logo
ENG



ECHR-მა დაადგინა, რომ სახელმწიფომ მამუკა მიქაუტაძის საქმის გამოძიება საფუძვლიანად არ წარმართა

20 იან 202216:03
3 წუთის საკითხავი
clock 814

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მამუკა მიქაუტაძის საქმეზე მე-2 მუხლის - სიცოცხლის უფლების პროცედურული ნაწილის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს მომჩივანის სასარგებლოდ 3000 ევროს გადახდა დააკისრა. 

საქმეს ECHR-ში საია აწარმოებდა. 

მამუმა მიქაუტაძემ თავი 2013 წლის 6 ივლისს მოიკლა. 

წინა დღეს, 2013 წლის 5 ივლისს ის პოლიციაში, ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებით გამოძიების ფარგლებში გამოკითხეს. გამოკითხვის დროს მასზე სავარაუდოდ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს. ის გამოიკითხა, როგორც მოწმე - მიქაუტაძეს კითხვებს იმაზე უსვამდნენ, ფლობდა თუ არა მისი მეგობარი კანაფს. 

მამუკა მიქაუტაძემ თვითმკვლელობამდე თქვა, რომ პოლიციაში სწორედ მეგობრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. 

საქმეში საია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევაზე დაობდა

კერძოდ, საია მიიჩნევდა, რომ საქმეზე მიმდინარე გამოძიება არ იყო ეფექტიანი, მათ შორის, მნიშვნელოვან დარღვევა იყო გამოძიების, თუნდაც შეზღუდული ვადით, შსს გენერალური ინსპექციის მიერ წარმოება, ვინაიდან, ფაქტია, რომ ამ საქმის გარემოებების ირგვლივ ყველაზე მეტი შეკითხვა სწორედ შს სამინისტროს თანამშრომელთა მიმართ არსებობდა, რაც წარმოშობდა გონივრულ ეჭვს, რომ მიქაუტაძე თვითმკვლელობამდე მათი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად მივიდა.

შესაბამისად, საია-ს განცხადებით, შსს-ის მიერ გამოძიების წარმოება იმთავითვე ეჭვქვეშ აყენებდა გამოძიების დამოუკიდებლობასა და ეფექტიანობას. 

2013 წლის სექტემბერში საქმე საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეცა. 

საიას ცნობით, სასამართლომ გამოძიება მთლიანობაში შეაფასა და ყურადღება გაამახვილა რა ფაქტზე, რომ 2016 წელს პროკურატურის მიერ გამოძიება დანაშაულის არ არსებობის გამო დაიხურა, მიუთითა, რომ გამოძიებამ უპასუხოდ დატოვა საქმესთან დაკავშირებით გადამწყვეტი კითხვები, კერძოდ, გამოკითხვის დროს მართლაც გაყვანილი იქნა თუ არა მიქაუტაძე სხვა ოთახში, და თუ კი, რა მოხდა იქ.

ასევე, ყველაზე ნიშანდობლივი საგამოძიებო ხარვეზი სასამართლომ დაინახა ფაქტში, რომ გამოძიებამ არანაირი ჰიპოთეზა/განმარტება არ გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეიძლებოდა პოლიციასთან კონტაქტის შემდეგ ადამიანს, რომელსაც არანაირი სუიციდური განზრახვები, ფსიქოლოგიური ან სხვა ტიპის პრობლემები არ ჰქონდა, ჩაედინა თვითმკვლელობა.

ამრიგად, სასამართლომ დაადგინა, რომ მიქაუტაძის საქმეზე გამოძიება არ იყო საფუძვლიანად ნაწარმოები, რამაც ძირი გამოუთხარა გამოძიების ეფექტიანობას.

ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ფაქტზე, რომ გამოძიება დაიწყო 2013 წლის 6 ივლისს და დაიხურა 2016 წლის 25 მარტს, თუმცა 2014 წლის ნოემბრიდან 2016 წლის მარტამდე არანაირი საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული არ იყო, მთავრობას, კი არ წარმოუდგენია არანაირი განმარტება ამგვარ საგამოძიებო უმოქმედობასთან დაკავშირებით. 


close დახურვა