logo
ENG



გაგლოევი ცხინვალის რუსეთთან შეერთების მომხრეა, თუმცა არ იცის, დადგა თუ არა ამის დრო

14 მაი 202221:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/14/te6qt5mjav5gu8l.jpg

ოკუპირებული ცხინვალის ახლად არჩეული ე.წ პრეზიდენტი ალან გაგლოევი აცხადებს, რომ "რესპუბლიკის" რუსეთის ფედერაციასთან შეერთებას მხარს უჭერს, თუმცა არაა დარწმუნებული, რომ მოქმედმა ე.წ პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა "რეფერენდუმის" გამართვისთვის სწორი დრო შეარჩია.

„მე, როგორც ჩემი მამულის შვილი და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, სრულად ვუჭერ მხარს დაყოფილი ოსი ხალხის გაერთიანებას ერთიანი რუსეთის ნაწილად. სხვა საკითხია დადგა თუ არა ის ისტორიული მომენტი, როცა საჭირო იყო განკარგულების გამოცემა რეფერენდუმის დანიშვნაზე და მისი გამართვის დაჩქარება." - განაცხადა ალან გაგლოევმა. 

გაგლოევის თქმით, ოკუპირებული ცხინვალის მიერთება რუსეთთან ოსი ხალხის დიდი ხნის ოცნებაა, "რისი განსახიერებაც მოსახლეობის მხრიდან საკუთარი სიცოცხლის დათმობა იყო". გაგლოევის განცხადებით, 1992 წლის რეფერენდუმში რუსეთთან გაერთიანებას მხარი მოსახლეობის 98%-ზე მეტმა დაუჭირა.

გარდა ამისა, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ როგორც რუსეთის სანდო მოკავშირე ოკუპიებული ცხინვალი ვალდებულია რუსეთთან დადებულ თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების 1-ლ მუხლს დაემორჩილოს და ისეთ საკითხებზე, რაც ორივე მხარის ინტერესებში შედის გადაწყვეტილებები რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობით მიიღოს.

გაგლოევმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა წინა ე.წ პრეზიდენტს "რეფერენდუმის" თარიღი მასთან არ შეეთანხმებინა, „როცა იცოდა, რომ მას [გაგლოევს] მოუწევდა რეფერენდუმისთვის მთელი რიგი ზომების მიღება და თანაც პერსონალის ცვლილების პერიოდში“.

ის აცხადებს, რომ ე.წ რეფერენდუმის გამართვამდე კონსულტაციებს რუსეთის ხელისუფლებასთან გამართავს და დააკვირდება საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს. 

„იფიქრა ბიბილოვმა რეფერენდუმისთვის მზადების ხარისხზე და ამ სიტუაციაში მის შედეგებზე? ჩემი მხრივ, მე მინდა დავარწმუნო სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა - ალანიის სახელმწიფო, რომ ჩემი ქმედებები გამოცხადებულ რეფენრენდუმთან დაკავშირებით მიმართული იქნება საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დაკვირვებისკენ და რუსეთის ფედერაციასთან კონსულტაციების გამართვასა და შეთანხმებების დანერგვისკენ“, - განაცხადა თვითღიარებულმა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა "რესპუბლიკის" რუსეთთან მიერთების "რეფერენდუმის" ჩატარებას ხელი მოაწერა. ინფორმაცია ბიბილოვის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებული ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში ანატოლი ბიბილოვი ალან გაგლოევმა დაამარცხა. მან ხმების 56.09% მიიღო.


close დახურვა