logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ქოლცენტრებზე დაურეკეთ ბიძინას

20 თებ 202220:05
3 წუთის საკითხავი
clock 3604

მსოფლიო ახალი ცივი ომის ფაზაში შევიდა, რუსეთი სამეზობლოში ახალ ცხელ კონფლიქტს აჩაღებს, ამ ფონზე კი საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავება, საზოგადოების დაპირისპირება და ამ გზით ძალაუფლების სრული მონოპოლიზება, კვლავ ივანიშვილის და მისი მარიონეტების მთავარ ამოცანად რჩება. კონსტრუქტივიზმის განსახიერების და პარლამენტში ოპოზიციის დაბრუნების მთავარი ლობისტი ბადრი ჯაფარიძე საკანონმდებლო ორგანოდან გააძევეს, პარალელურად კი ახალი სამიზნე გამოკვეთეს, რომლისკენაც მთელი პროპაგანდისტული მანქანა, ფარული აგენტურა, "სასარგებლო იდიოტები" და მორჩილი ინსტიტუტები ერთდროულად მოიმართა.

კრიტიკული მედიის მიერ წამოწეული ქოლცენტრების ამბავი, ტრანსნაციონალურ ფინანსურ სკანდალად და ოცნების ხელისუფლების სერიოზულ თავსატეხად იქცა. საქართველოს საგამოძიებო ორგანოებმა ამ საქმეს მხოლოდ მას შემდეგ მიაქციეს ყურადღება, რაც გერმანიიდან, საფრანგეთიდან თუ შვედეთიდან ჯერ განგაშის ზარები, შემდეგ კი გამომძიებლები გამოგვიგზავნეს. დღეს კი ცხადად ვხედავთ, რომ წნეხის ქვეშ მყოფი საქართველოს ხელისუფლება, როგორც პროპაგანდისტული საშუალებებით, ისე პროკურატურის დახმარებით, ხისტად ცდილობს საქმე ახალი მთავარი სამიზნის წინააღმდეგ მიმართოს. ეს სამიზნე კი ჩვენი არხის, ფორმულას დამფუძნებელი - დავით კეზერაშვილია.

ქართულ პოლიტიკაში ოდნავ ჩახედული ადამიანისთვისაც კი შესამჩნევია თუ როგორ იცვლება ხელისუფლების კონტროლირებად მედიაში ე.წ. "ვიორსტკა", ანუ თემების თანმიმდევრობა და სიუჟეტების უარყოფითი გმირები. ბოლო 10 დღეა იმედის თუ ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფი სხვა მედიასაშუალებების გამხსნელი სიუჟეტები სწორედაც რომ კეზერაშვილის "გაშავებას" ეძღვნება. ამავე არხების მთავარ თოქ-შოუებში, ხელისუფლების სასარგებლოდ მოლაპარაკე თავებიც მისი სახელის თითქმის ყველა ბრუნვაში ხსენებით არიან დაკავებული. ამ ტიპის პროპაგანდის გააქტიურებისთვის შეიძლება ყურადღება არც კი მიგვექცია, თუმცა უკვე დაგროვილი გამოცდილება გვკარნახობს, რომ როდესაც ოცნების პირველი პირების რიტორიკა ასეთი იმპერატიულია, რომ "გამოძიება აუცილებლად მივა ერთ-ერთი ოპოზიციური მედიასაშუალების მფლობელთან", ეს უბრალოდ პროპაგანდა აღარ არის, არამედ პირდაპირი გზავნილია პროკურატურისა და სასამართლოსთვის, თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეს და როგორ დასრულდეს ქოლცენტრების საქმის იძულებითი გამოძიება.

