8 აპრილს უკრაინაში ჩასულმა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრეზიდენტ ზელენსკის ევროკავშირის წევრობის კითხვარი გადასცა. ლაიენის განცხადებით, ამ ნაბიჯით უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭების პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდა.
რამდენიმე დღეში კითხვარი მიიღეს საქართველომ და მოლდოვამაც. ქვეყნებმა, რომლებიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ფეხდაფეხ მიჰყვნენ და წევრობის სტატუსის მიღების შესახებ განაცხადი 2022 წლის მარტის დასაწყისში გააკეთეს.
11 აპრილს ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი გადასცა.
სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა 12 აპრილს ევროკავშირის კითხვარისა და პასუხების გასაჯაროება მოითხოვეს. საქართველოს მთავრობამ კითხვარი 15 აპრილს გაასაჯაროვა.
რა არის ევროკომისიის კითხვარი და რატომაა მნიშვნელოვანი?
ევროკომისიის მიერ შედგენილი კითხვარი არის ფორმალური ინსტრუმენტი, რომლითაც კომისია აფასებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისადმი აპლიკანტი ქვეყნების მზაობას, კერძოდ იმას არის თუ არა ქვეყანა მზად წევრობის სტატუსის მიღებისა და წევრობის მოლაპარაკებების დაწყებისთვის.
კითხვარი მოიცავს, როგორც მარტივ ასევე კომპლექსურ კითხვებს, რომელთა მიზანიც ქვეყნის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდებაა. კითხვები შეეხება, როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმებისადმი შესაბამისობას, ასევე ევროკავშირის კანონმდებლობისადმი შესაბამისობის ხარისხს და იმ ინსტიტუციური და ადმინისტრაციული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას, რაც აუცილებელია ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული 33-ვე მიმართულების პოლიტიკის მიღებისა და იმპლემენტაციისთვის.
აღსანიშნავია, რომ კითხვების რაოდენობა განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. მაგალითად წარსულში ხორვატიამ 4 560 კითხვისგან შემდგარი სია მიიღო, მონტენეგრომ 2 178. საქართველომ ჯერჯერობით კითხვარის პირველი ნაწილი მიიღო, რომელიც 369 კითხვისგან შედგება.
კანდიდატ ქვეყანას, როგორც წესი 3 თვე აქვს შევსებისთვის. თუმცა ვინაიდან პასუხების ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია, აპლიკანტ ქვეყანას, შესაძლოა, მეტი დრო დასჭირდეს.
პასუხების ხარისხი კი მნიშვნელოვანია სახელმწიფოში არსებული სიტუაციის სწორი შეფასებისთვის. სხვა ქვეყნების გამოცდილებით, ხშირად კითხვარის გაგზავნის შემდეგ ხშირია კომუნიკაცია და დამაზუსტებელი კითხვები ევროკომისიისგან, მანამ სანამ ის ყველა საჭირო ინფორმაციას მიიღებს.
კითხვარის გაგზავნის შემდეგ ევროკომისია ადგენს შეფასების ანგარიშს (Opinion), რომელშიც ძირფესვიანად აანალიზებს ქვეყნის სამართლებრივ და კონსტიტუციურ ჩარჩოს, ისევე როგორც ქვეყნის მხრიდან ევროკავშირის კანონების, ნორმებისა და რეგულაციათა განხორციელების მზაობას.
შეფასების მოსამზადებელი პროცესის დასრულების დრო ინდივიდუალურია. კომისია შეფასების ანგარიშს ევროკავშირის საბჭოს გადასცემს, რომელიც ევროკავშირის გზაზე მომავალი ნაბიჯების შესახებ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
თუ ქვეყანა სათანადოდ არ შეესაბამება პროცესის გაგრძელების მოთხოვნებს, კომისია შეფასების დოკუმენტში გაწერს იმ მთავარ პრიორიტეტებს, რაც ქვეყანამ უნდა შეასრულოს იმისთვის, რომ პროცესი გაგრძელდეს.
აღსანიშნავია, რომ კითხვარი მნიშვნელოვანი ელემენტია, მაგრამ ეს არაა ქვეყნის შესახებ ინფორმაციის შეგროვების ერთადერთი გზა. პარალელურად კომისია აგზავნის ექსპერტთა მისიებს და კოლეგიალურ შემოწმებებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ექსპერტებთან ერთად, განსაკუთრებით იმისთვის, რომ კანონმდებლობის იმპლემენტაციის დონე შეამოწმოს.
კომისია ასევე იღებს დამოუკიდებელ ექსპერტთა ანგარიშებს და მართავს შეხვედრებს სამოქალაქო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. კომისია ქვეყნებს ასევე მოუწოდებს ერთობლივი პროცესისკენ, სადაც ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციები თუ სამოქალაქო საზოგადოება კომისიას წარუდგენს ინფორმაციას.
გთავაზობთ ევროკომისიის საქართველოსთვის მომზადებული კითხვარის დეტალურ მიმოხილვას.
ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადზე შეფასების მომზადებისთვის ევროკომისიის მიერ საქართველოს ხელისუფლებისგან გამოთხოვილი ინფორმაცია
შესავალი
3 მარტს საქართველომ ევროკავშირს წევრობის სტატუსის განაცხადი შეიტანა. 7 მარტს, ევროპულმა საბჭომ ევროკომისია მოიწვია რათა საბჭოსთვის წარედგინა აზრი წევრობის განაცხადთან დაკავშირებით.
ევროკომისია შეფასების ჩამოყალიბებისას გააანალიზებს საქართველოს აპლიკაციას მისი შესაძლებლობების შესაბამისად, თუ რამდენად შეესაბამება იმ კრიტერიუმებს, რომელიც ევროკომისიის კოპენჰაგენის 1993 წლის წესდებით დადგინდა და მოითხოვს:
- რომ კანდიდატმა ქვეყანამ მიაღწიოს იმ ინსტიტუტების სტაბილურობას, რომლებიც დემოკრატიის გარანტორია, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებათა და უმცირესობის უფლებების პატივისცემასა და დაცვას.
- ფუნქციური ეკონომიკური ბაზრის არსებობას, ისევე როგორც უნარს ევროკავშირში კონკურენციის წნეხსა და საბაზრო ძალებთან გამკლავებისთვის.
