logo
ENG



ჩინეთი NATO-ს რუსეთთან ერთად მოუწოდებს, გაფართოების გეგმები შეაჩეროს - საერთო განცხადება

04 თებ 202216:02
3 წუთის საკითხავი
clock 2368
Reuters

რუსეთი და ჩინეთის პრეზიდენტები შეხვედრის შემდეგ საერთო განცხადებას აქვეყნებენ, რომლითაც NATO-ს გაფართოების გეგმების შეჩერებისკენ მოუწოდებენ. 

თავის მხრივ, რუსეთი მთლიანად უჭერს მხარს ტაივანთან დაკავშირებით ჩინეთის პოზიციას და ტაივანის ნებისმიერი ტიპის დამოუკიდებლობას ეწინააღმდეგება.

საერთო განცხადება, რომელიც აშშ-ის ხისტ კრიტიკას მოიცავს, ვლადიმერ პუტინის ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

„რუსული მხარე ხელახლა აცხადებს, რომ მხარს უჭერს ერთი ჩინეთის პრინციპს. ადასტურებს, რომ ტაივანი არის ჩინეთის განუყოფელი ნაწილი და ეწინააღმდეგება ტაივანის ნებისმიერი ფორმით დამოუკიდებლობას.

ორივე ქვეყანა გამოვთქვამთ შეშფოთებას აშშ-ის გეგმების განვითარების გარშემო, რაც გლობალური შეიარაღებული თავდაცვის განვითარებასა და მისი ელემენტების მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში განთავსებას ეხება, მათ შორის იმ მაღალი სიზუსტის მქონე არაბირთვული იარაღის მოცულობის ზრდას, რომელიც თავდასხმებისა და სხვა სტრატეგიული სამიზნეების განეიტრალებას ემსახურება“ - წერია რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების განცხადებაში.

საერთო განცხადების მიხედვით, რუსეთი და ჩინეთი ეწინააღმდეგებიან NATO-ს გაფართოებას და ალიანსს მოუწოდებენ, შეწყვიტოს "ცივი ომის იდეოლოგიის მიდგომები". ჩინეთი ასევე მხარს უჭერს რუსეთის მოთხოვნას ევროპისგან უსაფრთხოების გარანტიების მიღების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ NATO-ში აღმოსავლეთ ევროპის ახალი სახელმწიფოების დამატებაზე უარის თქმა უკრაინის გარშემო არსებული დაძაბულობის ფონზე კრემლის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. აშშ-მ მოსკოვის ამ და სხვა რამდენიმე მთავარი მოთხოვნის შესრულებაზე უარი თქვა, მაგრამ ასევე აღნიშნა, რომ მზადაა რუსეთთან ისეთი საკითხები განიხილოს, როგორიც იარაღის გამოუყენებლობაა.

კრემლის ინფორმაციით, პუტინსა და ძინპინს შორის პეკინში თბილი და მნიშვნელოვანი დიალოგი შედგა. მოსკოვი ამ შეხვედრას ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაღრმავებად აფასებს.

რუსული მხარის ცნობით, პრეზიდენტებმა დოლარის უპრეცედენტო გამოყენების გამო ასევე განიხილეს ეროვნული ვალუტებით ვაჭრობის გაფართოება.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ერთ-ერთ სანქციად სწორედ რუსული კომპანიებისთვის დოლარით ვაჭრობის შეზღუდვა განიხილება.


close დახურვა