logo
ENG



ბლინკენი: სამხედრო ძალების ზრდა პუტინს უკრაინაზე მყისიერად თავდასხმის საშუალებას მისცემს

19 იან 202215:25
3 წუთის საკითხავი
clock 444
2022/01/19/km5zyz170tsvu2s.jpg
reuters.com

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა. ის დღეს ეწვევა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, შემდეგ კი ბერლინში გაემგზავრება რათა მოკავშირეებს შეხვდეს, ვიდრე რუსეთის საგარეო მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შესახვედრად ჟენევაში გაემგზავრება.

მან კიდევ ერთხელ გააფრთხილა სამყარო, რომ რუსეთმა შეიძლება ახალი თავდასხმა ძალიან მალე განახორციელოს. ამ დაუგეგმავი ვიზიტის მიზანი მოსკოვსა და უკრაინას შორის დაძაბულობის დიპლომატიური გზით გადაჭრაა. 

აღსანიშნავია, რომ ამ კვირაში რუსეთმა დამატებითი სამხედრო ძალები ბელარუსშიც გაუშვა, რაზეც მინსკმა განაცხადა, რომ მომავალ თვეში საერთო წვრთნები იგეგმებოდა. მოსკოვი უარყოფს უკრაინაზე თავდასხმის გეგმებს, თუმცა ის ვაშინგტონისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს, მათ შორის იმასაც, რომ ამერიკამ დაბლოკოს უკრაინის NATO-ს ალიანსში გაწევრიანება.

კიევში ამერიკის საელჩოს დიპლომატებთან საუბარში ბლინკენმა განაცხადა, რომ მას დიდი იმედი აქვს, რომ რუსეთი დიპლომატიურ და მშვიდობიან გზაზე დარჩება.

"როგორც ყველამ ძალიან, ძალიან კარგად იცით ბოლო რამდენიმე თვეა ჩვენ უკრაინაზე განსაკუთრებულად ვართ ფოკუსირებულები უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ძალების მობილიზების გამო.

ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ამ ძალების მოულოდნელად რაოდენობრივი ზრდის გეგმები. ეს კი პრეზიდენტ პუტინს მისცემს შესაძლებლობას, რომ ასევე მყისიერად განახორციელოს აგრესიული ქმედებები უკრაინაში.

რუსეთის ქმედებებმა მიიპყრო ვაშინგტონისა და მისი ევროპელი მოკავშირეების ყურადღება" - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ დამატებით $200 მილიონი დოლარი გამოყო უკრაინის თავდაცვით უსაფრთხოებაში დასახმარებლად.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ ბლინკენის ვიზიტი უკრაინის სუვერენულობისა და ტერიტორიული ერთიანობისადმი ამერიკის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურებას ემსახურება.

ვაშინგტონმა რუსეთი არაერთხელ გააფრთხილა, რომ მძიმე შედეგები დადგება თუ მოსკოვი ახალ თავდასხმას განახორციელებს და იმავდროულად ევროპაში თავდაცვითი ძალების გაზრდაზეც ისაუბრა.

"თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, ჩვენ დამატებით თავდაცვის საშუალებებს მივაწვდით უკრაინას, იმაზე ბევრად მეტს ვიდრე უკვე გადავეცით მათ" - აღნიშნა ნედ პრაისმა.

აღსანიშნავია, რომ 17 იანვარს ბრიტანეთმა უკრაინას თავდაცვის მიზნით მოკლე რადიუსის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების პირველი პარტია გაუგზავნა.

სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ვოლოდიმირ ზელენსკისა და საგარეო მინისტრ დმიტრო კულებას დღეს, 19 იანვარს შეხვდება.

ბლინკენი სერგეი ლავროვს სამშაბათს ტელეფონით ესაუბრა და მხარეები პირადად შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

თავის მხრივ, ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ამერიკის დიპლომატიურ ძალისხმევას მიესალმება და კიდევ ერთხელ ისაუბრა რუსეთის მხრიდან უკრაინისადმი საბოტაჟის მცდელობის ბრალდებაზე. ლავროვის თქმით, უკრაინა იმ შეთანხმებების დარღვევას ცდილობს, რომლითაც უნდა დამთავრდეს უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტი.

***

შეგახსენებთ, რომ უკვე 2 თვეზე მეტია, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100-ობით ათასი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას გეგმავს. სამხედრო მობილიზებას კრემლი უსაფრთხოების მოტივით ამართლებს.

12 იანვარს ბრიუსელში NATO-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატომ რუსეთს შესთავაზა სამხედრო წვრთნების გამჭვირვალობის გაზრდის კონკრეტული გზები საშიში სამხედრო ინციდენტების თავიდან აცილების და სივრცითი და კიბერ საფრთხეების შემცირების მიზნით. 

თავის მხრივ კი რუსეთი მოთხოვნების შესრულებას ითხოვდა: უკრაინის სიახლოვეს NATO-ს სამხედრო განლაგებების გაუქმებას, ალიანსი გაფართოებაზე უარის თქმასა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების უკან წაღებას. ამ გადაწყვეტილების თანახმად, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები. 

პასუხად იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ალიანსის აღმოსავლეთ ევროპის წევრი ქვეყნების გაძლიერება სერიოზულად განიხილება. ბალტიის ქვეყნების განცხადებით, ისინი NATO-სთან მუშაობენ, რათა ამ ქვეყნებში ალიანსის სამხედრო კონტინგენტი გაიზარდოს. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ მზად არის, მოისმინოს მოსკოვის წუხილები, რთული იქნება რამე სახის პროგრესის მიღწევა მანამ, სანამ რუსეთი უკრაინის საზღვართან ვითარების დეესკალაციას არ მოახდენს. 

ენტონი ბლინკენისვე თქმით, აღმოსავლეთ ევროპიდან ჯარების გაყვანის განხილვა და NATO-ს გაფართოებაზე უარის თქმა გამორიცხულია. 

გარდა ამისა, ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ შეიმუშავა ახალი, უფრო მკაცრი სანქციების პაკეტი რუსეთის მიმართ იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინაში შეიჭრება.


close დახურვა