logo
ENG



"პროცესი გულისხმობს ეროვნულ თანხმობას ისტორიულ მოვლენებზე" - წილოსანი პრეზიდენტს შეხვდა

24 იან 202214:52
3 წუთის საკითხავი
clock 1164

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ქალ პოლიტიკოსებსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს. 

პრეზიდენტთან შეხვედრიდან გამოვიდა ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი, რომელმაც თქვა, რომ ზურაბიშვილთან ეროვნული თანხმობის პროცესის დეტალები განიხილეს. 

მისი თქმით, ეს არ არის შერიგება და ეროვნული თანხმობის პროცესი გულისხმობს თანხმობას სხვადასხვა ისტორიულ მოვლენაზე. 

"არასწორი ინტერნპრეტაციაა პროცესის, როდესაც შერიგებაზე ვსაუბრობთ და ვინმესთვის რაღაც დანაშაულების პატიებაზე, ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს ვგულისხმობ.

ეს პროცესი, რომელიც დაიწყო პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, გულისხმობს ეროვნულ თანხმობას სხვადასხვა ისტორიულ მოვლენებზე, მათ შორის იქნება ეს 7 ნოემბერი თუ სხვა წინა პოლიტიკური მმართველობის დროს და მათ შორის დღემდე არსებული ყველა მოვლენა, რომელსაც საზოგადოება და დისკუსიაში მონაწილე მხარეები შეარჩევენ და გადაწყვეტენ, რომ ამა თუ იმ მოვლენაზე შეგვიძლია, რომ საზოგადოება შევთანხმდეთ", - თქვა წილოსანმა.

როგორც ოცნების დეპუტატმა აღნიშნა, მმართველი გუნდის პოზიცია უცვლელია "წითელ ხაზებთან" დაკავშირებით.

"წითელი ხაზები, რომლებზეც ენმ ან სხვა პარტიები საუბრობენ, ამ შემთხვევაში ვერ იქნება ქმედითი. ეს არ არის პოლიტიკური პარტიების მხრიდან წარმართული პროცესი და მათში პოლიტიკური პარტიების არმონაწილეობაც ვერ იქნება გადამწყვეტი. ამ პროცესს წარმართავს პრეზიდენტი საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად", - ამბობს წილოსანი. 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს სახელით წარსდგა და თქვა, რომ პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად. ამის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა პარტიებთან შეხვედრები გამართა და მისი ხედვა გააცნო. 

28 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა განცხადა რომ, საზოგადოებრივი თანხმობის პროცესი ახალ ფორმატში უნდა გაგრძელდეს, რომელიც მომავალში ჩამოყალიბდება.

სალომე ზურაბიშვილი ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.


close დახურვა