- უნარს აიღოს წევრობის ვალდებულებები, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და მონეტარული ერთიანობის ერთგულება.
იმისთვის, რომ კომისიამ მიიღოს ანალიზისთვის საჭირო ინფორმაცია, საქართველოს ხელისუფლებას გადაეცა კითხვების სია. მას მოეთხოვება პასუხები ზუსტი, მკაფიო და გამჭვირვალე ფორმით დააფიქსიროს და მოიცვას კითხვის ყველა აუცილებელი ასპექტი. საჭიროების შემთხვევაში კომისიამ, შესაძლოა, დამატებით ინფორმაცია, სტატისტიკა ან დაზუსტებები მოითხოვოს ხელისუფლებისგან.
კითხვარი
ევროკომისიის კითხვარი შედგება 2 ძირითადი ნაწილისგან: პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმისგან.
პოლიტიკური კრიტერიუმი
პოლიტიკური კრიტერიუმის ნაწილი 3 მოცულობითი თავისგან შედგება: 1. დემოკრატია და კანონის უზენაესობა; 2. ფუნდამენტური უფლებები; 3. რეგიონული საკითხები და საერთაშორისო ვალდებულებები
დემოკრატია და კანონის უზენაესობა
დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ნაწილი შედგება 8 თემატურ ქვეთავად დაჯგუფებულ კითხვებისგან:
1. კონსტიტუცია: ამ ნაწილში უნდა აღიწეროს საქართველოს კონსტიტუციური მოწყობა და როგორ ხორციელდება 3 შტოს (აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო) ურთიერთბალანსი და კონტროლი. არის კითხვები საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირების, ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესახებ. ასევე მოსამართლეების დანიშვნისა და მათი დამოუკიდებლობის გარანტიებზე.
ევროკომისია ასევე ითხოვს იმ ინსტიტუციების სიას, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით დამოუკიდებლადაა მიჩნეული და ინტერესებდა, რა არის მათი დამოუკიდებლობის გარანტია.
კითხვები ეხება კონსტიტუციის შეცვლის პროცედურებსა და უახლეს შესწორებებსაც: თუ არის ისეთი შესწორებები კონსტიტუციაში, რაც საქართველოს ევროკავშირის სტანდარტთან შესაბამისობაში შეუშლის ხელს ან მოითხოვს კონსტიტუციის შესწორებას.
2. პარლამენტის შესახებ ქვეთავი ეხება პროცედურებს, პოზიციებს, სტრუქტურას, ფუნქციონირებას. ასევე საპარლამენტო კომიტეტების კომპეტენციებს, პარტიების შესახებ ინფორმაციას.
კითხვარი ასევე მოიცავს საარჩევნო წესის, პარტიათა დაფინანსების გზებისა და პირდაპირი დემოკრატიის ინსტრუმენტების, მათ შორის რეფერენდუმის პროცედურების შესახებ კითხვებს და ზოგადად, რამდენად გამჭვირვალეა პარლამენტი თავის საქმიანობაში და რამდენად აქვს საზოგადოებას და მედიას მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.
3. დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის თავში ვხვდებით კითხვებს ხელისუფლების სტრუქტურაზე, სამინისტროთა შორის კავშირებზე, თვითმმართველობაზე, საარჩევნო სისტემასა და ფისკალური პოლიტიკაზე.
ასევე აქვს თუ არა ქვეყანას დეცენტრალიზაციის სტრატეგია.
4. სამოქალაქო საზოგადოების ნაწილში კი ევროკომისია ინტერესდება, აქვს თუ არა ყველა ინდივიდს ან იურიდიულ პირს გამოხატვის თავისუფლება, შეუძლიათ თუ არა უსაფრთხოდ შეკრება და სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციაში ჩართვა ან დაფუძნება.
ევროკომისია ასევე ითხოვს სამოქალაქო ორგანიზაციების შესახებ მიმოხილვასა და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას.
ასევე ინტერესდება, არსებობს თუ არა ოფიციალური ორგანოები, რომლებიც სამოქალაქო ორგანიზაციებისა და საჯარო ინსტიტუციებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობას უზრუნველყოფენ და როგორაა მათში სამოქალაქო საზოგადოება წარმოდგენილი. არის თუ არა ეს ორგანო ღია, ხელმისაწვდომი ყველა სამოქალაქო ორგანიზაციისთვის.
კითხვები ეხება კანონპროექტების, სტრატეგიული და პოლიტიკური რეფორმების მიღებისას სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და ჩართულობას.
5. საჯარო ადმინისტრაციის შესახებ ქვეთავი საჯარო სექტორის სისტემას, სამინისტროების, სააგენტოების ფუნქციონირებას, მათი საქმიანობის მონიტორინგსა და გადაწყვეტილების მიღების სისტემას, ასევე საჯარო მოხელეების დანიშვნის პროცედურებს ეხება.
ერთ-ერთ ქვეთავის კითხვები შეეხება ხელისუფლების სამივე შტოში საჯარო მოხელეთა პასუხისმგებლობის საკითხს და ქვეყნისგან შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს შესახებ ინფორმაციას ითხოვს.
ევროკომისია ასევე ინტერესდება იმ პროცედურებითა და ორგანოებით, რომელთა გამოყენებაც მოქალაქეებს შეუძლიათ რომელიმე საჯარო სამსახურის ქმედებების წინააღმდეგ. ამგვარ ორგანოთა სიაშია საპარლამენტო კომიტეტები, ომბუდსმენის ოფისი, შიდა და გარე აუდიტი, ინსპექტორის სამსახური. ასევე ხდება თუ არა ამ ორგანოების რეკომენდაციების განხორციელება და გათვალისწინება და ვინ ადევნებს თვალს მათი იმპლემენტაციის პროცესს.
ამავე ქვეთავში რამდენიმე კითხვა ეთმობა ომბუდსმენის აპარატს. კითხვები შეეხება მის დამოუკიდებლობას, დანიშვნის პროცედურებს, მათ შორის არჩევის პროცესში გამჭვირვალობას.
ასევე აქვს თუ არა სახალხო დამცველს წვდომა ყველა ოფიციალურ დოკუმენტზე და შეუძლია თუ არა ადმინისტრაციული საქმიანობის შეწყვეტა მაშინ, როცა მისი ქმედება ადამიანს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს.
