logo
ENG



ლატვიამ რუსეთის 25 მოქალაქე, მათ შორის თინა კანდელაკი, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

24 მარ 202211:08
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/24/kfbzitrgse9z8zf.jpg

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის 25 მოქალაქე, მათ შორის თინა კანდელაკი, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. გარდა კანდელაკისა, სიაში მოხვდნენ გართობის და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები.

საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარ რინკევიჩის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ 25 ადამიანს ქვეყანაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით ეკრძალებათ.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ადამიანებმა გამოხატეს აქტიური პოლიტიკური მხარდაჭერა რუსეთის ხელისუფლების მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის მიმართ, ამართლებდნენ და პროპაგანდას უწევდნენ რუსეთის უკრაინაში არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ შეჭრას.

"ლატვია მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინასთან გაჩაღებულ არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომს, რომელიც ერთი თვეა გრძელდება და რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქეები და მებრძოლები ყოველდღიურად კარგავენ სიცოცხლეს.

კრემლის რეჟიმის მიერ ჩადენილი სისასტიკის მხარდაჭერა ნიშნავს ჩადენილი დანაშაულების თანამონაწილეობას. შესაბამისად, ასეთი პირების ლატვიაში შესვლა დაუშვებელია", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა