logo
ENG



შსს-მ სასულიერო პირის ძალადობის ვიდეოზე გამოძიება დაიწყო

21 თებ 202215:10
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასულიერო პირის ძალადობის ვიდეოზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილი დევნა) და 157-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვება და სოციალური ქსელით გავრცელება).

Facebook-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ძალადობს ერთი სასულიერი პირი მეორეზე. ვიდეო 4 წუთს გრძელდება. მოძალადე სასულიერო პირი მეორეს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს და რამდენჯერმე ეკითხება, რატომ ჩაიცვა ანაფორა. გარდა ამისა, მოძალადემ იცის, რომ ვიდეოს იღებენ და გადამღებს ეუბნება - "არ გათიშო, გადაიღე".

საპატრიარქომ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ "ეს ფაქტი ყოველგვარ ზნეობრივ თუ ეთიკურ საზღვრებს სცილდება და მიუღებელია როგორც ქრისტიანული, ისე მორალური და ადამიანური თვალსაზრისით, მით უმეტეს, რომ ვიდეომასალაში ადამიანები საბერო შესამოსლით არიან წარმოდგენილნი".


close დახურვა