logo
ENG



შაბათის ფორმულა: დელივერის კურიერები მართვის მოწმობის გამოცდებს გამარტივებული წესით ჩააბარებენ

05 თებ 202220:52
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, კურიერებმა, რომლებიც მოპედით გადაადგილდებიან, კომპანიების ადმინისტრაციებისგან მიიღეს შეტყობინება, რომ მართვის მოწმობის გამოცდებს გამარტივებული წესით ჩააბარებენ. 

შაბათის ფორმულას ცნობით, შეტყობინებები გლოვოს და ვოლტის კურიერებს მოუვიდათ. კერძოდ, დელივერის კურიერები ურიგოდ ჩააბარებენ გამოცდას, ასევე 1000 საკითხის ნაცვლად მათ მხოლოდ 300 კითხვაზე მოუწებთ პასუხის გაცემა. 

"გამარტივებული წესი მოქმედებს მხოლოდ A1, AM კატეგორიებზე, თქვენთვის სასურველ მისამართზე მისვლისას, თან უნდა იქონიოთ ფორმა 100 (ფსიქო), ტრანსპორტის რეგისტრაციის დოკუმენტი და გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 45ლარი+15 ლარი, ადგილზე მისვლა შეგიძლიათ მას შემდეგ მხოლოდ, როდესაც მოგაწვდით კონკრეტულ დღეს და საათს, ადგილის მითიტებით. ადგილზე მოგიწევთ მხოლოდ თეორიის ჩაბარება (გამარტივებული 300-მდე ბილეთი, ბილეთების ნომრებს მოგაწვდით სწორი პასუხებით", - წერია შეტყობინებაში. 

კურიერების მიერ მიღებული შეტყობინებით ირკვევა, რომ მაშინ, როცა ამავე კატეგორიის სხვა მძღოლებს მართვის მოწმობის ასაღებად რიგში დგომა და სამჯერ მეტი თეორიული მასალის სწავლა უწევთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო მომსახურების სფეროს პროცედურებს მაქსიმალურად უმარტივებს და მისივე ინიცირებით დაწესებულ გამოცდას მხოლოდ ფორმალურად აბარებინებს.

ვოლტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მიიღეს. კომპანიაში არ მიაჩნიათ, რომ მათი მძღოლები რაიმე განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობენ და ამბობენ, რომ შეღავათები მხოლოდ გამოცდილ მძღოლებზე ვრცელდება.

"სამინისტრომ თავად მიმართა მიტანის სერვისის მქონე მსხვილ კომპანიებს და პარტნიორი კურიერებისთვის საშეღავათო სისტემა ყველა კომპანიას შესთავაზა. შსს-ს შეღავათით ისარგებლებს არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის, არამედ მიტანის სერვისის ყველა კომპანიის პარტნიორი კურიერი. მიგვაჩნია, რომ შსს-ს ინიციატივა მართებულია, ვინაიდან ის ეხება იმ პირებს, ვისი ძირითადი შემოსავლის წყაროც სრულად დამოკიდებულია ამ ტიპის ტრანსპორტის მართვაზე. შედეგად, კურიერები შეძლებენ დაბრკოლების გარეშე მიიღონ შესაბამისი მართვის მოწმობა, ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, და შეუფერხებლად განაგრძონ თავისი საქმიანობა და შემოსავლის მიღება", - ამბობენ ვოლტში

შერჩევითი სამართლით კანონის აღსრულებაში პრობლემას ვერ ხედავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. ეს მაშინ, როცა გასულ წელს პარლამენტში მოპედების რეგისტრაციის ინიციატივით სწორედ მთავრობა შევიდა. ამ თემაზე საკანონმდებლო ორგანოში ჯერ კიდევ სექტემბერში მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე საუბრობდა. შაბათის ფორმულას შეკითხვას, თუ რატომ აყენებენ მომსახურების სფეროს მოპედის მძღოლებს განსაკუთრებულ პირობებში, შინაგან საქმეთა სამინისტოში არ პასუხობენ.

აღსანიშნავია, რომ შაბათის ფორმულასთან საუბარში მოსახლეობის ნაწილი ყვება, თუ როგორ შექმნიათ არაერთხელ საავარიო სიტუაცია, სწორედ მოპედების არასწორი მანევრის გამო. რეგისტრაცია მომსახურების სფეროს მოპედების მძღოლებისთვის დაწყებულია. როგორ აისახება შერჩევითი მიდგომა საგზაო მოძრაობაზე და მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, ამას უახლოესი რამდენიმე თვის სტატისტიკაც გვაჩვენებს.

1-ლი მარტიდან მოპედის მძღოლებს მართვის მოწმობა დასჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი 500 ლარით დაჯარიმდებიან. 


close დახურვა