logo
ENG



სააკაშვილის ადვოკატები პროკურატურისგან ყოფილი პრეზიდენტის დაზარალებულად ცნობას მოითხოვენ

18 იან 202215:40
3 წუთის საკითხავი
clock 1268

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები საქართველოს პროკურატურისგან ყოფილი პრეზიდენტისადმი არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის გამო  დაზარალებულად ცნობას ითხოვენ.

განცხადება სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გააკეთა. მისი თქმით, დაზარალებულის სტატუსის მიღების შემთხვევაში სააკაშვილის ადვოკატებს ექნებათ სრული წვდომა გამოძიებაში არსებულ მასალებზე, მათ შორის სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის ამსახველ ვიდეოზეც.

თუმცა გვარამიამ ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების ილუზია არ აქვს, ამიტომ მან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სთხოვა გაესაჯაროებინა მიხეილ სააკაშვილის არაადამიანური მოპყრობის ამსახველი სრული ვიდეომასალა და განაცხადა, რომ მასალის საჯაროობაზე თანახმაა თავად პატიმრობაში მყოფი სააკაშვილიც.

გვარამიამ სახალხო დამცველსა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსაც მოუწოდა საჯაროდ დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

„ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით გენერალური პროკურატურის წინ იმისთვის რომ შევიტანოთ განცხადება, მოთხოვნა პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობს თაობაზე, როგორც არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლის.

პირველ რიგში, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სრული წვდომა გვქონდეს ყველა მასალაზე იმ უწყებაში, რომელიც გამოძიებას აწარმოებს ამ საკითხზე, ეს არის სახელმწიფო ინსპექტორი. ჩვენ სახელმწიფო ინსპექტორთან გვაქვს გაცვლა-გამოცვლა მასალების, თუმცა არსებობს მასალები, რომლებზეც ხელი არ მიგვიწვდება. პირველ რიგში ეს არის აი ამ არაჰუმანური და არაადამიანური მოპყრობის, წამების ამსახველი მთელი ვიდეო მასალა: სრული მარშრუტი, ჩასმა, გადმოყვანა, გზის მარშრუტი, გზაში რა ხდებოდა და ასე შემდეგ.

ასევე მოვუწოდებ სახელმწიფო ინსპექტორს და სახალხო დამცველს აღნიშნულთან დაკავშირებით დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, სასურველი იქნება საჯაროდ.

ამას გარდა, ჩვენ არ გვაქვს დიდი ილუზია რომ დაზარალებულად ვიქნებით ცნობილი ამ საქმეზე, შესაბამისად სახელმწიფო ინსპექტორს მოვუწოდებთ გამოაქვეყნოს მის ხელთ არსებული ვიდეომასალა, რადგან ამასთან დაკავშირებით დაზარალებული სააკაშვილის თანხმობა არსებობს. პირიქით ის ასევე მოუწოდებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მოხდეს აღნიშნული მასალის გამოქვეყნება“,  - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გარდა ამისა, სააკაშვილის ადვოკატები ითხოვენ შეიქმნას პარიტეტული კომისია, რომელიც გამოიკვლევს და დაადგენს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და იმ ზიანს, რომელიც მას, მათი თქმით, არაადამიანური მოპყრობის შედეგად მიადგა. ადვოკატების მოთხოვნაა, რომ კომისიაში მონაწილეობას ხელისუფლების დანიშნული ექსპერტების გარდა ცენტრი ემპათიაც იღებდეს.

„ჩვენ ვითხოვთ საექსპერტო კვლევას და ვითხოვთ მხოლოდ ერთადერთი ფორმატით, ამ კვლევას ვერ ჩაატარებს მხოლოდ სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულება. იმ თავითვე ჩვენ ვთქვით, რომ ეს უნდა იყოს პარიტეტულ საფუძველზე შედგენილი კომისია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, არამედ კომისიური სახით ჩატარებული სრული სამედიცინო ექსპერტიზა, რაც სრულ სომატურ გამოკვლევას გულისხმობს თავიდან ბოლომდე, განსაკუთრებით ნევროლოგიურს და ასევე ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიურს.

ჩვენ ვაპირებთ ჩვენი მხრიდან ექსპერტების დანიშვნას და ეს იქნება ცენტრი ემპათია და დანიშნოს სახელმწიფომაც თავისი ექსპერტები. ეს იქნება პარიტეტული ექსპერტიზა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არ მივიღებთ სახელმწიფოს მართული საექსპერტო ბიუროს ექსპერტიზაში მონაწილეობას“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის თქმით, სააკაშვილის ნევროლოგიური მდგომარეობა მძიმეა და ექსპერტების ნაწილი ისეთ შეუქცევადი პროცესებზე საუბრობს, რომელთა გავლენით მისი ნევროლოგიური სტატუსი ვერ დაუბრუნდება წამებამდე მდგომარეობას.

აქედან გამომდინარე, ექსპერტთა კომისიის შესახებ გადაწყვეტილება, ნიკა გვარამიას თქმით, პროკურატურამ და ინსპექტორის სამსახურმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ. ადვოკატმა ისიც აღნიშნა, რომ აუცილებელი მოთხოვნაა, შექმნილი კომისია წამების შესახებ ფატების დადგენისას ეყრდნობოდეს სტამბულის პროტოკოლს -  
წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის ეფექტური გამოძიებისა და დოკუმენტირების სახელმძღვანელოს.


close დახურვა