როგორც რუსეთი არ ეძებს "კაზუს ბელის", ანუ პრეტექსტს უკრაინაში შეჭრისთვის და ინტენსიური საინფორმაციო ნარატივის საშუალებით ანტი-უკრაინული პროპაგანდის აგორებითაა დაკავებული, ასევე იქცევა საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით. მათ მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები კი არ სჭირდებათ, არამედ საზოგადოებისთვის მათთვის სასურველი ნარატივის მიწოდების მაღალი ინტენსივობა, რასაც უკვე კარგა ხანია ვხედავთ იმედსა და პოს-TV-ზე, საიდანაც უწყვეტ ნაკადად მოედინება დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მიმართული ნეგატიური კამპანია.

თეორიულადაც რომ დავუშვათ, თითქოს ფორმულას დამფუძნებელი ქოლცენტრებთან დაკავშირებული დანაშაულის უკან იდგა და მიღებული ფულით მედიას და ოცნების პოლიტიკურ ოპოზიციას აფინანსებდა, სრულ აბსურდამდე მივალთ: გამოდის, რომ წლების განმავლობაში, ნახევარ მილიარდამდე ბრუნვის დანაშაულებრივი ბიზნესი, რომლისგანაც ოპოზიცია სარგებელს იღებდა, ხელისუფლების ყურადღების მიღმა არსებობდა და ყვაოდა, და ეს იმ ქვეყანაში, სადაც ეკლესიის მსახურებს, მსახიობებს, მასწავლებლებს თუ მუნიციპალიტეტების საშვთა ბიუროს თანამშრომლებს - ყველას ტოტალურად უსმენენ და უთვალთვალებენ, აფიქსირებენ და აკვირდებიან არა მარტო იმას, თუ რას ამბობენ, არამედ იმასაც, რა ქმედებებში გადადის, ან შეიძლება გადაიზარდოს მათი განწყობები.

ძალიან გულუბრყვილო უნდა იყო, ან საერთოდაც ლოგიკურ აზროვნებას მოკლებული, ტრანსნაციონალური დანაშაულის ის ვერსია დაიჯერო, რომელსაც ხელისუფლება თავის აუდიტორიას ცხვირში ტენის. თუმცა, ოცნების მხრიდან საზოგადოების ნაწილის ტვინის გამორეცხვის სქემა დღემდე წარმატებით მუშაობს: რაგინდ წარმოუდგენელი სისულელეც არ უნდა იყოს, როდესაც შენი ლიდერები, მაღალი თანამდებობის პირები, ტელევიზიებიდან განუწყვეტლივ გიმეორებენ ერთსა და იმავეს, საზოგადოების ნაწილი იჯერებს კიდეც. ვინმემ შეიძლება თქვას: რა მნიშვნელობა აქვს - რას იფიქრებს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მზადაა ეს სისულელე დაიჯეროს. თუმცა, საქმე ასე მარტივად არ არის. რას და როგორ დაიჯერებს საზოგადოების ნაწილი, ეს მხოლოდ პირველი სერიაა, ერთგვარი პრელუდიაა მეორე, უფრო მნიშვნელოვანი ეტაპისთვის, რაც გამოიხატება სამიზნედ ქცეული ფიგურის სამართლებრივ და პოლიტიკურ დევნაში.

ჩემი მხრიდან ამაზე მსჯელობა შესაძლოა ერთგვარად სუბიექტურიც იყოს, თუმცა რეალობას ვერ გავექცევით. რეალობა კი ისაა, რომ ივანიშვილის მთავარი მოწინააღმდეგე, სააკაშვილი დღეს ციხეშია. ოცნებას მიაჩნია, რომ ის უკვე განეიტრალებულია. ციხის გარეთ მყოფ ოპოზიციის ლიდერებს საზოგადოების ფართო მხარდაჭერისა და ლეგიტიმაციის ნაკლებობის პრობლემა აქვთ, გარკვეული დრო დასჭირდებათ ფორმის აღსადგენად და გადასაჯგუფებლად, ამიტომაც მათ რეალურ საფრთხედ არ აღიქვამენ. საქართველოს მიმართ გაპასიურებულია დასავლეთიც, რომლის ყურადღების ფოკუსიც დღეს უკრაინაა. ოცნების ხელისუფლება ცდილობს ბოლომდე გამოიყენოს შესაძლებლობის ფანჯარა, შეინარჩუნოს თითქმის სრული მონოპოლია ყველა სივრცეზე და არანაირი რესურსი აღარ დატოვოს სერიოზული წინააღმდეგობისთვის. ამ გეგმაში ვერ ჯდება დავით კეზერაშვილის არა თუ ქმედება, არამედ არსებობაც. ივანიშვილის კლეპტოკრატიულ-ოლიგარქიული ვერტიკალის მიღმა მოქმედი ბიზნესმენი, რომელიც ხელისუფლების კონტროლის გარეთ მყოფი მედიის არსებობას ხელს უწყობს და მათ შორის აქვს ფინანსური რესურსი, რომელსაც პოტენციურად შეუძლია დღეს თუ არა ხვალ, პოლიტიკური ოპოზიცია გააძლიეროს.