ამავე ქვეთავის ნაწილია კითხვები საჯარო ფინანსების, მათ შორის ბიუჯეტის მენეჯმენტის სტრატეგიისა და მისი გამჭვირვალობის შესახებ. როგორ ხდება ამ სტრატეგიების მონიტორინგი და არის თუ არა მასში სამოქალაქო საზოგადოება ჩართული.
6. უსაფრთხოების სექტორის სამოქალაქო ზედამხედველობა: ამ ნაწილში კითხვები ეხება უსაფრთხოების ორგანოებზე, მათ შორის დაზვერვის სამსახურებზე სამოქალაქო კონტროლის მექანიზმების არსებობასა და მათი განხორციელების გზებს. ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს აღწეროს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები უსაფრთხოების სამსახურებისთვის.
7. სასამართლო
ევროკომისიის კითხვარში სასამართლოს შესახებ 60 სხვადასხვა შინაარსის კითხვა 7 ქვეთავშია ორგანიზებული:
კითხვების პირველი ნაწილი შეეხება სასამართლოსა და პროკურატურის სისტემების ორგანიზაციას, სტრუქტურას, ფუნქციებს, წევრთა არჩევისა და ორგანოებისადმი მიმართვის პროცედურებს.
ამავე ნაწილში ვხვდებით კითხვებს იუსტიციის საბჭოსა და პროკურატურის საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალეობის შესახებ.
აქვეა კითხვა სასამართლო რეფორმაზეც: როგორია სასამართლოში ზოგადი რეფორმის სტრატეგია, მისი ვადები, სამოქმედო გეგმა და ვინაა პასუხისმგებელი მის იმპლემენტაციასა და მონიტორინგზე.
დამოუკიდებლობის შესახებ ქვეთავი მოიცავს მოსამართლეთა წესდების შესახებ კითხვებს.
ამ თავში ხელისუფლებამ უნდა უპასუხოს, არსებობდა თუ არა საჩივრები სასამართლოს დამოუკიდებლობისა და პროკურატურის ავტონომიურობის შესახებ, როგორ გადაიჭრა ისინი და ზოგადად, როგორ აღიქვამს საზოგადოება სასამართლოს დამოუკიდებლობასა და პროკურორების ავტონომიურობას.
ასევე, არიან თუ არა მოსამართლეები, როგორც სისტემის შიგნით ასევე გარედან დამოუკიდებლები ინდივიდუალური საქმეების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას. იძლევა თუ არა სასამართლო სისტემა ყველა მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიებს და რა შიდა ზომები უზრუნველყოფს მათ დამოუკიდებლობას. ასევე არის თუ არა თითოეული ინსტანცია ზემდგომი ინსტანციისგან დამოუკიდებელი; აქვს თუ არა ხელმძღვანელობას დისციპლინარული სახდელის დაკისრების ძალაუფლება და რა მექანიზმები არსებობს სამართლებრივი სისტემის შიდა იერარქიაში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებისთვის.
მსგავსი ტიპის კითხვები ეხება პროკურატურასაც: არიან თუ არა დამოუკიდებლები, არის თუ არა იერარქიული გავლენები და რა არის მათი პრევენციის ზომები.
ასევე, არსებობს თუ არა სამართლებრივი პროცედურები, რითაც სანქციები დაუწესდებათ იმ ადამიანებს, ვინც მოსამართლეებსა და პროკურორებზე გავლენის მოხდენას უფლებამოსილების გადაჭარბებით ეცდება. რომელი ორგანოები მუშაობენ სასამართლოსა და პროკურატურის დამოუკიდებლობაზე და რა ზომებს მიიღებენ სხვადასხვა სიტუაციაში, როცა მათ დამოუკიდებლობას საფრთხე შეექმნება.
ეს ქვეთავი ასევე მოიცავს მოსამართლეების, პროკურორების, სასამართლოს პრეზიდენტების დანიშვნის პროცედურებს. რა ქმნის იმის გარანტიას, რომ საუკეთესო კანდიდატი აირჩევა და რა სამართლებრივი საფუძვლებით ფასდება კანდიდატის უნარები.
კითხვები ეხება მოსამართლეთა შეუცვლელობის პრინციპსაც ისევე, როგორც მოსამართლეების და პროკურორების დათხოვნის პროცედურებს.
ასევე საქმეების განაწილებასა სასამართლოსა და პროკურატურაში და არსებობს თუ არა მათი გადანაწილების ზოგადი კრიტერიუმები, რაც რომელიმე მხარის ან ადამიანის გავლენის თავიდან აცილებას უზრუნველყოფს.
ერთ-ერთი ქვეთავი სასამართლოს მიუკერძოებლობას ეთმობა. კითხვები ეხება იმ ზომებს, რაც სასამართლოებისა და პროკურორების მიუკერძოებლობის გარანტორია. ასევე ინტერესთა კონფლიქტის პრევენციის ზომებს და იმ პასუხისმგებლობასა და სანქციებს, რაც უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაში დაეკისრებათ შესაბამის პირებს.
ევროკომისია საქართველოსგან ითხოვს საჯარო ინსტიტუტების ან დამოუკიდებელი ორგანიზაციების მხრიდან ჩატარებულ ანალიზს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რაც სასამართლო სისტემაში კორუფციის დონის შესახებ საზოგადოებრივ აზრს აღწერს.
სასამართლოს ქვეთავში კითხვების ნაწილი ეხება დისციპლინასა და პასუხისმგებლობასაც, მათ შორის ეთიკის კოდექსს, სასამართლოსა და პროკურორების იმუნიტეტს და მათ წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების საფუძვლებსა და პროცედურებს.
ამავე ნაწილშია კითხვები კონტროლის შიდა მექანიზმებზეც, რისი მაგალითიცაა ინსპექტორის სამსახურის. ასეთის არ არსებობის შემთხვევაში კი სახელმწიფომ უნდა ისაუბროს ალტერნატიულ მექანიზმებზე, მათ როლსა და ფუნქციონირებაზე.
