ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ კომპანია ბორჯომის ირგვლივ შექმნილი კრიზისის გადალახვა შესაძლებელია მხოლოდ იმ გზით, რომ სახელმწიფომ გამოისყიდოს ალფა ჯგუფისგან კომპანიის აქციები, შემდგომში კი თბილისის საფონდო ბირჟის საშუალებით გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე.
"ბორჯომმა წარმოება შეაჩერა. საფრთხის წინაშეა ბორჯომის ბრენდი, მისი მომავალი, ექსპორტი, ათასობით სამუშაო ადგილი, შემოსავლები ბიუჯეტში. მიზეზი - კომპანიის სტრუქტურაში დასანქცირებული რუსული "ალფა ჯგუფის" აქციონერობაა. “ალფა ჯგუფს" კომპანია "ბორჯომის" საკონტროლო პაკეტი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა და ტვ "იმედის" დღევანდელმა მმართველმა მიყიდა 2013 წელს.
გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან: სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს "ალფა ჯგუფისგან" "ბორჯომის" კომპანიის აქციები, შემდგომში კი თბილისის საფონდო ბირჟის საშუალებით გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე. მხოლოდ ასეთი ნაბიჯებით არის შესაძლებელი შექმნილი კრიზისის გადალახვა და ამავე დროს, კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბებაში დიდი სტიმულის შემოტანა"- წერს ხაზარაძე.
ომისა და სანქციების გამო, კომპანია ბორჯომი მუშაობას დროებით აჩერებს.
IDS ბორჯომის საკონტროლო პაკეტი Alfa Group-მა 2013 წელს იყიდა. Alfa Group-ის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი მიხაილ ფრიდმანია. კომპანია ფიგურირებს TI-ს კვლევაშიც, როგორც რუსული კომპანია.
2021 წლის ივნისამდე მისი დირექტორი რუსეთის მოქალაქე მიხაილ პროვოტოროვი იყო, რომელიც საქართველოს ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჩაანაცვლა.