logo
ENG



სასამართლომ გაამართლა აქტივისტი, რომელსაც პუტინის გინების გამო აჯარიმებდნენ

28 აპრ 202219:54
3 წუთის საკითხავი
clock 1490
2022/04/28/8r7kf793wtixzba.jpg
ფოტო: სირცხვილია

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაამართლა მოძრაობა სირცხვილიას აქტივისტი თამარ კურატიშვილი, რომელსაც 1-ელ მარტს გამართულ აქციაზე პუტინის გინების გამო აჯარიმებდნენ.

აღსანიშნავია, რომ აქტივისტს სამართალდარღვევის ოქმი აქციიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ შეუდგინეს.

"გახსოვთ ალბათ, აქტივისტების სასამართლო პროცესზე გამომიძახეს მოწმედ, სადაც პოლიციელი დამემუქრა, რომ დავლოდებოდი შეტყობინებას ადმინისტრაციულ კანონდარღვევაზე და ეს მას შემდეგ, რაც მის არაკომპეტენტურობას ვუსვამდი ხაზს და ცინიკურად ვპასუხობდი მის უაზრო შეკითხვებს. ფაქტი, რაზეც პოლიციელმა გადაწყვიტა "შურისძიება" მოხდა პირველ მარტს, მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე დემონსტრანტებისა და აქტივისტების უკანონო დაკავებების შემდეგ, როცა მივმართე პოლიციელებს და გავიმეორე სწორედ ის გინებები პუტინისა და მისი მონების მისამართით, რის გამოც პოლიციელებმა დაიწყეს მშვიდობიანი აქციის დარბევა.

ეს სამარცხვინო პოლიციელი ოქმში აღნიშნავდა, რომ მე აქციაზე გადავეკიდე მოქალაქეს (პუტინს) და ვილანძღებოდი, ვარღვევდი 166-ე მუხლს და არ ვემორჩილებოდი სამართალდამცავების მოწოდებებს.

მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა უყურა და უსმინა ყველა წარდგენილ მტკიცებულებას, სადაც ასახულია ჩემი ყველა ზემოთჩამოთვლილი ქმედება, არ გაიზიარა ვიტალი პატრულის პოზიცია და გამამართლა. იმ სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, რაც აქტივისტების წინააღმდეგ არსებობს დღეს, მინდა გითხრათ - ძალიან ბედნიერი ვარ, რომ არსებობენ მოსამართლეები, ვისაც შერჩათ ღირსება და პუტინისა თუ მისი ქართველი მონების საამებლად არ იღებენ გადაწყვეტილებებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ.

ეს არის ჩემი მეორე პროცესი, რომელიც მოვიგე. დიდი მადლობა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტებს, რომლებიც აგრძელებენ აქტივისტების უფლებების დაცვას ბათუმში"- წერს კურატიშვილი.


close დახურვა