კითხვები ეხება მოსამართლეებისა და პროკურორების ქონების დეკლარაციებს, მათი კომპეტენციის დადასტურების გზებსა და პროფესიული ტრენინგების შესაძლებლობებს.
ხარისხისა და ეფექტურობის ქვეთავები ეხება, როგორც სამართლის შტოს ბიუჯეტს, ასევე მისი გამჭვირვალობის ზომებს და საქმიანობის საჯაროობას. ასევე მონაცემებს საქმეთა საშუალო ხანგრძლივობაზე, გახსნილი საქმეების წილს. გარდა ამისა, გადაწყვეტილების მიღების პროცედურას, ორგანოების აღჭურვილობას, საქმეთა ელექტრონულ ბაზასა და არქივებს.
ერთ-ერთი კითხვა ეხება ომის დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების და გენოციდის გამოძიების კანონმდებლობით გათვალისწინებულ ჩარჩოს.
8. ანტიკორუფციულ პოლიტიკა და სტრატეგია
ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს კორუფციის შემცირებისა და პრევენციისთვის გაწეული ძალისხმევის აღწერას, კორუფციასთან ბრძოლის მთავარ ორგანოების დასახელებას. ასევე, არსებობს თუ არა ეროვნული ანტი-კორუფციულ სტრატეგია და შეიქმნა თუ არა ის ფართო განხილვის, მათ შორის კერძო სექტორში დაინტერესებულ მხარეებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან თანამშრომლობის შედეგად.
არის კითხვები მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმისა და იმ სპეციალური ორგანოს შესახებ, რომელიც ამ სტრატეგიების იმპლემენტაციას ზედამხედველობს. აქაც, ჩართულია თუ არა ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები.
გარდა ამისა, რას აკეთებს სახელმწიფო კორუფციის, როგორც სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის შესახებ ცოდნის გავრცელებისთვის, ვინაა ამაზე პასუხისმგებელი და არის თუ არა ცნობიერების ზრდა ანტიკორუფციული პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილი. პასუხებთან ერთად ევროკომისია პრაქტიკულ მაგალითებსაც ითხოვს.
ევროკომისია ხელისუფლებისგან კორუფციასთან ბრძოლის ორგანოების ჩამონათვალს, მათ აღწერასა და ფუნქციის, უფლებამოსილებისა და შემადგენლობის შესახებ ითხოვს ინფორმაციას. ასევე ინტერესდება მათი დამოუკიდებლობის ხარისხითა და პოლიტიკური გავლენებისგან დაცულობით.
კითხვარის ფარგლებში ხელისუფლებამ ასევე უნდა წარმოადგინოს კორუფციის დონის შესახებ, ასევე კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულსა და ფულის გათეთრების ურთიერთკავშირების შესახებ ხელმისაწვდომი სტატისტიკა.
„კითხვა N150: არის თუ არა სპეციალური ტრენინგები კორუფციასთან ბრძოლის შესახებ, ან ტრენინგები ეთიკის შესახებ საჯარო მოხელეებისთვის, სასამართლოსა და სამართალდამცავი ორგანოებისთვის?“
ევროკომისიის პაკეტი მოიცავს კითხვებს იმაზე, თუ რა მექანიზმით იცავს სახელმწიფო კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლებს, რა შიდა კონტროლისა და აუდიტის ორგანოები არსებობს და რამდენად ხშირად ადგენენ ისინი საქმიანობის შესახებ ანგარიშებს.
შიდა სამართლებრივი ჩარჩოს ქვეთავში დაჯგუფებული კითხვები კი ეხება, როგორც კორუფციის სამართლებრივი მნიშვნელობის/განმარტების შესახებ კითხვებს, ასევე კონკრეტულ ქმედებებს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულადაა მიჩნეული.
კითხვების ნაწილი ეხება კორუფციასა და მოსყიდვასთან ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო რეკომენდაციებთან, კონკრეტულ კონვენციებთან შესაბამისობას.
არსებობს თუ არა კანონმდებლობა ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომის შესახებ და ვინაა მისი ზედამხედველი. ასევე როგორ ხდება სახელმწიფო შესყიდვების, ბიუჯეტის ხარჯების, მშენებლობებისა და მიწის გამოყენების სფეროების მონიტორინგი. არსებობს თუ არა დამოუკიდებელი ორგანო. როგორ ხდება ფინანსური კონტროლი და არსებობს თუ არა აუდიტის სამსახური ამ მიმართულებით. კითხვები შეეხება შესყიდვების მიმართულებით კორუფციის შეფასებას, გამჭვირვალობასა და პასუხისმგებლობასაც.
„კითხვა N169: არსებობს თუ არა პოლიციასა და პროკურატურას, ასევე სხვა რელევანტურ ორგანოებთან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის სამართლებრივი საფუძვლები? არსებობს შიდა დამოუკიდებელი საგამოძიებო ძალა?“.
ფუნდამენტური უფლებები (კითხვები, რომლებიც 23-ე თავს შეეხება)
ფუნდამენტური უფლებების შესახებ თავი 140 კითხვას აერთიანებს, რომლებიც 4 ქვეთავადაა დაყოფილი: 1. ძირითადი უფლებები, 2. პროცედურული უფლებები, 3. უმცირესობებისა და კულტურული უფლებების პატივისცემა და დაცვა და 4. პირადი ინფორმაციის დაცვა
1. ძირითადი უფლებები
ძირითადი უფლებების შესახებ თავის ზოგად ნაწილში ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს დეტალურ ინფორმაციას იმ წესდებებზე, კონსტიტუციის ნაწილსა თუ კანონმდებლობებზე, რაც ძირითად უფლებებს უკავშირდება და ასევე მათ შესაბამისობას საერთაშორისო კონვენციებთან. ხელისუფლებამ უნდა შეაგროვოს ინფორმაცია იმ ინსტრუმენტებსა და პროტოკოლებზე, რაც საქართველოს რატიფიცირებული აქვს და ასევე მათ იერარქიაზე ადგილობრივ სამართლებრივ სისტემასთან მიმართებით. ევროკომისია ასევე ინტერესდება, აქვს თუ არა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუცია და შეესაბამება თუ არა ის პარიზის და/ან ვენის პრინციპებს.
