logo
ENG



თელმიკოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც შეამოწმებს

14 თებ 202211:22
3 წუთის საკითხავი
 

თელმიკოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც შეამოწმებს. დავალება პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასცა.

ღარიბაშვილის თქმით, სამსახური სემეკთან ერთად მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორის და კანონიერების შესწავლის პროცესში ჩაერთვება.

"ვიცი, რომ ამ საკითხზე სემეკმა დაიწყო შესწავლა და გააკეთა განმარტება, რომ მათი სამუშაო ჯგუფი ადგილზე სწავლობს თელმიკოსა და თელასის მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს, მაგრამ სრული სურათის დასადგენად მე მივიღე გადაწყვეტილება და მინდა, დავავალო ბატონ ლაშა ხუციშვილს, რომ თელმიკოს მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორის და კანონიერების შესწავლის პროცესში ჩაერთოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც და გონივრულ ვადებში წარმოადგინოს ამ შემოწმების შედეგი", - თქვა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია მოქალაქეების საჩივრების საფუძველზე მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს სწავლობს.

ამ დროისთვის სემეკში 700-მდე საჩივარია შესული. საჩივრები დეკემბერსა და იანვარში მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვებს შეეხება - მოქალაქეების თქმით, მათ არაადეკვატურად გაზრდილი თანხა დაერიცხათ - საშუალო სტატისტიკურ ოდენობაზე მრავალჯერ მეტი. 

თელმიკოს და თელასის მხრიდან დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში კომპანიები დაჯარიმდებიან, ხოლო მოქალაქეებს ზედმეტობით დარიცხული თანხა უკან დაუბრუნდებათ.​ მათი შემოწმების დასრულების ბოლო ვადად 3 მარტი განისაზღვრა. 

ბოლო რამდენიმე თვეა სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, რომ ელექტროენერგიის გაზრდილ გადასახადს იღებენ. 

თელმიკოს განცხადებით,  ეს დეპოზიტის დარიცხვის გამო მოხდა, თუმცა ახლა მოსახლეობისთვის დეპოზიტის დარიცხვა შეჩერდა. 

დეპოზიტზე თანხის დარიცხვა გულისხმობს იმას, რომ: კანონის თანახმად, თუ ყოველი 12–თვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებელმა სამჯერ ან მეტჯერ გადააცილა გადახდის ვადას, ან თუ მომსახურების საფასურის გადაუხდელობისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა 5-თვიანი ან მეტი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში, ელექტროენერგიის მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მას დეპოზიტზე თანხის შეტანა.

ამასთან, თელმიკოს  კლიენტთა მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელის, თეა ნოზაძის თქმით, "1 წლის განმავლობაში მთავრობა ტარიფთა შორის სხვაობის სუბსიდირებას ახდენდა, რაც იანვრიდან აღარ ხდება და ესეც ქმნის [ტარიფის ზრდის] შთაბეჭდილებას".


close დახურვა