logo
ENG



თუ არ აიცრება, ჯოკოვიჩს საფრანგეთის ღია პირველობაზე არ დაუშვებენ

17 იან 202215:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/17/l4z77qu9narqz0p.jpg

საფრანგეთის სპორტის მინისტრის თქმით, ჩოგბოურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩს, იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსის ვაქცინით არ აიცრება, არც საფრანგეთის ღია პირველობის ტურნირზე დაუშვებენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

საფრანგეთის სპორტის მინისტრის თქმით, საფრანგეთის ახალი კანონი, რომ ტურნირებზე მხოლოდ ვაქცინირებულები დაიშვებიან, მოქმედებს როგორც მაყურებლებზე, ისე მოთამაშეებზე. მინისტრის თქმით ჯოკოვიჩისთვის გამონაკლისს არ დაუშვებენ.

მინისტრი ამბობს, რომ როლან გაროსი, რომელიც ოთხი დიდი სლემიდან ერთ-ერთია, მაისში იმართება და ის იმედოვნებს, რომ იქამდე სიტუაცია შეიცვლება.

შეგახსენებთ, რომ კვირას  მსოფლიოს N1 ჩოგანს ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის დატოვება მოუწია, ის ავსტრალიის დიდ სლემამდე დაადეპორტეს, რადგან აცრილი არ იყო.

ჯოკოვიჩი, რომელიც კორონავირუსზე აცრაზე უარს აცხადებს, მელბურნის აეროპორტში 5 იანვარს დააკავეს და საიმიგრაციო სასტუმროში გადაიყვანეს.  

საქმე ავსტრალიის ხელისუფლების მიერ ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ქვეყანაში აუცრელობის გამო ვიზის შეჩერებას და ქვეყანაში შესვლის აკრძალვას ეხებოდა. 

12 იანვარს კი ჩოგბურთელმა აღიარა, რომ მისი საიმიგრაციო ფორმა შეცდომით იყო შევსებული და დეკემბერში კორონავირუსით განსაზღვრული რეგულაციები დაარღვია. 

ჯოკოვიჩის თქმით, დეკემბერში სპორტული გამოცემა L'equipe-ის ჟურნალისტს ინტერვიუსთვის მას შემდეგ შეხვდა, რაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მან განცხადება ინსტაგრამზე გააკეთა და მიზეზად მის გარშემო გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გაქარწყლება დაასახელა.

ჯოკოვიჩმა ასევე აღიარა, რომ მან ავსტრალიაში შესვლამდე მოგზაურობის შესახებ ფორმაში არასწორი ინფორმაცია მიუთითა.

ჯოკოვიჩის თქმით, მისმა წარმომადგენელმა შეცდომა ფორმის იმ ნაწილში დაუშვა, რომელიც მისი მოგზაურობის ისტორიას ეხებოდა. 

მითითებული ინფორმაციის თანახმად, ჯოკოვიჩს ავსტრალიაში შესვლამდე 14 დღით ადრე არ უმოგზაურია. თუმცა უახლესი ანგარიშების მიხედვით ავსტრალიამდე ის ჯერ სერბეთში, შემდეგ კი ესპანეთში იმყოფებოდა.


close დახურვა