logo
ENG



კობახიძე: ენმ, NGO-ები, გვარამია და მათი უცხოელი ლობისტები არიან ანტიევროკავშირი

17 მაი 202211:43
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ განაჩენს გამოეხმაურა. კობახიძე ამბობს, რომ გვარამიას განაჩენის მიმართ კრიტიკა უსაფუძვლოა.

ბრიფინგზე მან რამდენჯერმე ახსენა, რომ ნაციონალური მოძრაობა, "მათი სატელიტი პარტიები, მაშინდელი პრეზიდენტი, სახალხო დამცველი, უცხოელი ლობისტები" შეთანხმებულად მოქმედებენ.

"ეს ადამიანები არიან ბაკურიანის ცნობილი შეხვედრის მონაწილეები, ახალი შულავერის კომიტეტი, "ომისა და ღალატის პარტია", რომლისთვისაც უსამართლობა, ტელევიზიების მიტაცება და სასამართლოზე ზეწოლა მიღებული პრაქტიკაა. ნაციონალური მოძრაობა, მისი სატელიტი პარტიები, მისი კუთვნილი მედიასაშუალებები, ენჯეოები და უცხოელი ლობისტები ხმაშეწყობილად მოქმედებენ სამართლის უზენაესობის, მართლმსაჯულების, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მედიასაშუალებების წინააღმდეგ, რათა, სამომავლოდ, პოლიტიკური წარმატების თუნდაც თეორიული შანსი შეინარჩუნონ.

ბოლოს, უსათუოდ უნდა გამოვეხმაუროთ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ ტოლობის ნიშანი დასვან გვარამიას არდასჯასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის. მათ პასუხად, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ევროკავშირი არ არის კორუფცია, ძარცვა და უსამართლობა, არამედ ევროკავშირი სწორედ სამართლის უზენაესობა და კორუფციისგან თავისუფალი საზოგადოებაა. შესაბამისად, სწორედ ნაციონალური მოძრაობა, ენჯეოები, გვარამია და მათი უცხოელი ლობისტები არიან, თავისი არსით, ანტიევროკავშირი", - თქვა კობახიძემ.


close დახურვა