logo
ENG



დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას თავდაცვითი აღჭურვლობა გადასცა

18 იან 202212:25
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/18/7ji19rivvuddxbl.jpg
bbc.com

ბრიტანეთმა უკრაინას რუსი სამხედროების საზღვართან მობილიზების გამო თავდაცვის მიზნით მოკლე რადიუსის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები გადასცა. 

აღჭურვილობის პირველი ნაწილი ქვეყანაში გუშინ, 17 იანვარს გაიგზავნა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლასის განცხადებით,  ადგილობრივი ჯარისკაცების გადამზადების მიზნით უკრაინაში სამხედროთა მცირე ჯგუფიც გაემგზავრება.

„უკრაინას აქვს ყველა უფლება, დაიცვას მისი საზღვრები და ეს ახალი დახმარების პაკეტი ზრდის მის თავდაცვის უნარს.

მეტი სიცხადისთვის დავაზუსტებ: ეს დახმარება მოიცავს მოკლე მანძილზე და ცხადად თავდაცვით აღჭურვილობას. ეს არაა სტრატეგიული იარაღი და რუსეთისთვის არანაირ საფრთხეს არ ქმნის. ეს აღჭურვილობა თავდაცვისთვის გამოიყენება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ბენ უოლასმა ასევე აღნიშნა, რომ შიში, რუსი სამხედროების შეჭრის შესახებ ლეგიტიმურია და ნამდვილად ქმნის შეშფოთების საფუძველს. 

მან ისაუბრა სანქციების პაკეტზე, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთისთვის მოამზადა იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი უკრაინაში დესტაბილიზაციას მიმართავს.

ბენ უოლასმა იმედი გამოთქვა, რომ საკითხი დიპლომატიური გზებით მოგვარდება თუმცა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი პუტინის გადასაწყვეტია დიალოგს აირჩევს თუ კონფლიქტს, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება შედეგები.

დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი დამატებითი აღჭურვილობისა და სამხედრო დანაყოფების გაგზავნის შესახებ მეგობარი ქვეყნის გადაწყვეტილებას მიესალმება, თუმცა მისი თქმით, ამ დრომდე უდიდესი პრობლემად ის რჩება, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არაა.

„ჩვენ გვსურდა NATO-ში ყოფნა. ახლა ჩვენ ევროპაში ყველაზე დიდი ჯარის წინაშე ვდგავართ“, - განაცხადა ვადიმ პრისტაიკომ.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან არაერთი ბრიტანელი სამხედრო იმყოფებოდა უკრაინაში, რათა ქვეყანას მათი შეიარაღებული ძალების წვრთნაში დახმარებოდა. გაერთიანებული სამეფო უკრაინას ყირიმის ომის შემდეგ საზღვაო ძალების აღდგენაშიც დაეხმარა.

***

შეგახსენებთ, რომ უკვე 2 თვეზე მეტია, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100-ობით ათასი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას გეგმავს. სამხედრო მობილიზებას კრემლი უსაფრთხოების მოტივით ამართლებს.

12 იანვარს ბრიუსელში NATO-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატომ რუსეთს შესთავაზა სამხედრო წვრთნების გამჭვირვალობის გაზრდის კონკრეტული გზები საშიში სამხედრო ინციდენტების თავიდან აცილების და სივრცითი და კიბერ საფრთხეების შემცირების მიზნით. 

თავის მხრივ კი რუსეთი მოთხოვნების შესრულებას ითხოვდა: უკრაინის სიახლოვეს NATO-ს სამხედრო განლაგებების გაუქმებას, ალიანსი გაფართოებაზე უარის თქმასა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების უკან წაღებას. ამ გადაწყვეტილების თანახმად, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები. 

პასუხად იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ალიანსის აღმოსავლეთ ევროპის წევრი ქვეყნების გაძლიერება სერიოზულად განიხილება. ბალტიის ქვეყნების განცხადებით, ისინი NATO-სთან მუშაობენ, რათა ამ ქვეყნებში ალიანსის სამხედრო კონტინგენტი გაიზარდოს. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ მზად არის, მოისმინოს მოსკოვის წუხილები, რთული იქნება რამე სახის პროგრესის მიღწევა მანამ, სანამ რუსეთი უკრაინის საზღვართან ვითარების დეესკალაციას არ მოახდენს. 

ენტონი ბლინკენისვე თქმით, აღმოსავლეთ ევროპიდან ჯარების გაყვანის განხილვა და NATO-ს გაფართოებაზე უარის თქმა გამორიცხულია. 

გარდა ამისა, ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ შეიმუშავა ახალი, უფრო მკაცრი სანქციების პაკეტი რუსეთის მიმართ იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინაში შეიჭრება. 


close დახურვა