logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: მძინარე ერების ბედი

01 მაი 202220:05
3 წუთის საკითხავი
clock 2915

უკრაინაში მიმდინარე ჩვენთვის ძალიან ახლობელ ტრაგედიას თითქოს უნდა მიეცა ბიძგი და ქართული საზოგადოება პანდემიური პოლიტიკური ძილ-ბურანიდან გამოეღვიძებინა. ამ გამოღვიძებას კი თან აუცილებლად მოჰყვება ახალი აღმოჩენებიც - ოცნებამ რბილი და ფრაგმენტული ავტორიტარიზმიდან მკაცრი, ცენტრალიზებული ავტორიტარიზმის სტადიაზე გადაინაცვლა. ამ სტადიაზე მყოფ ძალას დღეს უუნაროს ვერ ვუწოდებთ. ძალაუფლების შენარჩუნების გარდა, მას არც აქვს სხვა ამოცანა, სადაც უნარების გამოყენებას საერთოდ აპირებს.

მანამ, სანამ ქართველები ტრაგიკულ პანდემიურ გამოცდილებას ვაგროვებდით, ხელისუფლებამ ახალი რეგულაციები და შეზღუდვები მოიფიქრა - კანონმდებლობა გამკაცრდა და მოერგო მთავრობის ინტერესს - სწრაფად და დიდი ხნით შეძლოს ოპონენტების მოშორება, გაიზარდა ჯარიმები იმაზე, რაც ბობოლა მაღალჩინოსნებს დისკომფორტს უქმნის, არჩევნები ფაქტობრივად გაუქმდა და წინასწარდადგმულ „სპეციალურ ოპერაციას“ დაემსგავსა, მილიარდერმა სახელმწიფოს მიტაცების პროცესი აბასთუმნის ახალ სასახლესთან ერთად დაასრულა და ინსტიტუტები დაიმონა.

ამ გადმოსახედიდან, ევროკავშირის გამოგზავნილი კითხვარის თითოეულ პუნქტზე სიმწრით და გულიანად შეიძლება სიცილი. განა არ არის ერთდროულად სატირელი და სასაცილო, რომ ირაკლი ღარიბაშვილს მოუწევს პასუხი გასცეს კითხვას, როგორ ახერხებს საქართველო ხელისუფლების დანაწილებას, ძალაუფლების სამი შტოს მხრიდან ერთმანეთის კონტროლსა და ბალანსს.

მკაცრი ავტორიტარიზმის სიმპტომებიც უკვე სახეზეა: სასამართლო ჩვეულებრივი იარაღია ხელისუფლების ხელში. მისი საშუალებით სჯიან არასასურველ პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს, კრიტიკული მედიის მესაკუთრეებს, აქტივისტებს, ქალაქის ცენტრში უმოწყალოდ სცემენ და კლავენ ჟურნალისტებს; კულტურის სფეროში რეპრესიები წულუკიანს ახალ საფეხურზე გადაჰყავს: სამსახურიდან ათავისუფლებენ ყველას, ვისაც მონური მორჩილება არ სურს ან არ შეუძლია. იქამდეც მივედით, როცა კინოაკადემიის პრეზიდენტი ფილმს ჩვენებიდან იმ მიზეზით ხსნის, რომ ის თურმე “პოლიტიკურად მოტივირებულია და ადამიანების პოლიტიკური ნიშნით გაღიზიანება შეიძლება გამოიწვიოს”.

შემდეგი სტადია უკვე ტოტალიტარიზმია, სადაც ურჩ პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს თუ კრიტიკული მედიის მფლობელებს მხოლოდ კი არ შეავიწროებენ, არამედ პირდაპირ ციხეში გაუშვებენ; კრიტიკულ ტელევიზიებს დახურავენ; ინტერნეტს შეზღუდავენ; საზოგადოებრივ ორგანიზაციებს უცხოეთის გავლენის აგენტებად გამოაცხადებენ; არასასურველ ფილმებს თუ წიგნებს საერთოდ აკრძალავენ, მეამბოხე მწერლებსა და რეჟისორებს კი უბრალოდ დაიჭერენ, ან ბრბოს აცემინებენ და ქვეყნიდან წასვლას აიძულებენ.

ამ ფაზაშიც უკვე კარგა ხნის გადასული ვიქნებოდით, რომ არა უკრაინა, რომელმაც ერთგვარად თუ არ დააპაუზა, შეანელა ეს პროცესი. ომი რომ რუსეთს სწრაფად მოეგო, მკაცრი ავტორიტარიზმის ნაცვლად ჩვენ პირდაპირ ტოტალიტარიზმში გავიღვიძებდით. თუმცა, უკრაინელების წარმოუდგენელმა სიმამაცემ და დასავლეთის აქამდე არნახულმა ერთიანობამ პუტინის და მასთან ერთად ბორენკას გეგმებიც არია.

რაც დრო გადის, ომის სასწორი მეტად იხრება უკრაინისკენ და ეს დინამიკა დიდი ალბათობით აღარც შეიცვლება. ლენდ-ლიზის აქტი, ამერიკის 33 მილიარდიანი დახმარება და ვაშინგტონსა და ევროპის დედაქალაქებში მიღებული მტკიცე გადაწყვეტილება - რომ პუტინი უნდა დამარცხდეს - ამის გარანტიაა! რაც თავის მხრივ ახალ მსოფლიო წესრიგს, დასუსტებულ რუსეთს, რეგიონში დემოკრატიის ახალ ტალღას და ამ ტალღის ავანგარდში გამარჯვებულ უკრაინას ნიშნავს. მოვლენების განვითარების ასეთი სცენარი საქართველოში ტოტალიტარიზმის დამკვიდრების შესაძლებლობას რადიკალურად ამცირებს. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მილიარდერი განზრახვაზე ხელს აიღებს, ჩვენ კი ხელის გაუნძრევლად თავისუფალი სამყაროს ნაწილი გავხდებით.

თუ ქართული საზოგადოება ბოლომდე და დროულად არ გამოფხიზლდა ხანგრძლივი ძილისგან და თავად არ იაქტიურა საკუთარი უფლებებისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ქვეყანა შესაძლოა კვლავაც დარჩეს, მართალია ბევრად დასუსტებულ, თუმცა მაინც რუსეთის ორბიტაზე, სადაც ოცნება ისევ მოძებნის ხელისუფლებაში უვადოდ დარჩენისა და ქვეყნის ტოტალური კონტროლის ფაზაში გადაყვანის შესაძლებლობას.

"მძინარე ერები ან ქრებიან, ან იღვიძებენ მონებად." - ათათურქის ეს სიტყვები თითქმის იდეალურად გამოხატავს ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას. ამიტომ, თუ არც გაქრობა გვსურს, და არც მონობა და თუ ქართული სახელმწიფოს ბედი თუნდაც ჩვენს პირად ბედისწერად და ისე კი გაცილებით უფრო მნიშვნელოვან ისტორიულ პასუხისმგებლობად მიგვაჩნია - დროა, გავიღვიძოთ! თორემ მძიმედ, ტრაგიკულად და მწარედ ჟღერს, მაგრამ გავიმეორებ - ან გავქრებით, როგორც ერი, ან გავიღვიძებთ, როგორც ისტორიის მიერ უკვე სანაგვე ყუთისთვის გამზადებული რაშისტული ორბიტის ტოტალიტარული სისტემის მონები!


close დახურვა