ფორმულასთან ექსკლუზიური ინტერვიუში რუსი სანქცირებული ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი, რომლის ბიძინა ივანიშვილთან საუბარი გუშინ გავრცელდა, ადასტურებს, რომ მისი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ალი უზდენოვი თბილისში ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.
მისი თქმით, მათ "მგონი, დასვენებასთან დაკავშირებით" ისაუბრეს.
ევტუშენკოვთან სატელეფონო საუბარი:
- არ გისაუბრიათ ივანიშვილთან, რომ უზდენოვი ჩამოდიოდა საქართველოში?
- მე ივანიშვილს ბოლოს დაბადების დღე მივულოცე ახლახანს.
- ამის შემდეგ არ გისაუბრიათ? იმიტომ, რომ გავრცელდა თქვენი საუბრის ჩანაწერი.
- ჩანაწერი ბევრი ვრცელდება, მათი ნახევარი ფეიკია.
- ალი უზდენოვი არ ყოფილა საქართველოში, არ შეხვდა პრემიერს?
- საქართველოში იყო, პრემიერს შეხვდა.
- მარტში, ხომ?
- არ ვიცი, მგონი, მარტში.
- და მიზანი რა იყო?
- არაფერი პოლიტიკური არ ყოფილა, მგონი, დასვენებაზე ილაპარაკეს.
- და საქმიანი ნაწილი რა იყო, მაინც რა იყო მიზანი, ხორბალი?
- მას ჰკითხეთ, სიმართლე რომ გითხრათ, ზუსტად არ ვიცი, რიგითი ვიზიტი იყო, ჩვენს ერთ თანამშრომელს მანდ მშობლები ჰყავს და მათთან გაფრინდა
- და ბიძინა ივანიშვილთან რა კავშირები გაქვთ? გაქვთ საქმიანი ურთიერთობა, თუ მეგობრული?
- საქმიანი კავშირები არ გვაქვს, მხოლოდ მეგობრული და სხვათა შორის, საქმიანი კავშირები არც არასდროს გვქონია, მაშინაც კი, როცა ბიზნეს საქმიანობა ჰქონდა მას რუსეთში. საქმიანი არა, მაგრამ მეგობრული სულ გვქონდა.
- და მხოლოდ ერთი საუბარი გქონდათ ბოლოს? მხოლოდ მილოცვა? ბოლო პერიოდში მარტს და თებერვალს ვგულისხმობ.
- მომისმინეთ, რომ ახსენებთ ჩანაწერს, სხვათა შორის, მეც მოვუსმინე და იქ მხოლოდ დაბადების დღის მილოცვაა.
- არა, გუშინ ახალი ჩანაწერი გავრცელდა, სადაც ივანიშვილს ეუბნებით, რომ თქვენი მოადგილე ჩამოვა საქართველოში საქმიანი მიზნებით და გინდათ, რომ ბიძინა ივანიშვილი შეხვდეს მას.
- არა, ნუ, ხო, ცხადია, დასვენებასთან დაკავშირებით.
- დასვენებასთან დაკავშირებით?
- ხო, დასვენება მხოლოდ დასვენება, რა თქმა უნდა.
- რა, პრემიერს დასვენების თემაზე შეხვდა?
- მგონი, კი.
- კიდევ ერთხელ ვაზუსტებ, ივანიშვილს ესაუბრეთ უზდენოვის ვიზიტზე?გთხოვთ, გაიხსენოთ.
- თქვენ, რა პროკურორი ხართ?
- არა, მე ჟურნალისტი ვარ.
- მე გიპასუხეთ, ყველაფერი რაც საჭიროდ მიმაჩნდა, გითხარით.
- თქვენ ივანიშვილს უზდენოვის ვიზიტზე ესაუბრეთ, ხომ?
- კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველაფერი გითხარით. ანუ, თუ კაცი იყო, ეს ნიშნავს, რომ ალბათ შეხვდნენ.
- ბიძინა ივანიშვილს ალიზე ესაუბრეთ?
- სტოპ, ასე რატომ ჩაიციკლეთ ამ თემაზე.
- იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ...
- არანაირი მთავრობა არაფერს თქვენ არ გეუბნებათ, იმიტომ, რომ არავითარი კავშირები, საქმიანი თუ სხვა - ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ სუფთა ადამიანური კავშირები გვაქვს და ეს იცით რას ჰგავს, სხვის თეთრეულში ჩაძრომას და ქექვას, რა და როგორ, რასაც არ ვაპირებ, როცა რაიმე საქმიანი თანამშრომლობის შესახებ გაიგებთ, დარეკეთ და იკითხეთ, პირად ურთიერთობებზე კითხვები არასწორია".
გავრცელებულ ჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას, თუ მასაც აქვს ამის სურვილი. ისმის სახელები და გვარები - მათ შორის ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტის ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში.