logo
ENG



ფინეთი, შესაძლოა, NATO-ს შეუერთდეს - რას ნიშნავს ნორდიკული ქვეყნის ალიანსში გაწევრიანება?

13 მაი 202215:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/13/fzfa8keans97he8.jpg

ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ და პრემიერმინისტრმა სანა მარინმა გუშინ, 12 მაისს ერთობლივად განაცხადეს, რომ NATO-ს სამხედრო ალიანსში ფინეთის გაწევრიანებას მხარს უჭერენ.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კი ასევე 12 მაისს განაცხადა, რომ სამხედრო ალიანსში ფინეთსა და შვედეთს თბილად მიიღებენ, თუ ისინი NATO-ს წევრობის განაცხადს გააკეთებენ.

ეს უკრაინაში რუსეთის აგრესიის კიდევ ერთი გაუთვლელი შედეგია - NATO-ს პარტნიორმა ქვეყნებმა, ფინეთმა და შვედეთმა, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებისგან თავს ათწლეულებია იკავებენ, სამხედრო ბლოკთან შეერთების განხილვა ახლა დაიწყეს.

ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა სამშაბათს 10 მაისს განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება ფინეთისთვის საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების დაცვის საუკეთესო გზაა. კომიტეტის თქმით, ეს ფინეთისადმი რუსეთის აგრესიის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად შეაკავებს.

თუ ფინეთი ალიანსის 31-ე წევრი გახდება, მას მოუწევს უერთგულოს ალიანსის პრინციპს: "ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის", რაც იმას გულისხმობს, რომ ერთ წევრზე თავდასხმის შემთხვევაში მას ყველა წევრი ქვეყანა დაეხმარება.

ფინეთი, რომელიც მეზობელ რუსეთთან საზღვრის 1 300 კმ-ს იზიარებს, უკრაინასთან ომის პირობებში რუსეთისგან საფრთხეებს ხედავს. NATO-ს წევრობა ნორდიკული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება. ამ ნაბიჯით ის უარს იტყვის იმ მრავალწლიან პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც სამხედრო ალიანსის გარეთ ყოფნა რუსეთისგან საფრთხეების თავიდან არიდების საუკეთესო გზად განიხილებოდა.

აღსანიშნავია, რომ ფინეთთან ერთად ალიანსის წევრობას განიხილავს მისი მეზობელი შვედეთიც, რომელიც ომში ბოლო 200 წელია არ ჩართულა. 

ორივე ქვეყანამ ცივი ომის დასრულებისას ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად მკაცრი ნეიტრალიტეტის პოზიცია ნაწილობრივ დათმო. 1995 წლიდან ისინი NATO-ს პარტნიორები არიან, მონაწილეობას იღებენ ალიანსის წვრთნებში და NATO-ს წევრებს დაზვერვის ინფორმაციას აწვდიან.

თუ ფინეთი და შვედეთი ალიანსს შეუერთდებიან, რუსეთი ბალტიის ზღვისა და არქტიკის მხრიდან მთლიანად NATO-ს ქვეყნებით იქნება შემოსაზღვრული.

ფინეთისა და შვედეთის წევრობაზე განხილვის დაწყებასთან ერთად კრემლისგანაც ისმის გამოხმაურებები. რუსეთი სამხედრო და პოლიტიკური შედეგებით იმუქრება, თუ ქვეყნები NATO-ს შეუერთდებიან.

ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის დღეს განაცხადა:

„რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე სამხედრო წარმომადგენლობა, თუ ჩვენ ამას დავუშვებთ, შექმნის კიდევ უფრო მზარდ და აბსოლუტურად მიუღებელ საფრთხეებს რუსეთისთვის“.

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი უკრაინის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგია და მოლაპარაკებებში მისი მხრიდან ეს მოთხოვნაც არაერთხელ დადგა, ალიანსის ახალი ქვეყნები რუსეთის აღმოსავლეთ საზღვართან პუტინის რეჟიმისთვის, სასურველი და სახარბიელო არ იქნება.

14 მაისს ფინეთის პრემიერმინისტრის სანა მარინის სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელიც პარლამენტში უდიდესი ჯგუფია, მოსალოდნელია, რომ NATO-ს წევრობის შესახებ ოფიციალურ პოზიციას საბოლოოდ დააფიქსირებს. ამავე დღეს ელიან შვედეთის პოზიციასაც პრემიერმინისტრ მაგდალენა ანდერსონისგან.

