ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი არეულობის შემდეგ პირველ ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, "ელიტაში კონფლიქტი არაა" და ყაზახეთის დედაქალაქში "დამსახურებულა ისვენებს".
საწვავზე ფასის ზრდის გამო ყაზახეთში საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელიც მოგვიანებით ფართომასშტაბიან დემონსტრაციებში გადაიზარდა. პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ ტოყაევმა დახმარებისთვის კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ქვეყნებს მიმართა, რის შედეგადაც ყაზახეთში რუსეთმა და სხვა ქვეყნებმა "მშვიდობისმყოფელების კონტინგენტი" გააგზავნეს.
დემონსტრანტების ერთ-ერთი მოთხოვნა, არსებული ხელისუფლების გადადგომა იყო, რომელიც, მათი აზრით, კვლავ ნაზარბაევის მიერ იყო მართული. ნაზარბაევის მმართველობის დროს და მისი გადადგომის შემდეგაც ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრები და ნათესავები მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ.
აქციების დაწყებიდან მალევე ტოყაევმა უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ნაზარბაევი ჩაანაცვლა. ამ დრომდე ნაზარბაევის ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობი იყო. ვრცელდებოდა ხმები, რომ მან ოჯახთან ერთად ქვეყანა დატოვა, რაც მისმა პრესსამსახურმა უარყო.
"ჩემს მიმართ არაერთი კითხვის პასუხად და მედიაში გავრცელებულ პუბლიკაციებთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ 2019 წელს პრეზიდენტის უფლებამოსილება გადავეცი ყასიმ ჟომართ ტოყაევს და მას შემდეგ ვარ პენსიონერი. ამჟამად დამსახურებულად ვისვენებ ყაზახეთის დედაქალაქში და არსად წავსულვარ.
პრეზიდენტი ყასიმ ჟომართ ტოყაევი სრულ ძალაუფლებას ფლობს. ის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარეა. მალე პარტია ნურ ოტანის თავმჯდომარედაც აირჩევენ. ამიტომაც ელიტაში არავითარი კონფლიქტი ან დაპირისპირება არაა. ჭორები ამის თაობაზე აბსოლუტურად უსაფუძვლოა", - განაცხადა ნაზარბაევმა ვიდეომიმართვის დროს.