logo
ENG



სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებები დასრულდა - რაზე იმსჯელეს

29 მარ 202218:29
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/29/4qria8lvnh7u63e.jpg

სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა.  

უკრაინამ დაასახელა უსაფრთხოების გარანტიები და ის ქვეყნებიც, რომლებიც გარანტორად უნდა იქცნენ. გარდა ამისა, ოფიციალურმა კიევმა ყირიმთან და დონბასთან დაკავშირებითაც საკუთარი პოზიციები წარადგინა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ აქტიურად დაიწყო საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შესაძლებლობაზე. 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ ამბობს, რომ დღეს "ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესია" მიღწეული. 

მოლაპარაკებების დღევანდელი რაუნდი უშუალოდ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ჩართულობით შედგა. შეხვედრის დაწყების წინ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები მისი "ღირებული მეგობრები" არიან.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა რუსი მილიარდერი, რომან აბრამოვიჩიც. მისი როლი მოლაპარაკებებში უცნობია, თუმცა მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენის გავლენა მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე შეზღუდულია.

უსაფრთხოების გარანტიები

უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავიდ არახამიამ დაასახელა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისთვის პირობები და ქვეყნები, რომელთაც შეუძლიათ გარანტები იყვნენ.

"ჩვენი პირველი გამარჯვება მოლაპარაკების ბელარუსიდან თურქეთში გადმოტანაა. ჩვენ თურქეთს ვუყურებთ, როგორც უსაფრთხოების ერთ-ერთ გარანტორს. 

უკრაინის უსაფრთხოების გარანტი შეიძლება გახდნენ დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. ისინი იმოქმედებენ საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში, მათ შორის, შეძლებენ ცის დახურვას უკრაინის მოთხოვნით. 

უსაფრთხოების გარანტიების არსებული სისტემა არ მუშაობს, ამას ვხედავთ მარიუპოლში და ხარკოვში", - თქვა დავით არახამიამ

მისივე განცხადებით, შეთანხმებაში, უკრაინის წინადადების მიხედვით, გარანტორი ქვეყნების მოქმედების მექანიზმი ეფექტური უნდა იყოს. ეს შესაძლოა, იყოს NATO-ს წესდების მე-5 მუხლის მსგავსი მექანიზმი (ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმის ტოლფასია). თუ უკრაინის წინააღმდეგ ომის, აგრესია ან სპეცოპერაცია დაიწყება, გარანტორი ქვეყნები 3 დღის განმავლობაში მოაწყობენ კონსულტაციებს, შემდეგ კი ვალდებულები იქნებიან, უკრაინას დაეხმარონ. 

არახამია ამბობს, რომ ეს დოკუმენტი შესაძლებელს ხდის ომის დასრულებას - მას ხელი უნდა მოაწეროს უსაფრთხოების გარანტორმა ყველა ქვეყანამ. 

ყირიმი და დონბასი

მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყირიმისა და დონბასის საკითხები ცალ-ცალკე განიხილონ.

BBC-ის ცნობით, მოლაპარაკებები შემდეგ პუნქტებზე შედგა:

  • ყირიმისა და სევასტოპოლის სტატუსზე მოლაპარაკებები 15 წლის განმავლობაში გაგრძელდება, მხარეები უარს ამბობენ ამ საკითხის შეიარაღებული გზით გადაჭრაზე;
  • ლუგანსკისა და დონეცკის სტატუსი გამოტანილია ცალკე პუნქტად და ის  შესაძლებელია ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა პირად შეხვედრაზე განიხილონ. 

გზა შეთანხმებამდე 

უკრაინული მხარე მიიჩნევს, რომ შეთანხმების რატიფიცირებამდე უკრაინაში უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი, რომლითაც ხელშეკრულების შეთავაზებულ ვერსიასთან დაკავშირებით საკუთარ აზრს დააფიქსირებენ. ამის შესახებ დელეგაციის წევრმა ალექსანდრე ჩალიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ამის შემდეგ უნდა მოახდინონ ხელშეკრულების რატიფიკაცია უკრაინის და გარანტორი ქვეყნების პარლამენტებმა. როგორც დელეგაციის წევრი აცხადებს, აღნიშნული რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს "რეალურ ფორმატში" და არა - ონლაინ, ხელმოწერა კი შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ ცეცხლის სრულად შეწყვეტის შემდეგ.

იქნება თუ არა ზელენსკი-პუტინის შეხვედრა

დავით არახამია ამბობს, რომ უკვე შესაძლებელია უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა.

"ასეთი წინადადება გავუგზავნეთ რუსეთს. ველოდებით მათგან პასუხს", - თქვა არახამიამ სტამბოლში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.

შეხვედრის შესაძლებლობაზე საუბრობს მედინსკიც. პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი აცხადებს, რომ ამის შესაძლებლობა დღევანდელი "შინაარსიანი საუბრის" შემდეგ გაჩნდა.

"დღევანდელი შინაარსიანი საუბრის შემდეგ შევთანხმდით და ვთავაზობთ გამოსავალს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოების მეთაურების შეხვედრა შესაძლებელია საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელშეკრულების პარაფირებასთან ერთად", - თქვა მედინსკიმ.

რუსეთის პოზიცია

მოლაპარაკებებს კონსტრუქციული უწოდა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ მედინსკიმ:

"ეს წინადადებები განიხილება უახლოეს მომავალში, ეცნობება პრეზიდენტს და ჩვენი შესაბამისი პასუხი იქნება".

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რომელიც დელეგაციის შემადგენლობაში იყო, განაცხადა, რომ რუსეთი "კარდინალურად შეამცირებდა" საომარ მოქმედებებს კიევსა და ჩერნიგოვში.

მანამდე უკრაინის გენშტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთს აღნიშნული ოლქებიდან სამხედროების ნაწილი გაჰყავს.

მედინსკი ამბობს, რომ რუსეთის მიერვე დაწყებულ ომში მოსკოვმა "ორი შემხვედრი ნაბიჯი" გადადგა, რომელიც მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო ასოპექტს. 

პრეზიდენტის თანაშემწე და დელეგაციის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ უკრაინამ წერილობითი წინადადებები მიაწოდა, რომელიც "ამტკიცებს მის სწრაფვას ნეიტრალური და არაბირთვული სტატუსის" შესახებ.


close დახურვა