ამ თავშიც კითხვების ნაწილი ეთმობა ომბუდსმენის აპარატს, მის უფლებამოსილებას, აქვს თუ არა გამოძიების წარმოების უფლება, რა ტიპის რეკომენდაციების გაცემა შეუძლია და აქვს თუ არა სპეციალური კომპეტენცია ქალთა, ბავშვთა, ხანდაზმულთა, შშმ პირთა, ლგბტ+ ადამიანების უფლებებისა და უმცირესობების დაცვის კუთხით. ასევე გარდა ომბუდსმენისა, რა სახელმწიფო ორგანოები მუშაობენ ადამიანის უფლებათა დაცვის ან პოპულარიზაციის კუთხით, განსაკუთრებით დისკრიმინაციის წინააღმდეგ, პირადი მონაცემების დაცვისა და ინფორმაციაზე წვდომის კუთხით.
ამავე თავში ცალკე კითხვა ეთმობა სამართალდამცავ ორგანოებში ადამიანის უფლებათა და სხვადასხვა ჯგუფების უფლებების შესახებ საგანმანათლებლო ტრენინგების არსებობას.
„კითხვა N184: პოლიცია, ციხისა და სასაზღვრო დაცვა და სხვა სამართალდამცავი ოფიცრები იღებენ თუ არა სპეციალურ წვრთნას ადამიანი უფლებებზე, მათ შორის ტრენინგებს ქალთა, ბავშვთა, ხანდაზმულთა, შშმ პირთა, უმცირესობათა და ლგბტქი ადამიანის უფლებებზე?“
ადამიანის ძირითად უფლებათა შესახებ ნაწილი 13 ქვეთავს მოიცავს:
1. ადამიანის ღირსება და სიცოცხლისა და ღირსების პატივისცემის უფლება: კანონმდებლობა და მისი შესაბამისობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციებთან. ხელისუფლებამ ევროკომისიას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ადამიანის ღირსების პატივისცემის უფლების დაცვის მექანიზმებზე.
2. წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა: ქვეყნის კანონმდებლობით როგორ განიმარტება წამება და როგორაა ის აკრძალული. ასევე რა ზომებია გათვალისწინებული ადამიანის ისეთ ქვეყანაში ექსტრადიციისა თუ გადაყვანის წინააღმდეგ, სადაც დიდია რისკები რომ მას სიკვდილით დასჯიან, აწამებენ ან არაადამიანურად მოეპყრობიან.
კითხვარი ასევე მოითხოვს ინფორმაციას ისეთი დამოუკიდებელი ორგანოს შესახებ, რომელიც მეთვალყურეობს ციხეში, წინასწარი დაკავების იზოლატორებში, პოლიციის განყოფილებებსა და სხვა ისეთ ადგილებში არსებულ პირობებს, სადაც ადამიანის თავისუფლება იზღუდება და არსებობს თუ არა გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციას შესაბამისი პრევენციული მექანიზმი. არსებობის შემთხვევაში კი როგორია ამ ორგანოს სტრუქტურა და შეუძლია თუ არა სამოქალაქო საზოგადოებას თავისუფლების შეზღუდვის ადგილების მონიტორინგი.
ამავე ნაწილშია კითხვები არასათანადო მოპყრობის გამოძიების მექანიზმების შესახებ. ასევე რა მექანიზმი არსებობს პატიმრებისა და დროებით დაკავებულებისთვის არასათანადო მოპყრობისა და წამების შესახებ შეტყობინებისთვის და არის თუ არა ეს მათთვის კონფიდენციალური და უსაფრთხო გზა. ამასთან, რა არის პროცესის გამჭვირვალობის გარანტია და რა ტიპის მხარდაჭერას იღებს მსხვერპლი.
3. მონობის, ტყვეობის და იძულებითი ან ძალადობრივი შრომის აკრძალვის შესახებ რა საერთაშორისო კონვენციები და შეთანხმებებია რატიფიცირებული საქართველოში და ამ მიმართულებით როგორია საქართველოს კანონმდებლობა.
4. პირადი და ოჯახის ცხოვრებისა და კომუნიკაციის პატივისცემის უფლება: ამ ნაწილში არის კითხვები ამ უფლებების დაცვის მექანიზმებზე, ასევე ჩხრეკისა და სატელეფონო მოსმენის დაშვების პირობებსა და პირადი ცხოვრების უფლების დამცავ კანონებზე.
5. ევროკომისია ინტერესდება, როგორ იცავს ადგილობრივი კანონმდებლობა ქორწინებისა და ოჯახის შექმნის უფლებას, მათ შორის ერთნაირ სქესიანთა ქორწინების შემთხვევაში და ითხოვს ქორწინების შესახებ ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით გენდერულ ჭრილში ინფორმაციას.
6. აზროვნების, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლების ნაწილში საქართველოს ხელისუფლებამ უნდა წარადგინოს ამ უფლებების ინდივიდუალურად და ჯგუფურად მანიფესტირების თავისუფლების შესახებ კანონმდებლობა, შეზღუდვები და უფლების დაცვის მექანიზმები. ევროკომისია ასევე ითხოვს ინფორმაციას ქვეყანაში რელიგიების სტატუსზე, სახელმწიფო რელიგიასა და კონკორდატზე.
7. გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის მედიის თავისუფლება და პლურალიზმი: ამ ქვეთავში შესაბამისი კანონმდებლობის და უფლებების დაცვის მექანიზმების გარდა ევროკომისია სვამს კითხვებს ინტერნეტში თავისუფლად გამოხატვისა და სიძულვილის ენის პრევენციის შესახებ კანონმდებლობების ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციასთან შესაბამისობაზე.
კომისია ასევე ითხოვს ქვეყანაში არსებული მედიაგარემოს აღწერას და მისი თავისუფლების დაცვის მექანიზმებზე ინფორმაციას, მათ შორის მარეგულირებელი ორგანოების სპეციფიკასა და უფლებამოსილებას.
ერთ-ერთი კითხვა ეთმობა ჟურნალისტებისადმი ჩადენილ დანაშაულებს, თავდასხმებსა და საფრთხეებს. ევროკომისია სახელმწიფოსგან შესაბამის სტატისტიკასაც ითხოვს.