17 მაისს ფინეთის პრეზიდენტი ნიინისტე და მისი გუნდი შვედეთის მეფეს კარლ XVI გუსტავსა და შვედეთის დელეგაციას შეხვდება, რათა ალიანსის წევრობის საკითხი ერთობლივად განიხილონ.

თუ ორივე ქვეყნის ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ ალიანსის წევრობა სურთ, თითოეულს მოუწევს სამართლებრივი პროცესების გავლა და ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერა.

ფინეთ-რუსეთის ურთიერთობები

ფინეთის, ისევე როგორც შვედეთის, რუსეთთან ხანგრძლივი დაძაბული ურთიერთობა 17-18 საუკუნიდან იწყება, როცა რუსეთის იმპერიამ არაერთხელ სცადა ფინეთის დაპყრობა, რომელიც მაშინ შვედეთის სამეფოში შედიოდა. შვედეთმა ფინეთი რუსეთთან ბრძოლაში 1809 წელს დაკარგა, რის შემდეგაც 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფინეთი რუსეთის იმპერიის ავტონომიურ ნაწილად განიხილებოდა.

1917 წელს რუსეთში რევოლუციის არეულობის ფონზე ფინეთმა 9 დეკემბერს თავი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა.

1939 წელს სტალინის წითელი არმია ფინეთს დაესხა თავს, ამ პერიოდის შეტაკებები ზამთრის ომის სახელითაა ცნობილი. ამ ომში ფინეთმა საბჭოთა კავშირის შეტევები მოიგერია.

ფინეთი მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის მოკავშირე 1941-44 წლებში გახდა. ამ პერიოდში საბჭოთა კავშირთან ბრძოლაში მან ტერიტორიების 10% დაკარგა. 1944 წლის სექტემბერში დადებული მოსკოვის ზავის შედეგად კი ფინეთს ოკუპირებული ტერიტორიებიდან 400 000-მდე მოქალაქის იძულებით გადაადგილება (მოსახლეობის 11%) და ომის კომპენსაციის სახით 300 მილიონი დოლარის გადახდა მოუწია.

1948 წელს ფინეთმა რუსეთთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმებას მოაწერა ხელი, რამაც რუსეთზე მის ეკონომიკურ და პოლიტიკურ დამოკიდებულებას შეუწყო ხელი და ფინეთი სამხედრო კუთხით დასავლეთ ევროპისგან გათიშა.

ფინეთის ყველაზე ხანგრძლივი ვადით ხელისუფლებაში მყოფი პრეზიდენტი ურჰო კეკონენი (1956-1982 წწ.) კი მოსკოვთან მეგობრულ და ახლო ურთიერთობებზე კონცენტრირდა, რათა კონფლიქტის თავიდან არიდების ხარჯზე ქვეყანას დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინა - ეს ტაქტიკა ფინლანდიზაციის სახელითაა ცნობილი.

ათწლეულების განმავლობაში ფინეთი ინარჩუნებდა დამოუკიდებლობასა და დემოკრატიას, თუმცა საბჭოთა კავშირის ჩრდილ ქვეშ, რადგან კრემლს საკუთარ პოლიტიკაზე გავლენები გადასცა.

ფინლანდიზაციის მსგავსი მოდელი ცოტა ხნის წინ უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებშიც განიხილებოდა. თავად ფინელი პოლიტიკოსები კი უკრაინას ურჩევდნენ, არ დათანხმებოდა ამ მოდელს.

13 აპრილს ფინეთის ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ ფინლანდიზაცია ფინეთის შეურაცხყოფა იყო. მისი თქმით, საბჭოთა კავშირი მუდამ ერეოდა ქვეყნის შიდა საქმეებში და ფინეთი რუსული გავლენებისგან რეალურად დამოუკიდებელი არ ყოფილა, ამიტომ არც უკრაინამ და არც საქართველომ ფინლანდიზაციის გზა არ უნდა გაიარონ.

„არც იფიქროთ ამაზე. რაც არ უნდა მოხდეს, არ გადადგათ ეს ნაბიჯი. ფინლანდიზაცია იყო ფინეთის შეურაცხყოფა, ჩვენი ქვეყნის ისტორიის პერიოდი, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენეთ ჩვენი ღირებულებები, დასავლეთის ინსტიტუციები, რომელთან მიერთებაც გვსურდა, ასევე მედიის თავისუფლება.

ყველა, ვინც გეტყვით, რომ საქართველომ ან უკრაინამ უნდა გაიარონ ფინლანდიზაციის გზა, მათ უბრალოდ არ ესმით ისტორია და ვერ ხვდებიან, რას ნიშნავს იყო სუვერენული ქვეყანა, მაგრამ არ გქონდეს მოპოვებული დამოუკიდებლობა. ჩემი პასუხია - არ გადადგათ ეს ნაბიჯი“ - განაცხადა ალექსანდრ სტუბმა.

