logo
ENG



დავით ლორთქიფანიძე: ეროვნული მუზეუმის შექმნის დღიდან არცერთი ნივთი არ დაკარგულა

14 თებ 202217:56
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/14/s5yd8mpx34lry9g.jpg

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ეროვნული მუზეუმის შექმნის დღიდან არცერთი ნივთი არ დაკარგულა. ამის შესახებ დავით ლორთქიფანიძემ მედიასთან ბრიფინგზე ისაუბრა.

"არცერთი ნივთი, მას შემდეგ რაც ეროვნული მუზეუმი შეიქმნა, 2005 წლიდან და დღეს 2022 წლამდე ე.წ. დაკარგული არ არის. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, 1950 წლიდან დაიწყო ნიმუშების გატანა, უფრო მეტად იყო 90–ში. ეროვნულმა მუზეუმმა დაიწყო მისი დაბრუნება, დიდი ნაწილის დაბრუნება, დაახლოებით 80%–ზე მეტის შევძელით. მინდა ხაზი გავუსვა, ეროვნული მუზეუმი კუნძული კი არ იყო, ჩვენ ვმუშაობდით კულტურის სამინისტროსთან ერთად, ყველა ამ კითხვებზე პასუხები მიდიოდა კულტურის სამინისტროში." – ამბობს დავით ლორთქიფანიძე.

ბრიფინგის მიმდინარეობისას ეროვნული მუზეუმის დირექტორატის წევრმა ნიკა ახალბედაშვილმა ლორთქიფანიძეს ჰკითხა, თუ რატომ აკლია ეროვნულ მუზეუმს კონკრეტული ფერწერული ნიმუშები. ახალბედაშვილი ამტკიცებდა, რომ ფერწერული ნიმუშები ლორთქიფანიძის დირექტორობისას დაიკარგა, თუმცა ახალბედაშვილმა კითხვას, თუ რომელ წელს გაიტანეს ნამუშევრები, არ უპასუხა.

დავით ლორთქიფანიძე ამბობს, რომ პროცესები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს სამუზეუმო სივრცეში, არის ეროვნული მუზეუმის შეურაცხმყოფელი და მისი ნგრევისა და დასუსტებისკენ მიმართული.

მანამდე, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა, რომ მუზეუმიდან ექსპონატები დაკარგულია. თეა წულუკიანმა მუზეუმის თანამშრომელი ნინო ხუნდაძე 21 ექსპონატის დაკარგვაში დაადანაშაულა, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს.

კითხვაზე, დაიკარგა თუ არა ეს ექსპონატები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ან 90-იან წლებში, როგორც ამას მისი ოპონენტები ამბობენ, წულუკიანმა თქვა, რომ ამას გამოძიება დაადგენდა. დავით ლორთქიფანიძის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს.

*** 

მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანი კულტურის მინისტრი გახდა, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს. სამინისტროს განცხადებით, ეს რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდა, თავად გათავისუფლებულები კი პოლიტიკურ მოტივებზე ლაპარაკობენ.

გარდა მუზეუმის თანამშრომლების დევნისა, თეა წულუკიანი მუზეუმის შენობის ნაწილობრივ დანგრევას გეგმავს - 2021 წლის 22 ივლისს გასაჯაროვდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, "შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის ნაწილის აღდგენა არარენტაბელურია, მეორე ნაწილის რღვევის შეჩერება კი შეუძლებელია და, შესაბამისად, უმჯობესია მუზეუმის ეს ნაწილი დაინგრეს და იმავე მასალებით ახალი აშენდეს". 

ხელოვნების მუზეუმის შენობა ისტორიულია, ის 1838 წელს ააგეს და ევროპული არქიტექტურის ნიმუშია, ამასთან, მუზეუმების ქუჩის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. 

ხელოვნებათმცოდნეები შენობის დანგრევას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ. მათივე შეფასებით, საფრთხე ექმნება მუზეუმში დაცულ ასობით ექსპონატს.  მათთვის მიუღებელია მუზეუმთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმაც.


close დახურვა