„კითხვა N220: არსებობს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და არის თუ არა დაუსჯელობის გარემო? ჟურნალისტების წინააღმდეგ თავდასხმებისა და საფრთხეების შემთხვევების შემოწმება მუდმივად ხდება? წარმოადგინეთ ამ კუთხით სტატისტიკა.“
ევროკომისია ასევე ითხოვს ინფორმაციას ჟურნალისტების წინააღმდეგ სასამართლო პროცესების შესახებ, არსებობს თუ არა ზომები, რომლებიც ჟურნალისტებს პროცესების ბოროტად გამოყენებისგან დაიცავს.
8. ევროკომისია ასევე ითხოვს შეკრებისა და თანამშრომლობის თავისუფლების, მათ შორის პოლიტიკური პარტიების შექმნისა და პროფესიული კავშირების შექმნის თავისუფლების უფლებათა სამართლებრივი ჩარჩოს აღწერას.
9. არადისკრიმინაციული მოპყრობის უფლება და თანასწორი მოპყრობის პრინციპი, მათ შორის სოციალურად მოწყვლადი ადამიანების/ჯგუფებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ:
ევროკომისია ინტერესდება რა სამართლებრივი და პოლიტიკური ინსტრუმენტები აქვს სახელმწიფოს ეროვნული, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, სქესის, გენდერის, რასის, კანის ფერის, გენეტიკური მონაცემების, ენის, რელიგიის, რწმენის ან სხვა აზრის, საკუთრების, შეზღუდული შესაძლებლობის, ასაკის ან სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციის პრევენციისთვის და არსებობს თუ არა ზოგადი ანტიდისკრიმინაციული სტრატეგია. აქვს თუ არა ქვეყანას სპეციფიკური კანონმდებლობა თითოეული ამ მიმართულებით და არის თუ არა სპეციალური სერვისები, რომლებიც ებრძვიან დისკრიმინაციას და მსხვერპლს სთავაზობენ მხარდაჭერას.
ასევე, რა არის თანასწორობის დაცვაზე მომუშავე ორგანოების დამოუკიდებლობის გარანტია; მიღებული აქვს თუ არა საქართველოს საერთაშორისო კონვენციები და შეთანხმებები და იცავს თუ არა ის არადისკმინაციულ პრინციპებს.
არის კითხვები გენდერული იდენტობის შესახებაც. არსებობს თუ არა გენდერული აღიარების სამართლებრივი მექანიზმები და შეუძლია თუ არა ადამიანს პირად დოკუმენტებში გენდერული მარკერის შეცვლის მოთხოვნა.
აქვეა კითხვა ლგბტ+ ადამიანებისთვის შეკრების თავისუფლების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებაც. ევროკომისია საქართველოსგან ბოლო 3 წელში ამგვარი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს.
„კითხვა N237: ხორციელდება თუ არა შეკრების თავისუფლების უფლება თავისუფლად და უპრობლემოდ, მაგალითად გეი პრაიდის ან მსგავსი მოვლენების ორგანიზებისას? მოგვაწოდეთ ინფორმაცია ნებისმიერ ასეთ მოვლენაზე, რომელიც ბოლო 3 წელში დაიგეგმა“
შემდეგი კითხვა კი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებს ეხება და ითხოვს შესაბამის კანონმდებლობასა და ზომებს, რაც სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსითაა გათვალისწინებული. ევროკომისია ასევე სვამს კითხვას: არის თუ არა ინტერნეტით სიძულვილის გამოხატვა და დისკრიმინაცია პრობლემა საქართველოში და რა მეთოდებით ებრძვის მას სახელმწიფო.
10. ევროკომისიის კითხვარი მოიცავს განათლების უფლებისა და
11. საკუთრების უფლების შესახებ ქვეთავებსაც: როგორ ხდება ამ უფლებებით ადამიანების უზრუნველყოფა. საკუთრების უფლების შემთხვევაში კი არსებობს თუ არა შეზღუდვები და ვის შეუძლია მათი დააწესება.
12. გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების შესახებ ევროკომისია შესაბამისი კანონმდებლობის, საერთაშორისო კონვენციების შესახებ ინფორმაციის გარდა ითხოვს იმ კონკრეტული ზომების შესახებ ცნობებს, რომლებიც გენდერულ თანასწორობას უწყობს ხელს.
ამავე ნაწილში საქართველომ უნდა წარმოადგინოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, სასამართლოში, სამართალდამცავ ორგანოებში, საჯარო სამსახურებსა და სახელმწიფო კომპანიებში ქალთა წარმომადგენლობითობის შესახებ სტატისტიკა, განსაკუთრებით კი მენეჯერულ პოზიციებზე. ასევე, არსებობს თუ არა მუდმივი ორგანოები ან სერვისები რომლებიც სქესის ნიშნით დისკრიმინაციას ებრძვიან.
„კითხვა N250: როგორ ეპყრობა გენდერული ნიშნით ძალადობასა და ოჯახურ ძალადობას საკანონმდებლო და სასამართლო გამოცდილება პრევენციის, მსხვერპლის მხარდაჭერისა და სამართლებრივი დევნის კუთხით? რამდენი შემთხვევა გამოიძია პროკურორის ოფისმა? როგორ გროვდება და მოწმდება მონაცემები?“
ასევე რა სერვისებია ძალადობის მსხვერპლთათვის ხელმისაწვდომი, ფინანსდება თუ არა საჯარო თავშესაფრები, აქვს თუ არა მსხვერპლს მხარდაჭერა სოციალური სამსახურების მხრიდან, რაც მისცემს შესაძლებლობას, დატოვოს ძალადობრივი ურთიერთობა და აქვს თუ არა მას წვდომა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე.
13. ბავშვთა უფლებები: ძირითადი უფლებების შესახებ ბოლო ქვეთავი ბავშვთა უფლებებს ეხება- შესაბამისი საერთაშორისო კონვენციების მიღებას, ბავშვთა დაცვის უზრუნველყოფას, ბავშვების მუშაობის შესახებ კანონმდებლობას, მონაცემებსა და პრევენციულ ზომებს.