საბოლოოდ კი ცივი ომის დასრულების შემდეგ ფინეთი რუსეთის ჩრდილიდან გამოვიდა და 1995 წელს ევროკავშირს, 1999 წელს კი ევროზონას შეუერთდა.

ევროკავშირთან შეერთებითა და მისი საერთო თავდაცვის მუხლზე ხელის მოწერით, ფინეთის სტატუსი ფორმალურად ნეიტრალური ქვეყნიდან არცერთ სამხედრო ბლოკში გაწევრიანებულ ქვეყნად იქცა. ამ ეტაპზე ფინეთმა დასავლურ სამხედრო ალიანსში, NATO-ში, გაწევრიანებისგან თავი შეიკავა.

2020 წლამდე ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით ფინელების მხოლოდ 20%-ს სურდა ფინეთის NATO-ში გაწევრიანება. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მიაჩნდა, რომ მშვიდობის შენარჩუნება რუსეთთან მეგობრული ურთიერთობითა და ეკონომიკური კავშირებით იქნებოდა შესაძლებელი.

უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის შემდეგ ამ საკითხზე ფინელების დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. ფინური სამაუწყებლო კომპანია Yleisradio Oy-ს ჩატარებული უახლესი კვლევის მიხედვით, ფინელების 76% ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების მომხრეა, 12% კი მოწინააღმდეგე.

"NATO-ში გაწევრიანება გააძლიერებს ფინეთის უსაფრთხოებას. როგორც NATO-ს წევრი, ფინეთი გააძლიერებს თავდაცვის ალიანსს. ფინეთმა დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განაცხადი NATO-ში გაწევრიანებაზე. ვიმედოვნებთ, რომ ამ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ნაბიჯები სწრაფად, მომდევნო რამდენიმე დღეში გადაიდგმება", -  განაცხადეს ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერმა 12 მაისს. 

ფინეთის სამხედრო შესაძლებლობები

2022 წელს Global Firepower-ის მონაცემებით, ფინეთის სამხედრო ძალით 142 ქვეყნიდან 53-ე ადგილს იკავებს.

ცივი ომის დასრულების შემდეგ ფინეთმა ძლიერი ეროვნული თავდაცვა შეინარჩუნა, რის მთავარ საფუძველსაც სავალდებულო სამხედრო სამსახური და მოცულობითი კარგად გაწვრთნილი რეზერვი წარმოადგენს. ცივი ომისას ფინეთი მისი მთლიანი შიდა პროდუქტის 1.6%-ს ხარჯავდა თავდაცვაზე, 1990-იანი წლების დასაწყისში კი 1.9%-ს. ქვეყნის თავდაცვისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი მინიმალური 2001 წელს იყო (მშპ-ის 1.1%), მას შემდეგ კი 2012 წლამდე იზრდებოდა.

ფინეთი ახალ საბრძოლო სისტემებს დღემდე ყიდულობს და მუდმივად აახლებს არსებულ შესაძლებლობებს. მან 2012 წელს ამერიკისგან AGM-158 JASSM  რაკეტები იყიდა, 2014 წელს ნიდერლანდებისგან რამდენიმე რაკეტის ერთდროულად გამშვები სისტემები, K9 ჯავშნიანი ქვემეხები სამხრეთ კორეისგან და 2021 წელს F-35 საბრძოლო თვითმფრინავები აშშ-სგან შეიძინა.

ფინეთი აახლებს საზღვაო ძალებსაც და ამჟამად ძველი ხომალდების თანამედროვე სხვადასხვა დანიშნულების მქონე კორვეტებით [საბრძოლო ხომალდები] ჩანაცვლების პროცესშია.

ფინეთის სამხედრო თავდაცვა სავალდებულო სამხედრო სამსახურს ეყრდნობა - სისტემას, რომელზეც ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის შვედეთმაც ცივი ომის შემდგომ წლებში უარი თქვა.

ფინეთის კონსტიტუციის მიხედვით, 18-დან 60 წლამდე კაცები ვალდებულები არიან გაიარონ სამხედრო სამსახური, ქალებს კი მოხალისეობრივად შეუძლიათ მონაწილეობა. ფინეთის ჯარი ყოველწლიურად 22 000 ახალწვეულს წვრთნის, რაც ქვეყნის მოსახლეობის თითოეული ასაკობრივი ჯგუფის 2/3-ს ქმნის.