მეტიც: ეს ადამიანი, გარემოებათა გამო, ხელისუფლებისთვის ფიზიკურად მიუწვდომელია. ოცნებას კარგად ესმის, რომ მისი დაზიანების ტრადიციული რესურსი შეზღუდულია, ფორმულას დამფუძნებელს საფრანგეთისა და ბრიტანეთის სასამართლოებში ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ყველა საქმე მოგებული აქვს, რაც მას ივანიშვილის რეპრესიული მანქანის საცეცებისგან იცავს. ამიტომაც ცდილობს ოცნება, რომ საქართველოში დამატებითი რეპუტაციული თუ სამართლებრივი პრობლემების შექმნით მაქსიმალურად შეუზღუდონ სივრცე მოქმედებისთვის და დამატებითი დაბრკოლებები შეუქმნან მედიის, სამოქალაქო აქტივიზმისა თუ სხვა თავისუფალი სივრცეების არსებობის ხელშეწყობისთვის. გასაკვირია და ამ კამპანიაში, ბოლო ხანებში ისეთი ადამიანებიც დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ, წესით ოლიგარქის საპირწონე და შემაკავებელ ფლანგზე მედიის, თუ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების გაძლიერებას რომ უნდა გულშემატკივრობდნენ.

მათგან განსხვავებით, ივანიშვილისა და ქართული ოცნების მოტივაცია სრულიად მკაფიო და ნათელია: გაანადგუროს და მოინელოს ყველა სამიზნე ფიგურა და მათთან ერთად - შესაძლო რესურსი, რომელიც რუსული ტიპის ავტორიტარული მმართველობისთვის გამოწვევას წარმოადგენს. ძალაუფლების ეს ბულიმია კი უკიდურესად სახიფათოა, არა მარტო ამ შემთხვევაში, ბიძინას სამიზნე პრიორიტეტების სიაში დაწინაურებული დავით კეზერაშვილისთვის, როგორც ერთი ადამიანისთვის, არამედ სერიოზული, შეიძლება ითქვას ეგზისტენციალური საფრთხეა ქვეყნის მომავლისთვის, რადგან ეს რეპრესიული ხაზი, საქართველოში, დემოკრატიული რესურსების უკიდურესობამდე შეზღუდვას, შემცირებას და განადგურებას ემსახურება, რასაც თავის მხრივ რუსული ავტორიტარიზმის კლანჭებიდან ქვეყნის დაღწევის შესაძლებლობა მინიმუმამდე დაჰყავს.

ხოლო ტრანსნაციონალურ დანაშაულს, მასში ჩართულ ათასობით ახალგაზრდას და ნახევარმილიარდიან შავ ბრუნვას რაც შეეხება, ვისაც ამ ისტორიის და მისი "დამკრიშავების" შესახებ დეტალები ნამდვილად გაინტერესებთ, თუნდაც მხოლოდ მასშტაბებიდან გამომდინარე, ჩემი რჩევა აღარ უნდა დაგჭირდეთ - ქოლცენტრებზე დაურეკეთ ბიძინას.


close დახურვა