logo
ENG



დეგნანი: თუ ეს გაუქმება არაა, რა საჭირო იყო სახელმწიფო ინსპექტორის გათავისუფლება?

18 იან 202217:21
3 წუთის საკითხავი
clock 469
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი ინსტიტუტია და მასთან დაკავშირებული ცვლილებები სიფრთხილეს საჭიროებს. 

ელჩი მიიჩნევს, რომ ინსპექტორის აპარატის გაუქმებამდე, მხარეებთან კონსულტაცია მნიშვნელოვანი იქნებოდა.

"როდესაც გაქვს ისეთი მნიშვნელოვანი რამ, როგორიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურია, დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს მოქალაქეების, ადამიანთა უფლებების დასაცავად, განსაკუთრებთ ფრთხილად უნდა იყო, თუ მის ცვლილებას აპირებ.

მნიშვნელოვანია მხარეებთან კონსულტაცია. თუ გსურს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, 6-წლიანი ვადის მქონე ინსპექტორის გათავისუფლება, უნდა დარწმუნდე მაინც, რომ ხალხი ამას გაიგებს და საჭიროება კარგად იქნება ახსნილი. არსებობს აზრი, რომ ეს გაუქმება არაა. თუ ეს ასეა, მაშინ, რა საჭირო იყო სახელმწიფო ინსპექტორის და მისი მოადგილეების გათავისუფლება?"- ამბობს დეგნანი.

2021 წლის 7 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოების გავრცელების შესწავლა დაასრულა და მათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა, რაც, ჯამში, 2 500-ლარიან ჯარიმას გულისხმობს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ინსპექტორის ორივე გადაწყვეტილება გააუქმა. 

30 დეკემბერს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქმა. დეპუტატებმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით დაამტკიცეს. სამსახურის გაუქმებას ხელი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 13 იანვარს მოაწერა.


close დახურვა