რუსთავის რაიონულმა სასამართლომ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა გამოაცხადა.
ბრალდების მხარე კირკიტაძისთვის 10 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას 20-დღიანი გადახდის ვადით, დაცვის მხარე კი აღმკვეთი ღონისძიების გაუქმებას ითხოვდა.
დავით კირკიტაძემ სხდომათა დარბაზი გადაწყვეტილების გამოცხადებამდე დატოვა. მანამდე კი განაცხადა, რომ პროცესი დადგმულია და ქართული სასამართლოსი არ სჯერა.
რუსთავში ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ძალადობის საქმეზე პარლამენტის დეპუტატის, დავით კირკიტაძისა და სამი პირის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყო.
გამოძიების მტკიცებით, გასული წლის 24 ოქტომბერს რუსთავში ენმ-ს ოფისთან, ვ.ბ. რამდენიმე პირთან ერთად ოპოზიციური პარტიის საქმიანობას აპროტესტებდა.
კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია ორი პირის მიმართ. რაც შეეხება დანარჩენ ორ პირს, მათ მიმართავს დევნა ძალადობის მუხლით დაიწყო.
პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ დაპირისპირებაში მონაწილე სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო უკვე შეეფარდა. რაც შეეხება კირკიტაძეს, პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.