NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინას ბიოლოგიური, ქიმიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისგან თავდაცვაში დაეხმარებიან.
"დღეს ჩვენ შევთანხმდით გავაკეთოთ მეტი, მათ შორის კიბერუსაფრთხოებაში დახმარება, ასევე, აღჭურვილობა, რომელიც დაეხმარება უკრაინას თავი დაიცვას ბიოლოგიური, ქიმიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისგან", - თქვა სტოლტენბერგმა NATO-ს საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ.
სტოლტენბერგმა თქვა, რომ შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთი ცდილობს, უკრაინა და მისი მოკავშირეები ქიმიური იარაღის გამოყენების მომზადებაში დაადანაშაულოს. მისივე განმარტებით, სხვების დადანაშაულება საბაბის შექმნაა, რათა თვითონ გააკეთონ იგივე.
როგორც სტოლტენბერგი ამბობს, ქიმიური იარაღის გამოყენება მთლიანად შეცვლის "კონფლიქტის ბუნებას".