logo
ENG



სომხეთი: აზერბაიჯანი ყარაბაღში მშვიდობისმყოფელების კონტროლირებულ ტერიტორიაზე შეიჭრა

26 მარ 202203:03
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/26/oljgengh0z8k0qc.jpg
Angelo Emma

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში იმ ტერიტორიაზე შეიჭრა, რომელიც რუსი მშვიდობისმყოფელების კონტროლის ქვეშაა და სოფელ ფარუხს დაესხა თავს.

სომხური მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა თურქული წარმოების  Bayraktar TB2-ის ტიპის დრონი გამოიყენა და მთიან ყარაბაღში შეტაკებების შედეგად 3 სამხედრო დაიღუპა, 11 კი დაშავდა.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ჯარები თავდაცვის არმიის ბაზას 24 მარტს დაესხნენ თავს და სიტუაცია ამ დრომდე დაძაბულია. 

სომხეთი რუსეთს სთხოვს მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა დატოვონ ტერიტორია.

„აზერბაიჯანი აგრძელებს, შეჭრას იმ ტერიტორიაზე, რომელზე პასუხისმგებლები რუსეთის ფედერაციის  მშვიდობისმყოფელნი არიან. მთიანი ყარაბაღის ასკერანის რეგიონის სოფელ ფარუხში, რაც 24 მარტს დაიწყო. 

გასულ ღამეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ თავდაცვის არმიის ბაზას. მთლიან ყარაბაღში სიტუაცია კვლავ დაძაბულია“ - წერია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ სომხური გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმ ტერიტორიაზე შეჭრის შესახებ, სადაც რუსი მშვიდობისმყოფელები იმყოფებიან  სიმართლეს არ შეესაბამება.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროების პოზიციებისა და ლოკაციების შესახებ ინფორმაცია მოწმდება. ადგილზე ინციდენტებსა და შეტაკებებს ადგილი არ ჰქონია. სომხური მედია კი მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას რათა შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება და ისტერია გამოიწვიოს. 

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ უამინდობის გამო რამდენიმე დღეა რეგიონში არსებულ გაზსადენს ტექნიკური პრობლემები შეექმნა, რასაც ახლა სომხეთი პოლიტიკური მანიპულაციის იარაღად იყენებს.


close დახურვა