აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. საქართველოზე მომზადებულ ანგარიშში, მედიაზე თავდასხმის კონტექსტში არაერთხელაა მოხსენიებული ტელეკომპანია ფორმულა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია, ასევე ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს სარჩელზე.
ქვეთავში "პრესისა და სხვა მედიის, მათ შორის ონლაინ მედიის გამოხატვის თავისუფლება" ვკითხულობთ, რომ კეზერაშვილის წინააღმდეგ სარჩელი სამინისტრომ თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 დღით ადრე შეიტანა სასამართლოში:
"30 სექტემბერს, მუნიციპალურ არჩევნებამდე ორი დღით ადრე, თავდაცვის სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ, რომელიც კრიტიკული ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელია. სარჩელით ითხოვდნენ ხუთ მილიონ ევროზე მეტი (5,8 მილიონი აშშ დოლარი) ზარალის ანაზღაურებას, რომელიც ბრალდების თანახმად, კეზერაშვილმა სამინისტროში ყოფნის დროს მიაყენა. ოპოზიციამ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასა".
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ პოლიტიკური ლიდერების განცხადებები ამცირებს მედიაპლურალიზმს. დოკუმენტში ქართული ოცნების წევრების განცხადებებია მოყვანილი, მათ შორის გია ვოლსკისა და ირაკლი კობახიძის.
"30 ოქტომბერს მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურის დროს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავარ არხს "პროვოკატორი" უწოდა. პარლამენტის დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ირაკლი დაჩი ბერაიამ ფორმულას "ნაციონალური მოძრაობის ზონდერი" უწოდა.
ქვეთავში "ძალადობა და შევიწროება" სახდეპი საერთაშორისო გამჭვირვალობა/საქართველოს მონაცემებს ეყრდნობა, რომ სექტემბრის ბოლოსთვის 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის 93 შემთხვევა და ჟურნალისტების ფარული მოსმენის 55 შემთხვევა დაფიქსირდა.
ანგარიშის თანახმად, მათ შორის რადიო თავისუფლებისა და ფორმულას ჟურნალისტებმა დაადასტურეს, რომ მოსმენების ფაილები [გავრცელებული სუს-ის მასალები] მათ საუბრებს ასახავდა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლის განმავლობაში ულტრამემარჯვენეების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმის მნიშვნელოვანი რაოდენობა დაფიქსირდა.
"სამოქალაქო საზოგადოებიდან თვლიდნენ, რომ მთავრობა ადეკვატურად არ იძიებდა და არ დევნიდა მსგავს ძალადობას. 5-6 ივლისის თავდასხმის გარდა, ადგილი ჰქონდა მედიის წარმომადგენლებზე არაერთ თავდასხმას. კერძოდ, 25 თებერვალს როდესაც ფორმულას ტელეწამყვანს ვახო სანაიას ჟურნალისტობის გამო ფიზიკურად დაესხნენ თავს. 25 აგვისტოს სამი თავდამსხმელი დამნაშავეს ცნეს ექვსთვიანია წინასწარი პატიმრობის შემდეგ, მიუსაჯეს 150 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და ჯარიმა. მსუბუქად აღქმულმა სასჯელმა აღშფოთება გამოიწვია მედიის უფლებადამცველებში და მხარდაჭერა ულტრამემარჯვენე წრეებში, რომლებიც სოციალურ ქსელების კომენტარებში წერდნენ, რომ "სანაია იმსახურებდა", - აღნიშნულია ანგარიშში.
გარდა ამისა, აქ ნახსენებია ფორმულას ჟურნალისტებზე აპრილში განხორციელებული კიდევ ერთი თავდასხმა.
ანგარიშში, ასევე მოხვდა ფორმულას ეთერში, "შაბათის ფორმულაში" გასული სიუჟეტი, რომელშიც საუბარია სუს-იდან გამოჟონილ დოკუმენტებზე. კერძოდ, სიუჟეტის თანახმად, სუს-ში აფასებდნენ, რამდენად ლოიალურები იყვნენ სკოლის დირექტორები მმართველი პარტიის ქართული ოცნების მიმართ. დოკუმენტების მიხედვით, დირექტორები გაათავისუფლეს ან დაქვეითდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უარყოფითი შეფასების საფუძველზე.