ფინეთის თავდაცვის ძალების აქტიური სამხედრო პერსონალი დაახლოებით 19 000 სამხედროს მოიცავს და დამატებით 3 000 ნახევრადსამხედრო სასაზღვრო დაცვას. თუმცა სავალდებულო სამსახურის დამსახურებით ქვეყანას დიდი სამხედრო რეზერვები აქვს. სრულად მობილიზებული საველე ჯარი 280 000-მდე სამხედროსგან შედგება. ფინეთს დამატებით რამდენიმე ასეული ათასი რეზერვისტი ჰყავს, ვინც შეტაკებების შემთხვევაში დანაკარგების შევსებას შეძლებს.

წელს ფინეთის თავდაცვის ბიუჯეტი 5.1 მილიარდ ევროს შეადგენს, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 1.9%-ს შეადგენს. ორი წლის წინ ეს რიცხვი 1.3% იყო. ბიუჯეტის სწრაფი ზრდა ახალი საბრძოლო თვითმფრინავების შეძენის გარდა, შესაძლოა, უკრაინაში ომითაც აიხსნას.

2022 წელს ფინეთის ჯარი დამატებით 700 მილიონ ევროს დაფინანსებას მიიღებს, 2023 წელს კი ბიუჯეტის გაზრდა 788 მილიონი ევროთია დაგეგმილი, რაც თავდაცვის ბიუჯეტის წილს მშპ-ში 2.2%-მდე აიყვანს.

ფინეთს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საარტილერიო სისტემა აქვს (1500 სისტემა) და მისი ჯარის მზადყოფნა და შესაძლებლობები მუდმივად ძლიერდება.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მოსახლეობის 84%-მა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზადაა, დაიცვას ქვეყანა. 2022 წლის მარტში ჩატარებული გამოკითხვისას კი გამოკითხულთა 75%-მა თქვა, რომ ფინეთმა თავი უნდა დაიცვას.

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ ფინეთში ეროვნული თავდაცვის სასწავლო კურსებზე მოთხოვნა უპრეცედენტოდ გაიზარდა. ფინეთის ეროვნული თავდაცვითი წვრთნების ასოციაციის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ყოველდღიურად მის კურსებზე საშუალოდ 700-მდე ადამიანი რეგისტრირდება, მაშინ როცა წარსულში დღიური საშუალო 150 ადამიანი იყო.

ეროვნული თავდაცვის გარდა ფინეთის თავდაცვის ძალები აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო კრიზისების მენეჯმენტშიც. ფინეთს ამჟამად 300 სამხედრო ჰყავს ლიბანში, კოსოვოში, ერაყში, მალიში, სომალიში, ხმელთაშუა ზღვასა და შუა აღმოსავლეთში. ფინეთი საერთაშორისო ოპერაციებში 1950-იანი წლებიდან მონაწილეობს.

მიუხედავად იმისა, რომ ფინეთს აქამდე NATO-ს მიღმა ყოფნა ჰქონდა გადაწყვეტილი, ის სხვა ტიპის თავდაცვით ურთიერთობებში იყო ჩართული. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მეზობელ შვედეთთან ორმხრივი ურთიერთობებია. ფინეთს და შვედეთს არ აქვთ ერთმანეთის მიმართ თავდაცვითი ვალდებულებები, მაგრამ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, მათ შორის საერთო სამხედრო ოპერაციების გამართვისა და ტერიტორიული დაზვერვის მიმართულებითაც. ფინეთს ასევე აქვს სამმხრივი ურთიერთობები შვედეთსა და ნორვეგიასთან. ამრიგად, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებით ალიანსის წარმომადგენლობა ბალტიის ზღვის გარდა არქტიკის რეგიონშიც გაძლიერდება.

ფინეთი - ნეიტრალური ქვეყანა?

როცა ვსაუბრობთ ევროპის უსაფრთხოებაში ფინეთის როლზე ვერ გავექცევით ნეიტრალიტეტის საკითხსა და მასთან დაკავშირებულ კითხვებს. არის თუ არა ფინეთი კვლავ ნეიტრალური ქვეყანა, რომელიც არცერთ სამხედრო ბლოკში არაა გაწევრიანებული? ყველაზე სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ფინეთი ბოლო 30 წელია აღარაა ნეიტრალური ქვეყანა. ფინეთი და შვედეთი NATO-ს სამშვიდობო პარტნიორობის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ, ევროკავშირს კი 1995 წელს, რამაც ორივე ქვეყანა დასავლური საზოგადოების ნაწილად აქცია. თუმცა 1990-იან წლებში და 2000-იანების დასაწყისში, ფინეთი ინარჩუნებდა არცერთ სამხედრო ბლოკში გაწევრიანებული ქვეყნის პოზიციას.

