logo
ENG



AP News: აშშ კიევის საელჩოდან ამერიკელების სრული ევაკუაციის შესახებ დღეს განაცხადებს

12 თებ 202213:33
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/12/mpok014mrm4tt9c.jpg
Gleb Garanich/Reuters

AP News-ის ინფორმაციით, აშშ კიევში საელჩოს სრული ევაკუაციის შესახებ განცხადებას აშშ-ის მთავრობა დღეს გააკეთებს. ეს კი იმ ფონზე როცა დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები აცხადებენ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა გარდაუვალია.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აშშ უკრაინიდან ევაკუაციისთვის სრულ მზადყოფნაშია და სახელმწიფო დეპარტამენტი დღეს გეგმავს გამოაცხადოს, რომ რუსეთის შეჭრის საფრთხის გამო კიევის საელჩოს მთელი ამერიკული პერსონალი ვალდებული იქნება დატოვოს ქვეყანა.

კიევს აშშ-ის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელთა უდიდესი უმრავლესობა, თითქმის 200 ამერიკელი ქვეყანას დატოვებს. უკრაინაში დიპლომატიური წარმომადგენლობის შენარჩუნების მიზნით შესაძლოა, ქვეყანაში აშშ-ის ოფიციალური პირების მცირე რიცხვი დარჩეს. მათ, სავარაუდოდ, უკრაინის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, პოლონეთის საზღვრებთან ახლოს გადიყვანენ. 

ამ ინფორმაციის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი კომენტარს არ აკეთებს.

აღსანიშნავია, რომ 11 თებერვალს თეთრ სახლში განაცხადეს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის სრულად მზად არის და უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდეს, ქვეყანა 48 საათში დატოვონ. 

აშშ-ის შშ–ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შეჭრა შეიძლება ნებისმიერ დროს, მომდევნო კვირაში ან ორ დღეში დაიწყოს, როცა ვლადიმერ პუტინი შესაბამის ბრძანებას გასცემს.

თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, იაპონია, ლატვია და სამხრეთ კორეაც.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჯერ კიდევ იანვარში კიევში საელჩოს ამერიკელ თანამშრომლებსა და მათ ოჯახებს რუსეთის სამხედრო ქმედებების საფრთხის გამო უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა, მაგრამ ამ განცხადების მიხედვით არაძირითად პერსონალს ქვეყნის დატოვება სურვილის შემთხვევაში შეეძლო.

თებრვლის დასაწყისში კი სახელმწიფო დეპარტამენტმა ბელარუსში ამერიკის საელჩოს თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა და მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ბელარუსი-უკრაინის საზღვართან რუსეთის უჩვეულო და შემაშფოთებელი სამხედრო მობილიზების გამო ბელარუსში გამგზავრება საშიშია.

ასევე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ თეთრმა სახლმა დაამტკიცა პენტაგონის გეგმა, რომელიც ამერიკელი სამხედროების პოლონეთში განთავსებას გულისხმობს, რათა რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში უკრაინაში მყოფ ათასობით ამერიკელს ევაკუაციაში დაეხმარონ. 

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია ამ ნაბიჯით ცდილობს თავიდან აიცილოს ის ქაოსური ევაკუაცია, რაც აგვისტოში ავღანეთის შემთხვევაში მოხდა.

დღეს РИА Новости-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლებმა უკრაინის დატოვება დაიწყეს.

გამოცემას წყარო უყვება, რომ დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის ოფიციალური პირების ევაკუაციის შემდეგ მოსკოვმაც გადაწყვიტა იმავენაირად იმოქმედოს.


close დახურვა