აქაც არის კითხვები ეთნიკური ნიშნით, ასევე შშმ ბავშვების, სქესისა და დაბადების სტატუსის (დაქორწინებული/ განქორწინებული მშობლები), მიგრაციის სტატუსის ნიშნით დისკრიმინაციასთან ბრძოლის საკანონმდებლო და სხვა ზომებზე. ასევე განათლების უფლებაზე, მათ შორის შშმ ბავშვებისთვის. ევროკომისია ასევე ითხოვს მზრუნველობა მოკლებული ბავშვებზე ზრუნვის შესახებ ინფორმაციასაც და სტრატეგიებს, რაც თემზე დაფუძნებული ზრუნვის პოპულარიზაციას ემსახურება.
ბოლო კითხვა კი შეეხება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას: რამდენადაა უზრუნველყოფილი ბავშვებისთვის მეგობრული გარემო სასამართლო პროცესებზე და იღებს თუ არა ქვეყანა ზომებს მსხვერპლი ან მოწმე ბავშვების დასახმარებლად.
2. პროცედურული უფლებები
ადამიანის უფლებათა შესახებ ნაწილის მეორე თავი მოიცავს პროცედურული უფლებებს შესახებ კითხვარს, რომელიც 3 ნაწილისგან შედგება:
1. თავისუფლება და უსაფრთხოება: აერთიანებს კითხვებს პატიმრობისა და ალტერნატიული ზომების შესახებ, ასევე დაკავებიდან სასჯელის დაწესებამდე პერიოდის, პირობითი პატიმრობის, წინასწარი პატიმრობის პროცედურების შესახებ, მათ შორის არასრულწლოვანთათვის.
სახელმწიფომ უნდა აღწეროს არის თუ არა დაცული ადამიანისთვის უსაფრთხო პირობები პოლიციის, სასამართლო, პროკურატურისა და პენიტენციურ სისტემებში და რა ზომები მიიღება თუ სტანდარტები დაცული არაა.
ასევე ცალკე კითხვა ეთმობა პენიტენციური დაწესებულებების შესახებ მონაცემებსა და პატიმართა რიცხვს (მათ შორის ქალებისა და ბავშვების წილსაც). ასევე, არსებობს თუ არა შესაბამისი პირობები მენტალური დაავადებების მქონე პატიმრებისთვის, იღებენ თუ არა მკურნალობას და ზოგადად, ვინ უზრუნველყოფს პატიმრების ჯანმრთელობაზე ზრუნვას.
2. სამართლიანი სასამართლოს უფლება და პროცედურული გარანტიები ეჭვმიტანილი ან ბრალდებული ადამიანებისთვის: ამ ნაწილში კითხვები ეხება სამართლიან სასამართლოზე წვდომას, უდანაშაულობის პრეზუმფციას, დაუსწრებელ სასამართლოს - შესაბამის სამართლებრივ პროცედურებსა და კანონმდებლობას. არსებობს თუ არა უფასო იურიდიული დახმარების პროგრამა, რა წესები და პროცედურები იცავს ეჭვმიტანილ ბავშვებსა და მოწყვლად ზრდასრულებს და რა არის ბრალდებულთა და ეჭვმიტანილთა უფლებების დაცვის პრაქტიკული გარანტიები.
3. დანაშაულის მსხვერპლთა უფლებები: არსებობს თუ არა კანონმდებლობა ზიანის ანაზღაურების კუთხით, რა ტიპის მხარდაჭერას იღებს მსხვერპლი სახელმწიფოსგან; როგორ იცავს სახელმწიფო მათ, მაგალითად განმეორებითი ვიქტიმიზაციისგან. როგორაა დაცული მათი ღია სასამართლო მოსმენა.
ცალკე კითხვა ეთმობა წამების მსხვერპლთა სამართლიანი და ადეკვატური სამოქალაქო კომპენსაციის შესახებ, მათ შორის სრული რეაბილიტაციის კუთხით და შეესაბამება თუ არა ადგილობრივი კანონმდებლობა გაეროს კონვენციას ამ ნაწილში.
„კითხვა N286: არსებობს თუ არა კომპლექსური სამართლებრივი და პოლიტიკური ჩარჩო ომის დანაშაულების მსხვერპლთა, მათ შორის სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა სტატუსის არადისკრიმინაციული გზით დასაცავად? არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდეთ მისი ფარგლებისა და ფუნქციონირების შესახებ დეტალები“
3. უმცირესობებისა და კულტურული უფლებების პატივისცემა და დაცვა
ადამიანის უფლებების შესახებ ნაწილის მესამე თავი უმცირესობებისა და კულტურული უფლებების პატივისცემასა და დაცვას ეთმობა.
ხელისუფლებამ უნდა აღწეროს უმცირესობებისადმი არადისკრიმინაციული და თანასწორი მოპყრობის პრინციპის აღსრულების გზები, ჩამოთვალოს ის საერთაშორისო კონვენციები და მათი იმპლემენტაციის გზები, რომელიც საქართველოს აქვს მიღებული.
ასევე, არსებობს თუ არა უმცირესობების დაცვის ზოგადი სტრატეგია; რა ზომები განაპირობებს მათ სათანადო წარმომადგენლობითობას და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას.
ევროკომისია ხელისუფლებისგან ითხოვს სტატისტიკურ ინფორმაციას ქვეყნის უმრავლესობასთან შედარებით უმცირესობების საცხოვრებელი პირობების, განათლების, ჯანდაცვის სერვისების, დასაქმებისა და უმუშევრობის, ასევე ბავშვთა სიკვდილიანობისა და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის შესახებ.
კითხვების ნაწილი ეხება უმცირესობებისთვის ინფორმაციისა და განათლების მათსავე ენაზე მიწოდების შესახებ კანონმდებლობას. ასევე რა ზომებია მიღებული ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის, რა მეთოდოლოგია გამოიყენება ეთნიკურად მოტივირებული ინციდენტების გამოვლენის, გამოძიებისა და საქმის აღძვრის კუთხით და რამდენად აქვთ წვდომა უმცირესობებს პირადი დოკუმენტების მიღების სერვისებზე.