ფინეთი NATO-ს ერთ-ერთი ძლიერი პარტნიორია და მას რეგულარულად იწვევენ ალიანსის შეხვედრებზე. ფინეთს მონაწილეობა მიუღია არაერთ კრიზისის მენეჯმენტის ოპერაციაში და მას განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მუდმივად იწვევენ ალიანსის შეხვედრებზე.

ნორდიკული ქვეყანა ალიანსის ზღურბლთან მრავალი წელია დგას. მიუხედავად ამისა, ფინეთი ამ დრომდე არ განიხილავდა ალიანსის წევრობას. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ ფინელების დამოკიდებულება NATO-სადმი უპრეცედენტო სიჩქარით შეიცვალა. იმავე სისწრაფის იყო ფინეთის ხელისუფლების პასუხი საზოგადოების დამოკიდებულების ცვლილებაზე.

ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფინელი მკვლევარი, ჰელია ოსსა აცხადებს, რომ NATO-ს შესახებ ბოლო პერიოდის დებატები ფინეთში იმ გეოპოლიტიკური რყევის მასშტაბებს გვიჩვენებს, რაც რუსეთის აგრესიამ და არაპროგნოზირებადობამ გამოიწვია: მარტო ვეღარავინ გადარჩება და ეს განსაკუთრებით მართალია პატარა ქვეყნების შემთხვევაში.

NATO-ში გაწევრიანების პროცედურა

NATO-ს ოფიციალური პირების თქმით, ბიუროკრატიული პროცედურები გამარტივების მიზნით, უმჯობესი იქნება, თუ შვედეთი და ფინეთი წევრობის განაცხადს ერთად წარადგენენ.

იმ ფონზე, როცა სხვა წევრობის მსურველების, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს მხრიდან წევრობის მოთხოვნა მას შემდეგ დადასტურდება, რაც ისინი შესაბამის რეფორმებს გაატარებენ, ფინეთი და შვედეთი იმ წარმატებულ დემოკრატიულ ქვეყნებადაა მიჩნეული, ვისი ჯარიც NATO-ს სტანდარტებს შეესაბამება.

წევრობის შესახებ მოლაპარაკებები სავარაუდოდ ბრიუსელში ალიანსის შტაბში გაიმართება და NATO-ს დამფუძნებელ ვაშინგტონის ხელშეკრულებასთან შესაბამისობის შემთხვევაში შესაძლოა, თითოეული ქვეყნისთვის მოლაპარაკებებს მხოლოდ თითო დღე დასჭირდეს.

NATO-ს წევრობის მოლაპარაკებების ფარგლებში ჰელსინკისა და სტოკჰოლმის ოფიციალურ წარმომადგენლებს დაუსვამენ კითხვებს NATO-ს კოლექტიური თავდაცვის პრინციპისადმი ერთგულების შესახებ, რომლის მიხედვითაც ერთზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს.

წევრობის მსურველ ქვეყნებს მოუწევთ NATO-ს ბიუჯეტისთვის ფინანსები გამოყონ, მიიღონ მონაწილეობა NATO-ს თავდაცვის დაგეგმარებაში და უერთგულონ გასაიდუმლოებული ინფორმაციის დაცვის წესებს.

ალიანსის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული ბოლოდროინდელი განცხადებებიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ 30 მოკავშირე ქვეყანა ფინეთისა და შვედეთის წევრობას დათანხმდება, რითაც ეს ორი ქვეყანა ავტომატურად მიიღებს დამკვირვებლის სტატუსს და ყველა საერთო შეხვედრას დაესწრება. თუმცა, წევრობის დადასტურებამდე NATO-ს კოლექტიური თავდაცვის გარანტიები მათ არ შეეხებათ.

იმისთვის, რომ ქვეყანა NATO-ში მიიღონ, ალიანსის ყველა ქვეყნის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ქვეყნის წევრობა. ეს შესაძლოა 4 თვიდან 1 წლამდე პერიოდი გაგრძელდეს. ხანგრძლივობა თითოეულ ქვეყანაში ბიუროკრატიულ პროცესებზეა დამოკიდებული.

ყველა ქვეყნის დასტურის შემდეგ წევრობის მსურველმა ქვეყნებმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს "წევრობის საბუთები" უნდა გაუგზავნონ. ვაშინგტონის ხელმოწერის შემდეგ კი ქვეყნები საბოლოოდ გახდებიან NATO-ს წევრები.

---

ავტორი: ნია აფციაური


close დახურვა