პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ რუსეთის ეკონომიკაზე მიბმულია საქართველოს ეკონომიკის დიდი ნაწილი და სანქციების დაწესებით ჩვენი მოსახლეობა "დაიჩაგრება". ღარიბაშვილი ამბობს, რომ სანქციებს "ეროვნული ინტერესების" გათვალისწინებით არ შეუერთდება.
მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა ჩამოთვალა, რომ დიდია ქართული ექსპორტი რუსეთში, მათ შორის ღვინის და საქართველომ ტურიზმიდან ქვეყანამ ბოლო 5 წელიწადში 3 მილიარდი დოლარი მიიღო და მათ შორის 5 მილიონი რუსი ვიზიტორი.
"ნუ დაგვავიწყდება ნურავის, რომ 1 მილიონი ქართველი, საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში და ყოველ წლიურად, საშუალოდ, გადმორიცხვების ჯამური ღირებულება შეადგენს, დაახლოებით, 500 მილიონს, ანუ ჯამურად ბოლო წლებში სამი მილიარდი შემოვიდა რუსეთისგან, გადმოირიცხა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან.
ჯამურად ეს რომ მოვთავლოთ, ეს გამოდის 12 მილიარდზე მეტი ამ ბოლო 7-8 წელიწადში. ამიტომ, მე კითხვას ვსვამ, მეგობრებო. როცა საუბარია სანქციების დაწესებაზე და რა თქმა უნდა, მე მინდა ვთქვა, რომ ამ ყველაფერში ჩართულია თითქმის მთელი მოსახლეობა — ათასობით მეღვინე, ექსპორტიორი, ფერმერი, ყველა არის ჩართული ამ პროცესში. ანუ რას მთხოვენ, რომ საკუთარ ხალხს დავუწესოთ სანქციები? ეს ვის მოაკლდება, ეს ყველაფერი, შემოსავალი? მოაკლდება ჩვენს ხალხს, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ეკონომიკას. დაიჩაგრება ჩვენი 1 მილიონი თანამოქალაქე, რომლებიც ვეღარ შეძლებენ ფულის გადმოურიცხავს, თუ გავურთულებთ მათ ფინანსურ ოპერაციებს. ამიტომ, მე მინდა აღვნიშნო, ეს ზედმეტი ემოციები არაფრის მომცემი არ არის, პირიქით, ეს არის საზიანო ჩვენი ეროვნული ინტერესების", - ამბობს ღარიბაშვილი.