნაზე თამაშს შეძლებს.

***

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს N1 ჩოგანი, რომელიც კორონავირუსზე აცრაზე უარს აცხადებს, მელბურნის აეროპორტში 5 იანვარს დააკავეს და საიმიგრაციო სასტუმროში გადაიყვანეს. 

ჯოკოვიჩის ადვოკატებმა ხელისუფლების გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და ვიზის შეჩერებას დაუსაბუთებელი უწოდეს.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის მთავრობას სასამართლო დავა მოუგო - მოსამართლის გადაწყვეტილებით, ავსტრალიის ხელისუფლებას დაევალა ნოვაკ ჯოკოვიჩის გათავისუფლება, ქვეყანაში შეშვება და ყველა ხარჯის ანაზღაურება. 

საქმე ავსტრალიის ხელისუფლების მიერ ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ქვეყანაში აუცრელობის გამო ვიზის შეჩერებას და ქვეყანაში შესვლის აკრძალვას ეხებოდა. 


close დახურვა