logo
ENG



ჩუბინიძემ ე.წ პიჯაკების საქმის ფარგლებში ჩვენებაზე უარი თქვა, მოსამართლემ დააკმაყოფილა

09 თებ 202212:40
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ ე.წ პიჯაკების საქმის მოწმედ გამოკითხვაზე უარი განაცხადა.

ჩუბინიძის მტკიცებით, ბრალდების იმ ეპიზოდთან, რომელიც დღეს იხილება, შეხება არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ მის გამოკითხვას დაცვის მხარე ითხოვდა. რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, პროკურორები ამბობდნენ რომ ჩუბინიძის ჩვენება "რელევატური არაა ამ განსახილველ საქმეზე".

სასამართლო დარბაზში ჩუბინიძემ თქვა:

"მე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2013 წლის თებერვლიდან ვმუშაობ.

საჯარო წყაროებიდან ჩემთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას ქონების გაფლანგვასთან დაკავშირებით. ვიცი, რომ ეს ეტაპი და ბრალდება ეხება 2009-2013 წლამდე პერიოდს. ამ პერიოდის განმავლობაში, მე არ ვიყავი სამსახურის ხელმძღვანელი და არანაირი შეხება არ მქონდა.ორივე მხარისთვის ცნობილია, რომ  მე აქ გამოძახებული ვარ დაცვის მხარის მოწმედ. მართალი გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია დაცვის მხარის პოზიციების გასამყარებლად გამოძახებული ანზორ ჩუბინიძე.

მე ვფიქრობ, რომ თავად ბრალდებულები და მისი ადვოკატები გაცილებით კომპეტენტურები არიან და გაცილებით კარგად წარმოადგენენ, თუ რატომ და რისთვის იხარჯებოდა ეს თანხები. ასე რომ, მე უნდა დავადასტურო, რომ 2009 -2013 წლებამდე არანაირი შეხება ამასთან დაკავშირებით არ მქონია და არ მაქვს. ასევე, მინდა განვმარტო, საჯაროდ არის ცნობილი, რომ გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება 2013 წლის პერიოდთან დაკავშირებით, როდესაც უკვე მე ვიყავი სამსახურის ხელმძღვანელი. მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ გახარჯული თანხების კანონიერებასთან დაკავშირებით. ბრალდების ეპიზოდთან, რომელიც დღეს იხილება, არანაირი შეხება არ მაქვს.

შესაბამისად, დღეს ჩემ მიერ ნათქვამი ნებისმიერი სიტყვა, ფრაზა და დაფიქსირებული პოზიცია შეძლება ისე იყოს ინტერპრეტირებული, რომ გამოყენებული იქნას ჩემს საწინააღმდეგოდ მომავალში. ამასთან დაკავშირებით, მსურს განვაცხადო, რომ მინდა ვისარგებლო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით, რომელიც მაძლევს საშუალებას, უარი განვაცხადო ჩვენებაზე სასამართლოს წინაშე". 

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ანზორ ჩუბინიძის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

"სასამართლოს ბერკეტი არ აქვს იმისა, რომ იძულება მოახდინოს მოწმეზე, ზემოქმედება ან ზეწოლა და დაავალდებულოს, რომ მან ჩვენება მისცეს", - თქვა მოსამართლემ.

ამის შემდეგ ჩუბინიძემ სასამართლო დარბაზი დატოვა.

გამოძიება მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება.

პროკურატურის მტკიცებით, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი.

ამ საქმეზე პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს წარუდგინა.

 


close დახურვა