ბოლო რამდენიმე კითხვა კი ეხება ბოშების უფლებებს, წვდომას განათლებაზე, დასაქმებაზე, ჯანდაცვაზე, სოციალურ სერვისებზე, საცხოვრებელსა და აუცილებელ სერვისებზე, ასევე სამოქალაქო დოკუმენტებზე. ევროკომისია ითხოვს სტატისტიკურ მონაცემებს ბოშა ბავშვებისთვის განათლებაზე წვდომის კუთხით და ითხოვს ინფორმაციას იმ მთავარი გამოწვევებისა და მათთან ბრძოლის მექანიზმებზე, რასაც ქვეყანა ბოშებისადმი თანასწორი მოპყრობის ნაწილში აწყდება. ასევე არსებობს თუ არა სპეციალური ზომები, რაც ებრძვის ბოშებისადმი დისკრიმინაციას, სიძულვილის ენას, ანტი-ბოშურ რიტორიკას, სტერეოტიპულ ან მასტიგმატიზირებელ ქცევას.
რასიზმისა და ქსენოფობიის საწინააღმდეგო ზომების ნაწილში კი კითხვები შეეხება შესაბამის კანონმდებლობასა და პოლიტიკას ისევე, როგორც სიძულვილის ენასთან ბრძოლის (მათ შორის ონლაინ სივრცეში) სამართლებრივ და პოლიტიკურ ზომებს. ხელისუფლებამ უნდა წარადგინოს სიძულვილის ენის და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შემთხვევების შეგროვების მეთოდოლოგია და გამოძიებისა და სამართლებრივი პროცესების წარმართვის გზებიც.
4. პირადი ინფორმაციის დაცვა
ადამიანის უფლებათა შესახებ თავის ბოლო ნაწილია პირადი ინფორმაციის დაცვა. ამ ნაწილში ევროკომისია ითხოვს კანონმდებლობის შესახებ ინფორმაციასა და მის შესაბამისობას საერთაშორისო კონვენციებთან. ასევე ზომებს, რომლებიც უზრუნველყოფენ პირადი ინფორმაციის ეფექტურ დაცვას.
რეგიონული საკითხები და საერთაშორისო ვალდებულებები
აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური კრიტერიუმის შესახებ კითხვარის დასასრულს ვხვდებით იმ დამატებითი საკითხების ჩამონათვალს, რაზეც საქართველოს ხელისუფლებამ ევროკომისიას ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.
ამ თავში საქართველოს ხელისუფლებას მოეთხოვება ყველა იმ რეგიონული ინიციატივის დასახელება, რომელშიც საქართველო მონაწილეობს. ასევე ყველა ის რეგიონული შეთანხმება, რომელსაც საქართველომ ხელი მოაწერა ან დაამტკიცა.
ხელისუფლებამ უნდა აღწეროს ის ვალდებულებები, რაც ევროპსაბჭოს წევრობით ეკისრება და ზომები, რაც მან ამ ვალდებულებების დაცვისთვის ამ დრომდე მიიღო.
ეკონომიკური კრიტერიუმი
კითხვარის მეორე ნაწილი ეკონომიკური კრიტერიუმის შესახებ კითხვებს 2 დიდ თავში აერთიანებს: 1. ფუნქციური საბაზრო ეკონომიკის არსებობა; 2. ევროკავშირის შიგნით კონკურენციის წნეხისა და საბაზრო ძალებთან გამკლავების შესაძლებლობა/ უნარი
ფუნქციური საბაზრო ეკონომიკა
ფუნქციური საბაზრო ეკონომიკის შესახებ თავში შედის მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ფინანსური ბაზრისა და შრომითი ბაზრის ფუნქციონირების შესახებ კითხვები.
1. მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესახებ ქვეთავი მოიცავს კითხვებს ქვეყნის ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკასა და საქართველოს ეკონომიკის მთავარ გამოწვევებსა და მიზნებზე. აქვე შედის პროდუქტების ფუნქციონირებაზე კითხვებიც, მათ შორის ბიზნეს გარემოსა და პროდუქტების ბაზარზე სახელმწიფოს გავლენაზე. ასევე საჯარო სექტორის წილზე ეკონომიკაში, სახელმწიფო გრანტებსა და სუბსიდიებზე.
ცალკე კითხვა ეთმობა პანდემიის პირობებში დამატებითი ეკონომიკურ მხარდაჭერის პროგრამებს. აქვეა კითხვები საწარმოების პრივატიზაციასა და რესტრუქტურიზაციაზეც.
2. ფინანსური ბაზრის ფუნქციონირების ნაწილი მოიცავს ფინანსური სტაბილურობასა და ფინანსებზე წვდომის შესახებ კითხვებს. ევროკომისია ხელისუფლებისგან ითხოვს საბანკო სექტორის აღწერას, მათ შორის საჯარო სექტორის წილს და ამ სფეროში კონკურენციისა და სტაბილურობის შესახებ ინფორმაციას. აქვეა კითხვები კაპიტალურ და ფულის ბაზარზე, არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებზე, რაც სადაზღვევო კომპანიებსაც მოიცავს.
3. შრომითი ბაზრის ფუნქციონირების შესახებ ქვეთავში ხელისუფლებამ უნდა გააერთიანოს ინფორმაცია 2016-21 წლებში ეკონომიკური აქტივობის დონეზე და ასაკის, სქესის, განათლებისა და ეროვნების მიხედვით დასაქმებისა და უმუშევრობის შესახებ მონაცემები წარმოადგინოს.
ევროკავშირის შიგნით კონკურენციის წნეხისა და საბაზრო ძალებთან გამკლავების უნარი
1. განათლება და ინოვაცია: კითხვები შეეხება განათლებაში მთლიან ინვესტიციებს და წილს ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში.
2. ფიზიკური კაპიტალი და ინფრასტრუქტურის ხარისხი: ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ ცვლილებებში, რა ნაწილი ეთმობა მთლიანი შიდა პროდუქტიდან. ეკონომიკის ციფრულობის ხარისხი, საზოგადოებაში ინტერნეტის გამოყენების მაჩვენებელი, ბიზნესებისა და საჯარო სექტორის მხრიდან ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ მონაცემები.
3.ეკონომიკის სექტორული სტრუქტურა და საწარმოების/ კომპანიების პოლიტიკის შესახებ ქვეთავი აერთიანებს კითხვებს სტრუქტურული/ მიკროეკონომიკური რეფორმების განრიგზე, მის მთავარი პრიორიტეტებსა და ბოლო წლებში სექტორულ ცვლილებებზე.
---
ავტორი: ნია აფციაური