logo
ENG



პოდოლიაკი: საქართველო უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს, არ იკავებს მკაფიო პოზიციას

04 მაი 202201:57
3 წუთის საკითხავი
clock 1385

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ საქართველო უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს და არ იკავებს ისეთივე მკაფიო პოზიციებს, როგორიც აქვს დასავლეთს და აშშ-ს.

როგორც პოდოლიაკმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს მთავრობის პოზიცია, უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, უპირისპირდება დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას.

"ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის, და რა თქმა უნდა არა ხალხის, პოზიცია სრულებით აშკარად უპირისპირდება დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას. საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ბატონ ივანიშვილს, რომელიც მკაფიოდ წარმოდგენილი რუსი ოლიგარქია, და სამწუხაროდ უკვე დიდი ხანია აქვს გავლენა, დღევანდელ საქართველოს ხელისუფლებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ცოტა არ იყოს უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს. არ იკავებს ისეთივე მკაფიო და არაორაზროვან პოზიციებს, როგორიც აქვს ევროკავშირის ქვეყნებს და შეერთებულ შტატებს", - აცხადებს მიხაილო პოდოლიაკი. 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, აქვს თუ არა უკრაინას მტკიცებულებები დაზვერვის განაცხადთან დაკავშირებით, რომ რუსეთი აწარმოებს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, სანქციების გვერდის ავლის მიზნით, პოდოლიაკმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ინფორმაცია ექნებათ კომპანიებთან დაკავშირებით, მათ სახელებს აუცილებლად გამოაქვეყნებენ.

"რაც შეეხება დაზვერვის მონაცემებს, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია [რუსეთის] მიმდინარე მოლაპარაკებებზე სხვადასხვა ქვეყნებთან, იქნება ეს ბელარუსი და რუსეთი, საქართველო და რუსეთი, თუ სომხეთი და რუსეთი. ჩვენი საგარეო დაზვერვა აკონტროლებს ამ ყველაფერს.

ჩვენ გვესმის, რომ იქნება სანქციების გვერდის ავლის გარკვეული მცდელობები და თუ ეს მოხდება, რადგან ერთია ჩვენი ვარაუდი რომ ეს მოლაპარაკებები მიდის, და მეორე უკვე კონკრეტული კომპანიების სახელები, მაშინ, რა თქმა უნდა, როგორც კი მივიღებთ კომპანიების კონკრეტულ სახელებს, გვაქვს სანქციების კომისია, რომელიც აფასებს და აანალიზებს ყველაფერს, რაც ხდება სანქციების მიმართულებით, და რა თქმა უნდა, ამ კომპანიების სახელები გამოქვეყნდება.

ეს ისე შეიძლება იყოს მოწყობილი, რომ ამ ფანჯრით არა პირდაპირ რუსეთმა მიიღოს ფული ან კომპონენტები, არამედ ეს ქართული შუამავლით, ან ნებისმიერი სხვა შუამავლის მეშვეობით მოხდეს", - განაცხადა პოდოლიაკმა. 


close დახურვა