logo
ENG



კობახიძე: 5 ივლისის ძალადობა ძალიან სპონტანური იყო

19 იან 202223:03
3 წუთის საკითხავი
clock 1102
კობახიძე: 5 ივლისის ძალადობა ძალიან სპონტანური იყო

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, 2021 წლის 5 ივლისს ჰომოფობიურ ნიადაგზე მედიის მიმართ ძალადობა სპონტანური იყო. 

მაშინ, როცა ძალადობრივ ჯგუფებს ძალადობა წინასწარ ჰქონდათ დაანონსებული, ხოლო უშუალოდ 5 ივლისს ჟურნალისტებს რამდენიმე საათის განმავლობაში სასტიკად უსწორდებოდნენ, კობახიძე აცხადებს, რომ არავინ ელოდა იმას, რაც მოხდა. 

"5 ივლისი ძალიან მტკივნეული დღე იყო ჩვენთვის სხვადასხვა მიზეზის გამო და მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჟურნალისტების მიმართ ჰქონდა ადგილი უპრეცედენტო ძალადობას, რაც არ მომხდარა 30 წლის განმავლობაში. შეიძლებოდა თუ არა ამის თავიდან აცილება, ეს არის მთავარი საკითხი - ჩვენ ვფიქრობთ, რომ თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა ამ ყველაფრის თავიდან ვერ აცილებას. მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ეს ძალადობა სპონტანური იყო, რომელსაც არავინ არ ელოდა იმ დროს". - თქვა ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში. 

რაც შეეხება ლექსო ლაშქარავას - ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ იუნესკოს მიერ მისი 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სიაში შეყვანა "კლასიკური ფეიკნიუსია". 

"ეს კლასიკური ფეიკნიუსის შემთხვევაა. სამწუხარო ის არის, რომ ასეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშებშიც ხვდება ხოლმე ასეთი ტიპის ფეიკნიუსები". - განაცხადა კობახიძემ. 

ტვ პირველის ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს მოძალადე ჯგუფებმა სასტიკად სცემეს. მას სახის ძვლები ჰქონდა დამსხვრეული და გადაუდებელი ოპერაციაც ჩაუტარდა, 11 ივლისს კი დედამ გარდაცვლილი იპოვა. იუნესკომ განაცხადა, რომ სწორედ 5 ივლისია ლაშქარავას მკვლელობის თარიღი.

5 ივლისის ძალადობა

2021 წლის 5 ივლისს, 18:00 საათზე Tbilisi Pride-ის კვირეულის ფარგლებში ღირსების მარში უნდა გამართულიყო. მსვლელობა რუსთაველის მეტროსთან 18:00 საათზე დაიგეგმა. საპატრიარქომ მალევე დააანონსა მარშის საწინააღმდეგო აქცია. 

5 ივლისს, დილის 09:00 საათიდან ძალადობრივი ჯგუფები ალტ ინფოს და კოკა მორგოშიას ლიდერობით ჯერ ქაშუეთის ტაძრის უკან შეიკრიბნენ, მალევე კი პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს და ოპოზიციონერი აქტივისტების კარვები დაშალეს.

მალევე მათ დაიწყეს ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობა. სცემეს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუზიანეს აპარატურა და პირადი ნივთები მედიის 53 წარმომადგენელს, მათ შორის ფორმულას რამდენიმე გადამღებ ჯგუფს.

შეკრებილ ჯგუფებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ სასულიერო პირები.

"არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ სამშობლოსთვის" - ასე მიმართა შეკრებილებს დეკანოზმა სპირიდონმა. 

ძალადობრივმა ჯგუფებმა გადაინაცვლეს მოძრაობა სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებთან.

სირცხვილიას ოფისთან ჩაამსხვრიეს მინები, თბილისი პრაიდის ოფისში შეიჭრნენ და დაარბიეს ის. სწორედ სირცხვილიას ოფისის ფოიეში სასტიკად სცემეს ტვ პირველის ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას, რომელიც ცემიდან 6 დღეში გარდაიცვალა. 

სირცხვილიას ოფისზე თავდასხმას ორგანიზება სწორედ კონსტანტინე მორგოშიამ გაუწია. 

ძალადობრივმა ჯგუფებმა სცადეს გაეროს ოფისში შეჭრაც. 

მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო მცირე რაოდენობით პოლიციელი. ამაზე შს მინისტრმა განაცხადა, რომ იმდენი სამართალდამცველი იქნა მობილიზებული, "რისი საშუალებაც იყო". 

5 ივლისს, მაშინ, როცა ჟურნალისტებზე უკვე ძალადობდნენ, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა ძალადობრივი აქციის წევრებს, არამედ ღირების მარშის ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე. 

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას. 

ღირსების მარში გაუქმდა, თუმცა, რუსთაველის გამზირზე ძალადობა კიდევ რამდენიმე საათს გაგრძელდა. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიის დაცვის მექანიზმად ჟურნალისტების გადაღების მოედნიდან გაყვანა გამოიყენა. 

5 ივლისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად 6 ივლისს დაიგეგმა აქცია სოლიდარობისთვის.  თუმცა პრორუსულმა ჯგუფებმა ამ აქციაზეც იძალადეს. მათ აქციის მონაწილეებს ქვები, კვერცხები და წყლის ბოთლები ესროლეს. 

იმავე დღეს პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. მოგვიანებით დააკავეს 5 ივლისის ძალადობაში მონაწილეებიც, თუმცა, არა ყველა მათგანი. სულ საქმეზე 30-მდე პირია დაკავებული. ამ დრომდე არ არიან დაკავებული აქციის ორგანიზატორები. 


close დახურვა