დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მწვანე პასპორტის გაუქმებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის გასაჯაროება არ ისურვა და თქვა, რომ თავისი აზრი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე თქვა.
"მიუხედავად იმისა, რომ ვაცნობიერებ, რომ მწვანე პასპორტი დღეს უკვე დიდ როლს არ თამაშობს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებში, დაავადებათა კონტროლის ცენტრს ჰქონდა თავის პოზიცია, რომელიც დააფიქსირა საბჭოზე", - თქვა გამყრელიძემ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ეთანხმება თუ არა მწვანე პასპორტის გაუქმებას, გამყრელიძემ ასე უპასუხა:
"მაგას არ აქვს მნიშვნელობა, მე ვეთანხმებოდი თუ არა. საბჭოს შიდა დისკუსიები მე გარეთ არ გამომაქვს. საბჭოზე იყო დისკუსია ამასთან დაკავშირებით. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს კონსენსუსის პრინციპით. მე ჭორაობას ვერ დავიწყებ, ცოტა უფრო სერიოზულ ადამიანად მივიჩნევ ჩემს თავს", - თქვა გამყრელიძემ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში მწვანე პასპორტი გაუქმდა.
საბჭოს წარმომადგენლის გიორგი ღიბრაძის თქმით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპის, ვირუსის სუსტი მიმდინარეობისა და მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს.
საქართველოში მწვანე პასპორტის კონცენფცია 1 დეკემბერს ამოქმედდა.