logo
ENG



საფარი: იანვარში, ბათუმში უკრაინის მოქალაქე გააუპატიურეს, დღემდე დაზარალებულად არ ცნეს

07 აპრ 202214:10
3 წუთის საკითხავი
clock 1123

უკრაინის მოქალაქე აცხადებს, რომ საქართველოში გაუპატიურების მსხვერპლი გახდა. მის უფლებებს საფარი იცავს.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბაია პატარაია ამბობს, შემთხვევა იანვარში, ბათუმში მოხდა.

"ძველ ახალ წელს მოხდა შემთხვევა, როდესაც უკრაინის მოქალაქე ქალი თავის მეგობართან იმყოფებოდა, სადაც მას მიაღებინეს მისთვის უცნობი ტიპის ალკოჰოლური თუ სხვა ტიპის ნივთიერება, შემდეგ გადაიყვანეს სხვა ადგილზე და იმის იქით უკვე ადამიანს აღარ ახსოვს რა ხდებოდა ფრაგმენტულად ახსოვს გაუპატიურების მომენტები. ისიც არ იცის, ერთი ადამიანი იყო თუ რამდენიმე ადამიანი. როდესაც აზრზე მოვიდა, იყო გახდილი, ჰქონდა დაზიანებები და უკვე მეორე დღეს მიმართა პოლიციას", - ამბობს პატარაია.

ორგანიზაციის იურისტის, თამარ ლუკავას განცხადებით, ქალს ამ დრომდე არ აქვს დაზარალებულის სტატუსი, შესაბამისად, იურისტებს საქმის მასალებზე წვდომა არ აქვთ.

"ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა გამოძიებამ გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც გვაქვს მოწოდებული მსხვერპლი ქალისგან. ჩვენ არ ვიცით, ჩატარდა თუ არა საგამოძიებო მოქმედებები. დაინიშნა თუ არა ექსპერტიზები. ვიცით, რომ ამოღებულია კონკრეტული მტკიცებულებები, მაგრამ დანიშნულია თუ არა ექსპერტიზა, არ გვაქვს ინფორმაცია. ვინაიდან, გამოძიება დაზარალებულის სტატუსს არ ანიჭებს მსხვერპლს, ჩვენი ხელმისაწვდომობა გამოძიების მასალებზე იზღუდება", - ამბობს ლუკავა.


close დახურვა