logo
ENG



პროკურატურამ ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ ადამიანს ბრალი დაუმძიმა

25 იან 202220:46
3 წუთის საკითხავი
 
პროკურატურამ ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ ადამიანს ბრალი დაუმძიმა

პროკურატურამ ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალდება დაუმძიმა. 

გამოძიება მათ თავდაპირველად განზრახ მკვლელობას ედავებოდა, გადაკვალიფიცირების შემდეგ კი ეს მუხლი ჯგუფური მკვლელობის მუხლით (სსკ-ის 109-ე) შეიცვალა. 

ასევე, საქმეში გაჩნდა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენის (236-წ) და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის (260-ე) მუხლები.

პროკურატურის ცნობით: 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 18 ოქტომბერს, ბ.ლ. და ბ.ხ, ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი მანქანით, ანასტასია შატალოვას განზრახ მოკვლის მიზნით, მის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ.

ბ.ლ. კორპუსის სადარბაზოსთან ანასტასია შატალოვას დაელოდა და მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი ბ.ხ.-სთან ერთად ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად შატალოვა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. 

იმავე დღეს ბ.ხ., რომელიც ლ.რ.-ს ბინაში იმალებოდა, ჩხრეკის ჩასატარებლად მისულ პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხა, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ხელყუმბარა საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა, ხოლო მას შემდეგ რაც ლ.რ.-მ პოლიციის თანამშრომლებს ბ.ხ.-ს დაკავებაში ხელი შეუშალა, ეს უკანასკნელი აივნიდან გადახტა, ხოლო ხელყუმბარა კორპუსის ქვემოთ მდგომი პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით ისროლა, ხელყუმბარა არ აფეთქდა და იქვე მდებარე ავტოფარეხის თავზე დაეცა. 

სამართალდამცველებმა ბ.ხ. და ბ.ლ. 18 ოქტომბერს დააკავეს. სამართალდამცველებმა ბ.ლ.-ს პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით -3,85 გრ. ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინი ამოიღეს. 

გამოძიების პროცესში დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ბ.ლ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად), 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა,  შენახვა, ტარება, ჩადენილი ჯგუფურად) და 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა) წარედგინა. 

ხოლო ბ.ხ.-ს ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად), 236-ე მუხლის მესამე, მეოთხე და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) და 19-353 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით (პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა.

ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. 
  
რაც შეეხება ამავე საქმეზე დაკავებულ ლ.რ-ს, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ( პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით), 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვა) და 265-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა) აქვს წარდგენილი.

*** 

27 წლის ანასტასია შატალოვა 18 ოქტომბერს მოკლეს. 

საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცველები 18 ოქტომბერს ბათუმის ყოფილი ვიცე მერის ზურაბ ბერიძის ბინაში იყვნენ. მათ კომპიუტერები ამოიღეს. ბერიძეს შატალოვასთან საერთო შვილი ჰყავს.

სიკვდილამდე დაახლოებით 1 წლით ადრე შატალოვამ თქვა, რომ ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი ზურაბ ბერიძე მას შვილი ნახვის უფლებას არ აძლევდა, რის გამოც მის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო.

ინტერვიუში ქალი ყვებოდა, რომ ბერიძე მას აშინებდა, აშანტაჟებდა და ფარულადაც უსმენდა. მისივე თქმით, ბავშვი მოტყუებით წაართვა და წაყვანის შემდეგ მასთან მიახლოების უფლებას არ აძლევდა, ასევე, იარაღით ემუქრებოდა. 

თვითონ ზურაბ ბერიძე ამბობს, შატალოვასთან 6 თვეზე მეტია, ურთიერთობა არ ჰქონია. 


close დახურვა